(რეპორტიორი) თემურ შაშიაშვილი: თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული კანონი იყო ანტიკონსტიტუციური

news_72292პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუნდაც ამ სიტუაციაში და ამ დროს მისი მიღება, აშკარად  პოლიტიზებულია, ადასტურებს მნიშვნელოვან რამეს, რომ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებული კანონი იყო ანტიკონსტიტუციური. რაც მოხდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საბოტაჟია, ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის სუსტი.

 ჩვენ  „ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას ვითხოვდით იმისათვის, რომ მან შექმნა დანაშაულებრივი მმართველობის სისტემა (და არა დანაშაული იყო სისტემური), იმისათვის, რომ მან გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს. აჟიოტაჟი არის რადიკალიზმის გაგრძელება, იმ რადიკალიზმის, რასაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ეწირება საქართველო. ეს აჟიოტაჟი  მიმართულია მოაზროვნე და ეროვნული ცნობიერების ადამიანების წინააღმდეგ და გზას აძლევს როგორც „ნაციონალების” რადიკალიზმს, ასევე „ოცნების” რადიკალიზმს და განსაკუთრებით  სკამისმაძიებელთა ახალი რადიკალური ძალების გააქტიურებას. ეს, პრაქტიკულად, ქუჩის პოლიტიკის გაგრძელებაა. ასეთ შემთხვევაში  ნაცვლად სერიოზული ანალიზისა, წარმოუდგენელი სიმაღლე აიღო დაპირისპირებულ ძალთა ანტისახელმწიფოებრივმა  გადაძახილმა ერთმანეთს შორის დაწყებული  ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყების მოწოდებით და დამთავრებული ყველა მოსამართლის და „ნაციონალური მოძრაობის” მთელი შემადგენლობის დაპატიმრებით. ერთიც და მეორეც სკამისთვის ბრძოლის რადიკალიზმია და არა ქვეყანაზე ფიქრი. პირდაპირ ვთქვათ,  სახეზეა სამოქალაქო დაძაბულობის ძალიან სერიოზული სიმპტომები.

 დამაფიქრებელია, როგორ ემთხვევა ერთმანეთს ამ მოკლე პერიოდში ბევრი  რამ, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. არ გამოვრიცხავ, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო საბოტაჟთან, რომელშიც ჩართული არიან არა მარტო ყოფილი, არამედ დღევანდელი ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები.

 ცალკე თემაა პროკურატურის როლი შექმნილ ვითარებაში. გვსურს თუ არა ეს და უნდოდა თუ არა მას ეს, უნდა ვაღიაროთ, რომ პროკურატურა პრაქტიკულად  თანამონაწილე გახდა ამ მეტად მძიმე  ანტისახელმწიფოებრივი პროცესების.

 ხალხი რეალურად ითმენს იმას, რისი მოთმენაც დანაშაულია. ცხრა წელი ვითმინეთ  დიქტატურა და ტაში და ქება-დიდება არ დავაკელით ბუტაფორიული სახელმწიფოს მშენებლობის ავტორებს. ხალხი ოთხი წელია ითმენს ახალი ხელისუფლების უნიათობასა და უსუსურობას. თუ დღევანდელმა მთავრობამ არ იცის, რომ პროკურატურას დღესაც  გათავხედებული ყოფილი პროკურორი მართავს, მაშინ იმაზე უსუსური ყოფილა, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია და თუ იცის, რომ ეს ასეა და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, კიდევ უფრო უარესი.

 სადაა  გამოსავალი? მომენტის გამოსავალზე ვსაუბრობ. უნდა აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით.  დათხოვნილ მიქნას პროკურატურის ხელმძღვანელობა და  დაიწყოს პროკურატურის სრული წმენდა, რომელიც მონაწილე და ხელისშემწყობი გახდა ამ საქმის.

 თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ისევ ყალბ გმირებს შევქმნით, არაკაცებისაგან გმირებს შევქმნით, როგორც ეს დღეს რეალურად  ხდება (ეს ეხება არა მარტო ციხეში მჯდომ  ცნობილ ნაციონალებს, არამედ  უამრავ პოლიტიკოსს, რომლისთვისაც ეს მომენტი პოლიტიკური პოპულარობის საყრდენი ხდება)… ხელს შევუწყობთ რევანშისტულად განწყობილი „ნაციონალების” ბოროტი ძალების აღზევებას. ეს სამოქალაქო დაპირისპირების გზაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *