ჩვენს ერთობაშია ერის გადარჩენა

19 დეკემბერს სტამბულში ქართული კულტურის ცენტრში, რომელსაც სათავეში უდგას თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ორჰან ბერიძე, შედგა თურქეთში მცხოვრებ ჩვენი თანამემამულეების დიდი შეკრება. შეკრებაზე მიწვეული იყო ” ქართული ერთობის დარბაზის” წარმომადგენელი თემურ შაშიაშვილი. შეხვედრამ მეტად თბილ გარემოში წარიმართა. თემურ შაშიაშვილმა ისაუბრა „ქართული ერთობის დარბაზის’ გეგმებსა და მიზნებზე.
გადაწყდა, თურქეთში გაიხსნას ქართული ერთობის დარბაზის წარმომადგენლობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგება ბატონი ორჰან ბერიძე.
„წილად მხვდა დიდი პატივი, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით დაფუძნებული „ქართული ერთობის დარბაზის“ სტამბულის ორანიზაციას ვუხელმძღვანელო . ერის სულიერი მოძღვარი თითოეულ ჩვენგანს უდიდეს მისიას აკისრებს , ჩვენს ერთობაშია ერის გადარჩენა. – განაცხადა ბატონმა ორხანმა.
შეხვედრას მაღალ შეფასება მისცა თემურ შაშიაშვილმა.
:„უაღრესად ამაღელვებელი და გულშიჩამწვდომი შეხვედრა იყო. უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალია ქვეყნის გარეთ ,როგორც ჩანს ჯერ კიდევ დაუფასებელი ,უფრო მეტიც ,მიტოვებული. ამაყი ვარ, რომ აქ ბატონი ორჰანი თავის 15 წლის ვაჟთან ერთად იმყოფება. მათ დამსწრე საზოგადოება გააოცეს “ვეფხისტყაოსნისა” და ქართული პოეზიის ღრმა ცოდნით. ბატონმა ორჰანმა ქართული 47 წლის ასაკში შეისწავლა. მან საკუთარ შვილებს და ოჯახის წევრებსაც ასწავლა მშობლიური ენა, შეაყვარა საქართველოს კულტურა და ლიტერატურა.ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორი პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი ინტელექტით გამოირჩევიან ჩვენი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს ისინი მხოლოდ საარჩევნოდ გვახსენდება. ამ თბილმა და ადამიანურმა შეხვედრამ დაადასტურა, მართლა როგორ ვჭირდებით ერთმანეთს!“ – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
ეს იყო ამ დღეებში ქართველთა მეორე დიდი შეკრება. 18 დეკემბერს, ანკარაში, ერთ-ერთი წარმატებული ჩვენებურის, ბატონ მეთილ ულუდაღის ოჯახის თაოსნობით ჩატარდა დიდი შეხვედრა რომელსაც 50-ზე მეტი ჩვენებური ესწრებოდა.
ქართული ერთობის დარბაზის
პრეს-ცენტრი
21.12.2015წ




