(geonews) ეს აჟიოტაჟი გზას აძლევს როგორც „ნაციონალების“ , ასევე „ოცნების“ რადიკალიზმს – თემურ შაშიაშვილი

რაც მოხდა, კარგია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გასააზრებლად, შემაშინებელია ატეხილი აჟიოტაჟი, – აცხადებს  „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუნდაც ამ სიტუაციაში და ამ დროს მისი მიღება, აშკარად პოლიტიზებულია და ადასტურებს თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული კანონი იყო ანტიკონსტიტუციური. იმასაც ადასტურებს, რომ რაც მოხდა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს საბოტაჟია, ადასტურებს იმას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის უსუსური.  ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ვითხოვდით იმისათვის, რომ მან შექმნა დანაშაულებრივი მმართველობის სისტემა (და არა დანაშაული იყო სისტემური) , იმისათვის, რომ მან გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს. ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ეს არათუ ვერ შეძლო (თუმცა საარჩევნო დაპირება მისცა ხალხს) , არამედ, სამწუხაროდ, თვითონვე იქცა „ნაციონალების“ დანაშაულებრივი მმართველობის გაგრძელებად”, – „ – აცხადებს თეთრების ლიდერი.

თემურ შაშიაშვილის აზრით, არანაკლებ საშიშია ამ მოვლენის გამო ატეხილი აჟიოტაჟი. ეს აჟიოტაჟი გზას აძლევს როგორც „ნაციონალების“ რადიკალიზმს , ასევე „ოცნების“ რადიკალიზმს და განსაკუთრებით სკამისმაძიებელთა ახალი რადიკალური ძალების გააქტიურებას.

“სახეზეა სამოქალაქო დაძაბულობის ძალიან სერიოზული სიმპტომები. არ გამოვრიცხავ, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო საბოტაჟთან, რომელშიც ჩართული არიან არა მარტო ყოფილი, არამედ დღევანდელი ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლები“, – აცხადებს თეთრების ლიდერი და მომხდარში განსაკუთრებით გამოყოფს პროკურატურის როლს.

„ცალკე თემაა პროკურატურის როლი შექმნილ ვითარებაში. გვსურს თუ არა ეს, და უნდოდა თუ არა მას ეს. უნდა ვაღიაროთ, რომ პროკურატურა პრაქტიკულად თანამონაწილე გახდა ამ მეტად მძიმე ანტისახელმწიფოებრივი პროცესების. განსაკუთრებით სამწუხაროდ, რომ ცხრა წელი ვითმინეთ დიქტატურა და ტაში და ქება- დიდება არ დავაკელით ბუტაფორიული სახელმწიფოს მშენებლობის ავტორებს. ოთხი წელია ხალხი ითმენს ახალი ხელისუფლების უინიათობასა და უსუსურობას. ითმენს იმას, რომ ქვეყანაც და ცალკეული უწყებებიც კულისებიდან იმართება. თუ დღევანდელმა მთავრობამ არ იცის, რომ პროკურატურას დღესაც გათავხედებული ყოფილი პროკურორი მართავს, მაშინ იმაზე უსუსური ყოფილა,ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია და თუ იცის, რომ ეს ასეა და ვერ იღებს გადაწყვეტილებებს, კიდევ უფრო უარესი“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.

. „თეთრების“ ლიდერის აზრით გამოსავალია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონის სრული დაცვით აღსრულება. დათხოვნილი იქნას პროკურატურის ხელმძღვანელობა და დაიწყოს პროკურატურის სრული წმენდა, რომელიც მონაწილე და ხელისშემწყობი გახდა ამ საქმის.

„თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ისევ ყალბ გმირებს შევქმნით, არაკაცებისაგან გმირებს შევქმნით, როგორც ეს დღეს რეალურად ხდება (ეს ეხება არა მარტო ციხეში მჯდომ ცნობილ ნაციონალებს, არამედ უამრავ პოლიტიკოსს, რომლისთვისაც ეს მომენტი პოლიტიკური პოპულარობის საყრდენი ხდება) … ხელს შევუწყობთ რევანშისტულად განწყობილი „ნაციონალების“ ბოროტი ძალების აღზევებას. ეს სამოქალაქო დაპირისპირების გზაა“ – აცხადებს თემურ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *