(sazogadoeba)თემურ შაშიაშვილი: მძიმეა, რასაც ვამბობ, მაგრამ ამის დამალვას ღმერთი არ გვაპატიებს

„ვიყავი და ვრჩები იმ აზრზე, რომ ეს იყო საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, ეს იყო ქართულ – აფხაზურ ურთიერთობათა მტრობა, მეტიც – დიდი მტრობა. თუნდაც იმიტომ, რომ შანსი მშვიდობიანი მოგვარებისა ჯერ კიდევ არსებობდა. – ასე ეხმაურება „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი აფხაზეთის ომის დაწყების თარიღს. მისი თქმით უკანასკნელ ხანებში აფხაზეთის პოლიტიკის გავლენიან ფიგურებთან ურთიერთკეთილგანწყობილი შეხვედრებისა. სატელეფონო საუბრების დროს ხაზგასმით იყო ამაზე საუბარი.
„1992 წლის 15 აგვისტოს თბილისიდან სოხუმს გავემგზავრეთ (არ მინდა ვინმე გამომრჩეს) ბატონები გოგა ხაინდრავა, ივლიანე ხაინდრავა, დავით ბერძენიშვილი, გუბაზ სანიკიძე და მე. სოხუმის გარეუბანში ე.წ. სამთავრობო რეზიდენციაში შევხვდით აფხაზეთის პარლამენტის ქართულ ჯგუფს, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს დღევანდელ თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ თავმჯდომარეს, ბატონ გია გვაზავას. იქ იყო ბატონი თენგიზ კიტოვანიც, რომელმაც, როგორც იქვე დადასტურდა, სახელმწიფო საბჭოს დანარჩენ სამ ხელმძღვანელთან (ედუარდ შევარდნაძე, თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი) შეუთანხმებლად მიიღო ეს დამანგრეველი გადაწყვეტილება.
ორმოცდაათამდე კაცს, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩვენი იქ ყოფნის დროს სამთავრობო ტელეფონით დარეკა შევარდნაძემ. ყურმილი გოგა ხაინდრავამ აიღო. შევარდნაძე ითხოვდა კიტოვანთან დალაპარაკებას, რაზეც კიტოვანმა უარი განაცხადა:“ვიცი მეტყვის, რატომ შეიყვანე ჯარი და მოითხოვს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებასო“ თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, ომი პრაქტიკულად დაწყებული იყო და მისი შეჩერება იმ ეტაპზე შეუძლებელი, რაც დადასტურდა ჩვენი შეხვედრის დროს აფხაზურ მხარესთან, რომლის შემადგენლობაში ვლადისლავ არძინბას გარდა ყველანი იყვნენ აფხაზეთის მაშინდელი მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი ბაღაფში და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი.“ – აცხადებს თეთრების ლიდერი.
მისივე თქმით, მაღალი რანგის ქართველი სამხედრო ოფიცრები უდიერად მოექცნენ აფხაზეთის სახელმწიფო დროშას და პრაქტიკულად გაანადგურეს სამხედრო შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა.
„მძიმეა, რასაც ვამბობ, მაგრამ ამის დამალვას ღმერთი არ გვაპატიებს. ისევე, როგორც ღმერთი არ აპატიებს აფხაზურ მხარეს, თუ ისინიც არ მოინანიებენ , არ აღიარებენ ქართველებისა და საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ არაადამიანური დამოკიდებულების არაერთ ფაქტს. ღმერთი არ აპატიებთ იმასაც, თუ ყველაფერი სწორად და ზუსტად არ ითქმება ჟიული შარტავას წამებით მოკვლასთან დაკავშირებით. მხოლოდ სინანულს, გულწრფელობას, შეცდომათა აღიარებას შეუძლია აფხაზის, როგორც ეროვნების გადარჩენა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



