(საზოგადოება)შაშიაშვილი: ვისურვებდი, ხელისუფლება აჭარის ძირძველ მოსახლეობას მეტ პატივს სცემდეს -„თეთრების” ლიდერი აჭარელი გმირის მთაწმინდაზე გადასვენებას მოითხოვს

„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს აჭარაში მონაწილობა მიიღო ეროვნული გმირის სელიმ ხიმშიაშვილის თავის მოკვეთის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
„თეთრების“ ლიდერი, „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრებთან და აჭარის ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია სელიმ ხიმშიაშვილის მშობლიურ სოფელს ნიგაზეულს. სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული გმირის სახლ-მუზეუმი, შეხვდნენ მის ნათესავებს, სოფლის მცხოვრებლებს და ადგილობრივ ტაძარში დაესწრენ მისი ხსოვნისადმი საგანგებოდ გადახდილ პარაკლისს. მუსლიმი ქართველებისადმი პატივისცემის ნიშნად, სტუმრები ასევე ეწვიენ სოფლის მეჩეთს. შეხვდნენ სოფლის სკოლის მოსწავლეებს, შუახევის სოფელ ხიჭაურში აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს.
„ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ მუხლი მოვიდრეკე ეროვნული გმირის საფლავის წინაშე. ჩემთვის ღრმად დამაფიქრებელია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის არ არის ცნობილი ამ პიროვნების დიდი ქართული მოღვაწეობის შესახებ. ისტორიულად ცნობილია, რომ სელიმ ხიმშიაშვილი თავად ჩაბარდა ოსმალოებს, რათა თანასოფლელები დაეხსნა აწიოკებისგან. ის შეიძლება ისტორიაში სელიმ თავდადებულის სახელითაც შევიდეს. სიკვდილით დასჯამდე მის მიერ წარმოთქმული სიტყვები :“მე მჭრით თავს მაგრამ გეტყვით გურჯისტანი სამუდამოდ ოსმალოს არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ“ მხოლოდ დიდი რწმენისა და ძალის კაცს, დიდ პატრიოტს შეეძლო ეთქვა. ჩვენმა შთამომავლობამ უნდა იცოდეს იმ ადამიანების შესახებ, რომელთა სიცოცხლის ფასად მოაღწია დღემდე საქართველომ“- განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.
თემურ შაშიაშვილის თქმით, მან ეროვნული გმირის საფლავზე, რამდენიმე სკოლის დირექტორისგან შეიტყო რომ არც ერთ სასწავლო სახელმძღვანელოში სელიმ ხიმშიაშვილის გვარიც კი არ არის ნახსენები… უფრო მეტიც, დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთი ხელისუფალი მის საფლავზე არ არის ნამყოფი.
„თეთრების“ ლიდერი მიესალმება „ქართული ერთობის დარბაზის“ კონგრესის ბათუმის სესიის გადაწყვეტილებას, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ნეშტი გადასვენებული იქნას მთაწმინდაზე. ასევე აჭარის ძირძველი მოსახლეობის მოთხოვნას, ბათუმში დაიდგას მებრძოლი გმირის მემორიალი. მისი თქმით, მარტო ერთ დღეში ხელისუფლებისადმი ამ მოთხოვნით პეტიციას 3 000 ზე მეტმა აჭარელმა მოაწერა ხელი.„გასაკვირია, რომ საქმე პეტიციამდე მივიდა და არაერთი საქართველოში ამას ხსნის იმ საბაბით, თურქეთს არ ვაწყენინოთო, მაშინ როცა თვით თურქეთში ყოველწლიურად აღინიშნება ოსმალეთის იმპერიისაგან თურქეთის განთავისუფლების დღე. დარწმუნებული ვარ 3000 მეტი ხელმოწერა, რომელიც სულ ერთი დღის განმავლობაში გაკეთდა ბათუმში, გახდება საფუძველი იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაძლიოს შიში და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც აჭარის ძირძველ მოსახლეობაშია. საერთოდ ვისურვებდი, რომ ხელისუფლების მხრიდან მეტი პატივისცემა იყოს აჭარის ძირძველი მოსახლეობისადმი და ნაკლები აღფრთოვანება აჭარაში საცხოვრებლად უცხოელ ჩამოსახლებულთა მიმართ – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
დღესვე, ქართული ერთობის დარბაზის წევრებმა ხიმშიაშვილების გვარის წარმომადგენლებს, სკოლის დირექტორს, შაქრო ხიმშიაშვილს და მუზეუმის დირექტორს ელგუჯა ხიმშიაშვილს პატივდების სიგელები გადასცეს.
წყარო: http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=29885



