(sazogadoeba)თემურ შაშიაშვილი: ქუჩის პოლიტიკოსები და დანიშნული ბიზნესმენები არიან დამოუკიდებული საქართველოს უბედურების სათავე

12214194_758414237603581_1132393538_oქუჩის პოლიტიკოსები და დანიშნული ბიზნესმენები არიან დამოუკიდებული საქართველოს უბედურების სათავე, – ამის შესახებ  „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა განაცხადა.

„დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ხელისუფლება მოდის ქუჩიდან. ქუჩა რომელსაც ადრე  კულტურული ფენომენის ფუნქცია ჰქონდა, დღეს პოლიტიკური პროცესების  ძირითად წარმმართველად გადაიქცა. ქუჩის პოლიტიკა თუ არ დამთავრდა,  საქართველოს მომავალი არ აქვს. ქუჩის პოლიტიკას კი აძლიერებს დანიშნული ბიზნესმენები. დამოუკიდებელ საქართველოში  ხელისუფლებები პიროვნებებს ნიშნავდნენ ბიზნესმენებად.. ეს ხდებოდა შევარდნაძის, სააკაშვილის დროს და დღესაც გრძელდება. სამწუხაროდ, ივანიშვილმაც ბევრი ბიზნესმენი დანიშნა,” – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.

როგორც თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, დანიშნული ბიზნესმენები  ქმნიან პარტიებს ან მათ უკან დგანან,  ქმნიან პოლიტიკურ ლიდერებს.

„თეთრების“ ლიდერის თქმით, საქართველოში  ძალიან ცოტაა პარტია, რომლის უკან არ დგას დანიშნული ბიზნესმენი.

„დანიშნულ ბიზნესმენებს კი აწყობთ რომ ხელისუფლება ვერასდროს წავიდეს პროგრესის გზით. მათ არ აწყობთ ქვეყანაში წესრიგი, კანონის უზენაესობა, კონკურენტული გარემო, ისინი ხელისუფლებისგან ყიდულობენ კარგ პირობებს და როცა ხელისუფლება გადაუხვევს მათი მხარდაჭერის გზას, დანიშნულ ბიზნესმენები ააქტიურებენ ქუჩას და მათ მიერ დანიშნულ და ნაყიდ პოლიტიკოსებს.  დანიშნულმა ბიზნესმენებმა  სახელისუფლო აპარატი გაავსეს გამოუცდელი ახალგაზრდებით და  სარგებლობენ რა მათი არაპროფესიონალიზმით,თავის ნებაზე ათამაშებენ.

დანიშნული ბიზნესმენების შვილები განათლებას  უცხოეთში ღებულობენ. მათ  შემოიტანეს ფენომენი, რომ ქვეყანაში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი პირობა სწორედ   უცხოეთში განათლების მიღებაა. ჩვენი უნივერსტეტის კურსდამთავრებულებს კი ხელიდან ეცლებათ ყველგვარი პერსპექტივა. თუ ეს არ შეჩერდა, სულ რაღაც 15 წლის შემდეგ, ქვეყანა  დანიშნულ ბიზნესმენთა უცხოეთში განათლება მიღებული, არაქართული მენტალობის შვილების თაობის ხელში იქნება,“  – აცხადებს თეთრების ლიდერი.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, პარტია „თეთრები“ იწყებს ბრძოლას დანიშნული ბიზნესმენების წინააღმდეგ და ნამდვილი ბიზნესმენების მხარდაჭერისთვის.

„ყველას მოვუწოდებთ ამ დიდ საქმეში გაერთიანებას. საქართველო უნდა იყოს სარაჯიშვილების და ზუბალაშვილების ქვეყანა!“ – აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *