(sazogadoeba) „ქუჩის აქციები დღეს აწყობს ყველა მოთამაშეს – გარდა საზოგადოებისა – თემურ შაშიაშვილი გასულ კვირას გამართულ საპროტესტო აქციებს ეხმაურება

თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის თქმით, დღეს მიმდინარეობს ბრძოლა სკამის შენარჩუნებისთვის, დაბრუნებისათვის და/ან მოპოვებისათვის. მისივე განმარტებით, დღეს სწორედ იმ პოლიტიკური ძალების ნარჩენები და ერთგული მომსახურენი არიან ქუჩაში, ან გვევლინებიან მათ მაპროვოცირებლად, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული, ქუჩით მოდიოდნენ ხელისუფლებაში.
„ქვეყანა დაღუპა ქუჩის პოლიტიკამ და ქუჩის პოლიტიკოსებმა, დღეს კვლავ გამოჩნდა მცდელობა, პრობლემების სამართლებრივი და კონსტიტუციური გზით გადაჭრის ნაცვლად, გარკვეულ პროცესებზე ზოგჯერ სამართლიანი, ზოგჯერ უსამართლო პროტესტით ქუჩაში გაირჩეს მტყუან-მართალი. აქ არ შევეხებით, თუ ვინ რა ზომით და დოზით არის მართალი, – განაცხადა შაშიაშვილმა.
მისი თქმით, სახეზეა მიტინგომანიის ახალი ტალღა.
„ქუჩის აქციები დღეს აწყობს ყველა მოთამაშეს – გარდა საზოგადოებისა; ნაცმოძრაობას იმიტომ , რომ ამ საქმეში დიდი გამოცდილება და უცხოეთის უდიდესი მხარდაჭერა გააჩნია;„ქართულ ოცნებას“ იმიტომ, რომ მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანს ინფლაციითა და უმუშევრობით გაუბედურებული მოსახლეობის ყურადღებას; ოპოზიციას იმიტომ, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის ახლავე იწყებს ქულების დაგროვებას.
თუმცა შაშიაშვილის აზრით, ხელისუფლებამ შუალედური არჩევნების იმგვარად ჩატარებით, თავად მოახდინა ქუჩის პროცესების პროვოცირება. მით უფრო რომ საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიკვეთა მაღალი თანამდებობის არაერთი პირის უკადრისი საქციელი. მიუხედავად ამისა, მას მიაჩნია,რომ ქუჩაში პოლიტიკის გადატანა მეტად მძიმე შედეგს გამოიღებს ქვეყნისთვის.
„დღეს სწორედ იმ პოლიტიკური ძალების ნარჩენები და ერთგული მომსახურენი არიან ქუჩაში, ან გვევლინებიან მათ მაპროვოცირებლად, რომლებიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული, სწორედ ქუჩით მოდიოდნენ ხელისუფლებაში. ქუჩის პოლიტიკოსებს ჯერ არც ერთი ქვეყნისათვის სიკეთე არ მოუტანიათ. ქვეყანა არაერთხელ დაანგრია ქუჩაში პოლიტიკის გატანამ. ქვეყანა არაერთხელ დაანგრიეს ქუჩის პოლიტიკოსებმა… ერთნი იბრძვიან სკამის შენარჩუნებისთვის, მეორენი – დაბრუნებისათვის, მესამენი – მოპოვებისათვის. სამთავე, პირადი ინტერესების წინა პლანზე წამოწევით ამგვარად ებრძვის სახელმწიფოს სიძლიერეს. – განაცხადა „თეთრების“ ლიდერმა.



