(reportiori)თემურ შაშიაშვილი: ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსის მონოპოლიზება დაუშვებელია

„რეპორტიორის” პრესკლუბში პარტია „თეთრების” ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა  ზურაბ ხასიამ ქვეყანაში არსებულ საარჩევნო სისტემაზე ისაუბრეს.  შაშიაშვილი აცხადებს, რომ „თეთრები” არ იზიარებენ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალების პოზიციას  საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ საარჩევნო სისტემაზე უნდა მუშაობდნენ მეცნიერებათა აკადემიის წევრები და პროფესიონალები.

„პარტია „თეთრების” პოლიტიკურმა საბჭომ მე, პარტიის თავმჯდომარეს და პარტიის გენერალურ მდივანს ბატონ ზურაბ ხასიას, დაგვავალა, გამოგვეთქვა ჩვენი მოსაზრებები არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. დღეს ერთმანეთის მტრად ქცეული პოლიტიკური ძალები ერთიანდებიან და ქვეყანაში ისევ რადიკალიზმი იმარჯვებს. ჩვენს პარტიაში მოღვაწე მეცნიერებასთან, ხელოვნებასა და კულტურასთან დაკავიშრებულმა  ადამიანებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ ქვეყანაში ძლიერდება პოლიტიკური რადიკალიზმი.  დამოუკიდებელი საქართველო ცხოვრობს რადიკალიზმით და 1992 წლიდან მოყოლებული პოლიტიკოსები ქუჩიდან მოდიან. ქვეყანაში რადიკალიზმის მომხრე არის  მოსახლეობის 10% და პარტიების 90 % – შესაბამისად გამოვიდა, რომ ქვეყანა რადიკალების ხელშია. 

ამის გათვალისწინებით გვსურს, ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ და თავიდანვე განვაცხადოთ, რომ არ ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომელიც სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალებს აქვთ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მეორე დაპირისპირებული ძალის მიერ გაკეთებული განცხადებები.  ვთვლით, რომ  ერთიც და მეორეც დამღუპველია ქვეყნისთვის. ჩვენი პოლიტიკური საბჭოს აზრით, პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყანაში დაკარგეს ზომიერება და ეს გათავხედება ძალიან მძიმედ დააწვება ქვეყანას. ვეთანხმები ჩვენი პარტიის მეცნიერთა მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი გაამარგინალა და გააბოროტა, ხოლო მეორე ნაწილი გააფეტიშა. დღეს ქვეყანაში ამ ორი ძალის ჭიდილია, ეს ისევ რადიკალიზმია. საარჩევნო კოდექსი უნდა იყოს ხალხისთვის, მისი მონოპოლიზება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, თუნდაც ხელისუფლების მიერ დაუშვებელია. ხალხს უნდა გავაგებინოთ მთავარი, რომ საარჩევო სისტემა არის ხალხის, ხალხმა უნდა იცოდეს, რა საარჩევნო სისტემა გვაქვს. პოლიტიკური პარტიები არ უნდა ადგენდნენ მას, საარჩევნო სისტემაზე უნდა მუშაობდნენ პროფესიონალები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები.  ჩვენი პოზიცია ამ მიმართულებით გამოკვეთილი და ცალსახაა. 

დღეს ხელისუფლებაში არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მოქმედებენ იმის საწინააღმდეგოდ, რასაც რამდენიმე წლის წინ თავად მოაწერეს ხელი.  პიროვნებები, რომლებსაც სურთ ამერიკული მოდელი, ებრძვიან მაჟორიტარულ სისტემას, ამ დროს ამერიკა არის მაჟორიტარულ სისტემაზე აგებული ქვეყანა. ესენი მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ შევიდნენ პარლამენტში და არა კოდექსზე, რომელიც ქვეყნისთვის საუკეთესო იქნება. 

მე მიამჩნია, რომ ქვეყანა ეკუთვნის ხალხს, ქვეყანა ეკუთვნის მოაზროვნე ადამიანებს და არა პარტიებს და პოლიტიკოსებს.  ეს სისტემა უნდა დამთავრდეს. მე არ ვამტკიცებ, რომ მხოლოდ მაჟორიტარულ სისტემაშია გადარჩენა, მე არ ვამტკიცებ, რომ პროპორციულ სისტემაშია გადარჩენა, მე ვსაუბრობ ფაქტებზე, დღეს ქვეყანას არ ჰყავს სერიოზული პოლიტიკოსები”,- აცხადებს შაშიაშვილი.

წყარო: http://reportiori.ge/?menuid=2&id=68275

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *