(reportiori)თემურ შაშიაშვილი: საქართველოში ქუჩის პოლიტიკოსების ეპოქა უნდა დამთავრდეს!

  „საქართველოში ქუჩის პოლიტიკოსების ეპოქა უნდა დამთავრდეს”, – ამის შესახებ პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი აცხადებს და აქვე დასძენს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს განვითარება ჩიხში მოქეცევა და ქვეყანა წინ ვერ წავა. აღნიშნული განცხადება შაშიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და ქუჩის პოლიტიკოსებისა და დანიშნული ბიზნესმენების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა. 

„საქართველოში ყველაზე მთავარ პრობლემა ის არის, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში,  ყველა ხელისუფლება მოდის ქუჩიდან. ქუჩის პოლიტიკოსების დრო თუ არ დამთავრდა, ქვეყანას მომავალი არ ექნება. პოლიტიკოსების 99 % იყურება ქუჩისკენ. დღეს რეალურად ქუჩა ძლიერია, იმიტომ, რომ ქვეყანას ჰყავს დანიშნული პოლიტიკოსები და დანიშნული ბიზნესმენები. ვერ წარმოიდგენთ, როგორი ჭკვიანი ხალხი ჰყავს ქვეყანას, რომლებმაც ბიზნესში შესაძლოა სასწაულები აკეთონ, მაგრამ ეს დანიშნული ბიზნესმენები ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ხალხი ბიზნესში ვერ შევიდეს. მონოპოლიზებულია ყველაფერი. ხალხი თუ არ გამოფხიზლდა, ქვეყანა წინ ვერ წავა. 

ის პოლიტიკოსია დასაფასებელი დღეს, რომელსაც შეეძლო გამდიდრებულიყო, მაგრამ ეს არ გააკეთა, რადგან კანონიერად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. და ვინც უკანონოდ გააკეთა, იმას ტაში არ უნდა დავუკრათ. 

დანიშნული ბიზნესმენები ქმნიან პოლიტიკურ პარტიებს, აფინანსებენ ამ პარტიებს. საქართველოში ძალიან ცოტა პარტიაა, რომელიც დანიშნული ბიზნესმენების წინ არ დგას და რომლის უკან დანიშნული ბიზნესმენი არ დგას. დანიშნულ ბიზნესმენებს აწყობთ, რომ ხელისუფლება ვერასდროს წავიდეს პროგრესის გზით. მათ არ აწყობთ, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი. არ აწყობთ, იყოს ნორმალური ბიზნესგარემო. არ აწყობთ კონკურენტული გარემო. ისინი მიჩვეულნი არიან, რომ ყიდულობენ ხელისუფლებისგან კარგ პირობებს.

 საქართველოში ქუჩის პოლიტიკოსების ეპოქა თუ არ დავამთავრეთ, თუ აგრესიული პოლიტიკოსების, მაგინებელი, მაჩხუბარა პოლიტიკოსების ეპოქა არ დამთავრდა, საქართველოს მომავალი არ ექნება”, – განაცხადა შაშიაშვილმა. 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *