(ივერიონი)თემურ შაშიაშვილი: პაატა ბურჭულაძეს პოლიტიკაში მოსვლა მიწასთან გაასწორებს!

news_72292

ივერიონს“ აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე პოლიტიკური პარტია „თეთრების“ლიდერი,თემურ შაშიაშვილი ესაუბრა.

-ბატონო თემურ, საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შესაძლო შემოსვლის გარშემო. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი ნეგატიურად შეხვდა მსოფლიო ბანის ამ გადაწყვეტილებას. მითუმეტეს,  ხალხი გაღიზიანებულია მის გუნდში ისეთი ადამიანების ხილვით, რომლებიც დადებით კონტექსტში არ განიხილებიან, ყოველ შემთხვევაში ახალ პოლიტიკურ სახეებთან არ ასოცირდებიან.

 როგორ ფიქრობთ, პაატა ბურჭულაძე, იქნება ის ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც კარგა ხანია ელოდება საზოგადოება?

 -მე როგორც პაატა ბურჭულაძის მეგობარი და ახლობელი, მას ამ გადაწყეტილების მიღებას არ ვურჩევ!

მინდა, რომ საქართველოში ერთი პიროვნება მაინც დარჩეს ისეთი, რომელმაც ქველმოქმედება გააკეთა ქველმოქმედებისთვის და სამაგიეროდ პოლიტიკური აღიარება არ მოითხოვა. მინდა დარჩეს ერთი პიროვნება მაინც ქვეყანაში, რომელიც ტაძრის აშენებასთან  იყო დაკავშირებული და ამისთვის არ მოითხოვა პოლიტიკური დივიდენდები. ვინაიდან, არ მეგულება ადამიანი ქვეყანაში, რომელმაც ტაძარი ააშენა და შემდეგ ან პოლიტიკოსობა, დეპუტატობა, ან პრეზიდენტობა არ მოითხოვა.

არა მგონია, რომ ეს პატრიარქისთვის იყოს სასარგებლო. საერთოდ, ძალიან განვიცდი, რომ საქართველოს ბევრი პოლიტიკოსი და ასევე პოლიტიკასთან მიტმასნილი წამოეგო უცხოეთის პროვოკაციებს, რომლის მიზანი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პოლიტიზების მცდელობაა.

ჩვენ გვყავს პატრიარქი, რომლის სახელს სჭირდება დიდი გაფრთხილება. ამიტომ, როდესაც პატრიარქის გარემოში და მის სამყაროში შედიხარ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთების ან პოლიტიკაში შესვლა არ შესვლის თაობაზე საუბრის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. რადგან შემდეგ, ძალიან ბევრი ვინმეს პოლიტიკაში მოსვლა, საქართველოში და უცხოეთშიც  ბრალდება პატრიარქს.

ასევე ბატონი პაატას შემოსვლაც დაბრალდება პატრიარქსა და რუსეთს. რუსეთს იმიტომ, რომ თვითონ იძახის- მე რუსი ბანი ვარო. ბევრს ჰგონია, რომ პაატას შემოსვლა პოლიტიკაში  პატრიარქს აწყობს. პატრიარქს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები და ქართველი სულის ხელისუფლება აწყობს!

პოლიტიკა ისეთი რთული და მძიმე მეცნიერებაა, რომ ანგრევს და მიწასთან ასწორებს ყველა არაპოლიტიკურ პოლიტიკურ პიროვნებას, როგორი ავტორიტეტიც არ უნდა ჰქონდეს მას და ეს  ბატონ პაატასაც დაემართება!..

 საერთოდ, მაინტერესებს, რატომ გონია ყველას, მათ შორის უპირველესად ხელოვნების მოღვაწეებს, რომ პოლიტიკა ადვილი საქმეა – კარგი მომღერალი რომ ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, ასევე კარგად შეძლებ პოლიტიკოსობას. ვფიქრობ, ეს უდიდესი შეცდომაა, იგივე შეცდომა ბევრმა დაუშვა, წლებით ნალოლიავები ავტორიტეტიც დაკარგა, რაც ცუდია.სავალალოა,რომ ამგვარი განწყობის ადამიანების მხრიდან ქვეყანა კატასტროფისკენ მიდის!

იგივე ხალხი, რომელიც შევარდნაძის გარემოცვაში იყო და მას ათას უბედურებებს აკეთებინებდნენ, ახლა იგივე ხალხი ცდილობს თავის ნებაზე ატარონ ბატონი პაატა და მე როგორც მისი მეგობარი, ამას მას არ ვუსურვებ!

-სიტყვამ მოიტანა და პაატა ბურჭულაძე „რუსულ პროექტად“ აღიქმება საზოგადოებაში. ბევრი ფიქრობს, რომ ის განსაკუთრებული დავალებით შემოდის.  არც იმას გამორიცხავენ, რომ პაატა ბურჭულაძის თავკაცობით შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტია დღევანდელი ხელისუფლების საპირწონედ იქმნება. რას შეცვლის ეს ქართულ რეალობაში?

 -შეცვლით ეს აბსოლუტურად ვერაფერს ვერ შეცვლის – მდგომარეობა კიდევ უფრო უარესი და ურთულესი იქნება. დღეს სიტუაცია ისე მიდის, რომ იმათ, ვისაც პოლიტიკა სერიოზულად ესმით და პოლიტიკაში სუფთად იარა, სერიოზული დაფიქრება სჭრიდებათ იმაზე კი არა, რომ თვითონ როგორ გახდნენ  ხელისუფალნი, არამედ იმაზე, რომ საქართველოში მართლაც რეალური პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდეს.

დღეს საქართველოში რეალური პოლიტიკური ძალა არ არსებობს. იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიწასთანაა გასწორებული, ხოლო „ქართულ ოცნებას“ პოტენციალი არ გააჩნია და ვერცერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს  არსებობს,  სერიოზულს ვერაფერს ვერ გააკეთებს.

საქართველოში ძალიან დიდი ხანია, რაც არავის გაუმარჯვია, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში გამარჯვება იყიდება- ფული რომ არ ჰქონოდა ივანიშვილს, ის პოლიტიკაში ვერ მოვიდოდა.

ამიტომ, უნდა შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც გამარჯვებას კი არ იყიდის, არამედ მოიპოვებს. ამაზე ქვეყნის ბედია დამოკიდებული.

-უკვე ორი კვირაა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და მათი მხარდამჭერები შიმშილობენ შუალედური არჩევნების გაყალბებისა და საარჩევნო კოდექსში სათანადო ცვლილებების შეტანის მოტივით.

 მათი მოთხოვნაა, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება და არჩევნებში ამომრჩეველთა მონაწილეობის მიღების აუცილებლობა.

რა კომენტარს გააკეთებთ ამასთან დაკავშირებით? 

-მე შიმშილობების, ქუჩის აქციებისა და საერთოდ ემოციურ ფონზე აგებული პოლიტიკის მომხრე არ ვარ. საქართველოს უბედურებაა ის, რომ ყველა ხელისუფლება ქუჩიდან მოვიდა. საქართველოში ქუჩას ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, ვინაიდან,  ადრე ის   კულტურული ფენომენის მატარებელი იყო და ახლა კი პოლიტიკური გახდა. მე აკადემიური და გონებაზე დამყარებული პოლიტიკის მომხრე ვარ.

ჩემთვის გაუგებარია ქვეყანაში მაჟორიტარული არჩევნების წინააღმდეგ ასეთი ბრძოლა. როგორ შეიძლება, ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობდეს ჩამოაყალიბოს და მოიგონოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც მათ პარლამენტში შეიყვანს. ეს მარტო „პატრიოტთა ალიანსს“ არ ეხება, ასე იქცევა ყველა პოლიტიკური პარტია. ის, ვინც ებრძვის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის იბრძვის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ!

ჩემი პოზიციაა, რომ საარჩევნო სისტემა შემუშავდეს მეცნიერებათა აკადემიაში, იმ დიდი გამოცდილებით, რომელიც მიიღო საქართველომ ცუდისგან თუ კარგისგან და არა ქუჩის აქციებით…

-თქვენ პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი და ქართული დარბაზის ერთ-ერთი აქტიური წევრი ბრძანდებით. რა გეგმები გაქვთ მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ და ზოგადად რა შედეგებს ელოდებით მომავალი არჩევნებიდან?

 -შედეგები იქნება იმის მიხედვით, თუკი გაჩნდება ახალი, რეალური, პოლიტიკური ძალა. მე ვამბობ, რომ „თეთრები“ არ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს, თუმცა ის ძალაა, რომელიც დიდი კონსულტაციებით (უპირველესად, სახელმწიფო მოღვაწეებთან აქტიური კონსულტაციებით) შეეცდება მაღალი პოლიტიკური ავტორიტეტის და ასევე მაღალი პოლიტიკური კულტურის ადამიანების გაერთიანებას მომავლის საქართველოსთვის.

ვიმედოვნებ, ასეთ პოლიტიკურ ძალას ქვეყანა მომდევნო წლის პირველ კვარტალში უნდა ელოდოს, ეს იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გამარჯვებას კი არ იყიდის, არამედ მოიპოვებს, რითაც საბოლოოდ გამარჯვებული დარჩება საქართველო!

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *