(sazogadoeba)თემურ შაშიაშვილი: საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად რაიმე გაერთიანებაში უნდა შევიდეთ, საქართველოს შეურაცხყოფაა

პოლიტიკური ორიენტაციის შვეიცარიული მოდელი და მჭიდრო ურთიერთობა ისეთ ძლიერ და განვითარებულ ქვეყანასთან როგორიცაა გერმანია – „თეთრების“ ლიდერის აზრით, ასეთი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ძირითადი პრიორიტეტი.
„მე ვარ შვეიცარიული მოდელის მომხრე. შვეიცარია არც ერთ გაერთიანებაში არ შედის, არც ნატოში, არც ევროკავშირში. საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად რაიმე გაერთიანებაში უნდა შევიდეთ, არის საქართველოს შეურაცხყოფა. ასევე შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მეზობლებს, როცა რაიმე გაერთიანებაში შესვლას ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას აბრალებენ. ჩვენ ათი საუკუნის წინ გვყავდა მეფე დავით აღმაშენებელი, რომელმაც გეოგრაფია აქცია პოლიტიკად. ჩვენ კი ჩვენი გეოგრაფია ჩვენი უბედურების სათავედ ვაქციეთ, იმიტომ რომ ხან ერთ ქვეყანას ვეგებით ფეხქვეშ, ან მეორეს“, – აცხადებს თემურ შაშიაშვილი.
გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობას „თეთრების“ ლიდერი ამ ქვეყნის დიდი ავტორიტეტითა და მისი წამყვანი ეკონომიკური თუ პოლიტიკური პოზიციებით ხსნის როგორც ევროპაში, ასე მთელს მსოფლიოში. იგი ასევე მაღალ შეფასებას აძლევს გერმანიაში საქართველოს ელჩს ბატონ ლადო ჭანტურიას და ამას გერმანიასთან საქართველოს დაახლოების მეტად მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.
„გერმანიასთან ურთიერთობა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ გერმანიას ევროპა უსმენს. თუ ვინმეს ამერიკა უწევს ანგარიშს, გერმანიაა და თუ რუსეთი უწევს ვინმეს ანგარიშს – გერმანია. გერმანია თავისი დიდი მაგალითით გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ურთიერთობა დიდ სახელმწიფოებთან. გერმანიის კანცლერი იმითაა ძლიერი,რომ ყოველთვის საკუთარი ხალხის სახელით ლაპარაკობს, როგორც ამერიკის ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან. საქართველოშიც უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ასევე ქართველი ხალხის აზრს დააყენებს პირველ ადგილზე და ამას ხმამაღლა განაცხადებს ნებისმიერი რანგის შეხვედრებზე“, – აღნიშნავს თეთრების ლიდერი.
იგი ასევე მაღალ შეფასებას აძლევს გერმანიაში საქართველოს ელჩს ბატონ ლადო ჭანტურიას და ამას გერმანიასთან საქართველოს დაახლოების მეტად მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს.
„ჩვენ გერმანიაში საოცრად კარგი ელჩი გვყავს, ბატონი ლადო ჭანტურია. მეამაყება,რომ მას ვიცნობ, ბატონი ლადო გახდა აღიარებული პროფესორი, დოქტორი, გერმანიის უპირველესი სამართლის ინსტიტუტის დირექტორი“, – განაცხადა შაშიაშვილმა.



