(sazogadoeba)თემურ შაშიაშვილი: ვერასდროს ვითანამშრომლებთ იმ პარტიებთან რომლებიც დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს

საქართველოს უმძიმეს მდგომარეობამდე პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მივიყვანეთ. ჩვენ ამის გამო საზოგადოებას ბოდიშს უნდა ვუხდიდეთ, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი. მისი თქმით, ის ვერასდროს ითანამშრომლებს იმ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებიც დღეს ერთს ამბობენ, ხვალ მეორეს და პოლიტიკურ კონიუქტურაზე არიან აწყობილნი.
„პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ რკინიგზა უნდა გადავკეტოთ და რუსეთი დავაჩოქოთო და მერე იგივე პოლიტიკოსები ამტკიცებდნენ, რუსეთის გარეშე მომავალი არ აქვს ქვეყანასო, ჩვენ გვეუბნებოდნენ თუ ესენგეში არ შევალთ ქვეყანა დაიქცევა, მაშინ მე, გუბერნატორი ვიყავი და სასტიკად მაკრიტიკებდნენ რადგან ვამტკიცებდი, რომ არ შეიძლება ესენგეში შესვლა. მაკრიტიკებდნენ იმის გამოც, რომ ნულოვანი ვარიანტზე ხელისმოწერის წინააღმდეგი ვიყავი. ნულოვანი ვარიანტის თავგადადებული მომხრეები ბარამიძის თავკაცობით რუსეთის მტრებად სახავენ საკუთარ თავს! თუნდაც ის პარტიები, რომლებმაც მოაწერეს ექვსიანის და რვიანის პრინციპებს, შევიდნენ რა პარლამენტში, აბსოლუტურად არ იზიარებენ იმას, რასაც თვითონვე მოაწერეს ხელი. ჩვენ ასეთ გაერთიანებებს და პარტიებს მხარს ვერ დავუჭერთ.“
„ავიღოთ თუნდაც მაჟორიტარული არჩევნებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. დღეს ამას მაჟორიტარულ სისტემას სწორედ ის პარტიები უპირისპირდებიან ყველაზე მწვავედ, ვინც სიტყვით ამერიკის ინტერესების თავგადაკლული გამტარებელია საქართველოში. მაგრამ, ბატონებო, ამერიკაში მაჟორიტარული არჩევნების გარდა არ არის სხვა არჩევნები! ამერიკა გინდათ, ფეხქვეშ ეგებით, მაგრამ მაჟორიტარული არჩევნები არ გინდათ! ჩვენ მაჟორიტარული არჩევნების წინააღმდეგი კი არ უნდა ვიყოთ, არამედ იმის, რომ ხალხი მონური ფსიქოლოგიით არ ირჩევდეს.“ აცხადებს „თეთრების“ ლიდერი



