საქვეყნო კაცი

 

1403527773_revaz-misvelazeრეზო მიშველაძეზე უბრალოდ და მარტივად ვერ იტყვი. ამას მასთან მეგობრობის მრავალწლიანი გამოცდილებით ვამბობ. დიდ შემოქმედებით ნიჭთან ერთად, მეგობრობის პასუხისმგებლობის დიდი ნიჭიც აქვს.  ზუსტად ისეთი, როგორიც ისტორიულად და ტრადიციულად აქვთ ნიჭიერ შემოქმედთ.

რეზო მიშველაძე დიდ ადამიანურ კეთილშობილებამდე მწარეა მეგობრობაში. ისეთივე მწარე, უღალატო და ერთგულებით სავსე, როგორიც ოტია იოსელიანი იყო. როგორც ჩანს, ამიტომაც ჰქონდათ დიდი მეგობრობა.

ღალატით სავსე, აწეწილ-დაწეწილ საქართველოში მეგობრობაც ძნელი გახდა. გინდა, რომ ქვეყანას ბევრი ჰყავდეს სახელწმიფო კაცი და ისინი მეგობრობის, საქვეყნოდ განწყობის მეგობრობის მაგალითს გვაძლევდნენ. როგორც ჩანს, ეს ძნელია და დიდი კაცების დაპირისპირებაში პოლიტიკოსების მწარე ხელიც ურევია. ხალხზე ბატონობის სურვილით დაავადებულ პარტიებსა და პოლიტიკოსებს არ აწყობდათ არც მწერალთა ერთობა არც მხატვართა, არც თეატრალთა, არც მუსიკოსთა, საერთოდ, ხელოვანთა ერთობა. დაშალეს  შემოქმედებითი კავშირები,  დააპირისპირეს  შემოქმედნი, სწორედ ამ გზით შეძლეს ხალხისთვის საქართველოს წართმევა.

გულდასაწყვეტია, რომ ისტორიულად და ტრადიციულად ძლიერი ქართული ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა დუმილი ამჯობინა  და პოლიტიკოსებს დაგვითმო საქართველო. ამის გამოა, რომ თავზე გვექცევა ქვეყანა.

ღვთის წყალობით, არიან, კიდევ არიან დიდი შემოქმედნი, როგორც ერის მამა ილია ჭავჭავაძე იტყოდა, „სახელმწიფო კაცები“, რომელნიც არ და ვერ ეგუებიან ამ დამანგრეველ და მომაკვდინებელ განწყობას. რეზო მიშველაძე ასეთად წარმომიდგენია.

საქვეყნო კაცია.

ვცდილობდი არ მეთქვა. როგორც ჩანს, ვერ ვახერხებ. ვამბობ იმიტომ,რომ ეს ჩვენი ტრაგიკული წარსულია და თაობებმა უნდა იცოდნენ, რის და ვის ფასად ვართ დღეს და რა პასუსიხმგებლობით უნდა ვიყოთ ჩვენი სათაყვანებელი ქვეყნისა და ერთმანეთის მიმართ.

1993 წლის სოხუმის ბრძოლების დღეებში მირეკავს ბატონი ოთარ ფაცაცია, რომელიც მაშინ ქვეყის პრემიერ-მინისტრი იყო და მეუბნება: „მოვფრინავ ქუთაიში, ჩემთან ერთად არის ბატონი რეზო მიშველაძე. მისი შვილი დაიღუპა ბრძოლებში. მან არ იცის. ვერავინ ვეუბნებით. ჩამოასვენებენ ქუთაისის საავტომობილო ქარხნის საავადმყოფოში. გთხოვ, დაგვხვდე და ბატონ რეზოსთან ყოფნა შემდგომ შენ გააგრძელე“.

თავზარდამცემი იყო, რაც მოვისმინე. ბატონ რეზოსთან ვმეგობრობდი. ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მაყენებდა. ერთად წავედით საავადმყოფოში. მე ვნახე მოსიყვარულე მამა და ქვეყანაზე შეყვარებული შეუდრეკელი, კლდესავით მდგომი ქართველი.

დიდმა მწერალმა ჭაბუა ამირეჯიბმა, ჩვენი დედაუნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ნოდარ ამაღლობელმა, ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა, გამორჩეულმა მწერალმა, კრიტიკოსმა რეზო მიშველაძემ და არაერთმა ხელოვნებისა და მეცნიერების დიდოსტატმა, მათმა ოჯახებმა, სისხლის ფასად დაიცვეს საქართველო და ჩემთვის ათასგზის გასაგებია, როგორი მწარე იყო მათთვის იმის გაცნობიერება, რომ ამ საქართველოზე პოლიტიკოსთა ვიწრო ჯგუფები გაბატონდნენ და ებრძვიან  ყოველგვარ ქართულს და იმდენად ემონებიან თავიანთ უცხო პატრონებს, რომ ისიც ავიწყდებათ, რომ „ქართული“ ოდითგან პლანეტარულს ნიშნავდა, როგორც ეს ასე ღონიერად გვითხრა თავის ბოლო წერილში „ჯარისკაცის მამამ“, რეზო ჩხეიძემ.

შეიძლება ბევრმა იფიქროს, იუბილეზე ასე არ საუბრობენო. მაგრამ ფაქტი სწორედ ის არის, რომ ჩვენი წინაპრებისათვის ყოველი იუბილე ქვეყანაზე ფიქრი იყო და არა იუბილარის ქება-დიდება. რეზო მიშველაძის ქება-დიდება მისი წიგნებია, მისი განვლილი გზაა, მისი ცხოვრების წესია და მას დითირამბები არ სჭირდება.

ამ წერილს ყველასათვის საყვარელ, დიდ ეროვნულ ქალაქში, რეზო მიშველაძის მშობლიურ ქალაქში ვწერ და აქედან საქვეყნოდ ვამბობ ვამბობ იმას, რაც ბატონ რეზოს რიონის ნაპირზე ვუთხარი რამდენიმე ხნის წინ: მე იმ ადამიანებთან ვდგევარ, ვინც ქართული მწერლობისაგან, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნებისაგან, დიდი შემოქმედებისაგან  სწავლობს, რომ დღეს დიდი დაფიქრების დრო, საქართველოსათვის დიდი ქართული ტოლერანტობით მოქმედების დროა.

 

რწმენით, იმედით

თეიმურაზ შაშიაშვილი

ქუთაისი. 4 ივნისი, 2015 წელი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *