(საზოგადოება) თემურ შაშიაშვილი: არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, პროფესიონალებთან ერთად და ძლიერი პარტიით

“თეთრების“ ლიდერი ემიჯნება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას. მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მსგავსი მოთხოვნა აზრს არის მოკლებული.
„არჩევნებამდე ერთი წელი რჩება, ასე რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ეხლა სისულელეა, ამ ვითარებიდან გამოსავალი ერთია ნაციონალური მოძრაობა სახალხო სასამართლომ უნდა გაასამართლოს, „ოცნება“ კი უნდა წავიდეს, რადგან ამ ძალის შიგნით იმის არავითარი პოტენციალი არ არის, რომ ვითარების შეცვლა შეუძლია. – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი, გაზეთ „ვერსიისადმი“ მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს ძლიერი გუნდით და პროფესიონალებთან ერთად.
„ჩვენ ამიერიდან მხოლოდ პროფესიონალების გვერდით ვიქნებით და არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, პროფესიონალებთან ერთად და ძლიერი პარტიით. საქართველო ჩვენგან ძლიერ და სერიოზულ გუნდს უნდა ელოდეს!“
„თეთრების“ ლიდერი პარტნიორების შერჩევისას არა პირად არამედ ქვეყნისადმი ერთგულებას მიანიჭებს უპირატესობას.
„სამწუხაროდ, დღეს ამის მიხედვით, პარტნიორებს არავინ არჩევს. ივანიშვილმაც და სააკაშვილმაც კადრები მხოლოდ პირადი ერთგულებით შეარჩიეს და ამით დაღუპეს ქვეყანა. „თეთრები“ იმ ხალხის გვერდით ვდგავართ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო პოლიტიკოსად აღიარების რაღაც სისტემაა საჭირო“
თემურ შაშიაშვილს მიაჩნია, რომ პარლამენტი პოლიტიკოსებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.
„რამდენიმე წლის წინ პირველმა მე ვთქვი იმის შესახებ, არ შეიძლება ამდენი სპორტსმენი თუ ხელოვანი იყოს საკანონმდებლო ორგანოში-მეთქი. გემახსოვრებათ, მაშინ რა დღე მაყარეს. დღეს ამ განცხადებებს თავად იმეორებენ“
თეთრების ლიდერი კვლავ ხაზს უსვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალების დიდი ნაწილი ნაწილი გარედან იმართება თუმცა ისინი რეალურად არაფერს აკეთებენ საუკეთესო დასავლური ღირებულებების საქართველოში დასამკვიდრებლად.
„ საქართველოს პოლიტიკოსთა 90% ან რუსეთს ემსახურება, ან ამერიკას, ის, ვინც ყველაზე მეტად ეგება ფეხქვეშ ამერიკას, რეალურად იმას ებრძვის, რაც მართლაც კარგია თუნდაც იგივე ამერიკაში –მათ არ სურთ ეკონომიკური პოლიტიკის ლიბერალიზება, არც ამერიკაში დამკვიდრებული მაჟორიტარული არჩევნები უნდათ“.



