(რეპორტიორი)თემურ შაშიაშვილი: ამაზე დიდი მტერი დემოკრატიას არ ჰყავს!

პარტია „თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება.

შაშიაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადება, რომ „მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული სააარჩევნო სისტემისთვის” მიუღებელია.

„ხელისუფლება და მათ შორის პრეზიდენტი, მიეჩვია ყველას სახელით და კატეგორიული ტონით საუბარს, ამაზე დიდი მტერი დემოკრატიას არ ჰყავს.

ჩვენთვის გაუგებარია, ვის გულისხმობს პრეზიდენტი მთელ პოლიტიკურ სპექტრში, თუ მხოლოდ მისი პოზიციის გამზიარებელ, ე.წ. მყვირალა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ლანძღვა-გინებით და ქუჩის აქციებით ცდილობენ თავისი მოთხოვნების გატანას. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, ჩვენ ასეთი არ ვართ. ბევრი პოლიტიკური პარტია არ არის საქართველოში ასეთი, რომელთა სახელითაც პრეზიდენტი საუბრობს, სულაც არ მოიცავს ქვეყნის სრულ პოლიტიკურ სპექტრს და არიან განსხვავებულად განწყობილი პოლიტიკური ძალებიც, რომლების აზრს რატომღაც ნაკლებად ითვალისწინებს როგორც პრეზიდენტი, ასევე პარლამენტი. აღარაფერს ვამბობ მმართველ პოლიტიკურ ძალაზე, რომელიც ღრმად არის ამ სენით შეპყრობილი.

საარჩევნო კანონთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არაერთხელ ჩამოგვიყალიბებია. ამჯერად ორ ხაზგასმას გავაკეთებთ.

ჩვენ ანტიდემოკრატიულად მივიჩნევთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რადგან, ჩვეულებრივ მოქალაქეს, თუ ის არ არის რომელიმე პარტიის წევრი არ აქვს არანაირი შანსი კენჭი იყაროს. აი, როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს სიტყვით ადამიანის უფლებების დამცველები.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველოსთვის ყველაზე კარგია პროპორციული საარჩევნო სისტემა ძირითადად ამერიკის მიერ მხარდაჭერილი და მათ მიერ პოლიტიკოსებად, პრეზიდენტებად თუ სხვა სახელმწიფო მოხელეებად დანიშნულები. თავად ამერიკაში კი მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები ტარდება. ყველაფერი ამერიკული მოსწონთ, საარჩევნო სისტემის გარდა, რომელიც არ აწყობთ.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა – ეს არის პოლიტიკოსთა პარპაშის გაგრძელება საქართველოში, პოლიტიკურ ლიდერთა ნათესავ-საძმაკაცოთი ქვეყნის უპირველეს ორგანოში შესვლის სისტემა. ჩვენ ვემიჯნებით ქვეყნის დამანგრეველ ამ სისტემას და მომავალს ვხედავთ სწორედ მაჟორიტარულ არჩევნებში. ამ კუთხით, ყურადსაღებია თუნდაც ის საარჩევნო სისტემა, რომლითაც 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები საქართველოში.

ჩვენ მოვითხოვთ საჯარო დისკუსიას ამ საკითხებთან დაკავშირებით არა მარტო პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით და რადგან პრეზიდენტი საუბრობს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს არჩევნების პროპორციულ სისტემას და ამის მაგალითად მოჰყავს 240 ათასი ხელმოწერა, ჩვენ მოვითხოვთ რეფერენდუმს, რაც, ეჭვი არ მეპარება, დაადასტურებს იმის საწინააღმდეგოს, რასაც პრეზიდენტი და მის ირგვლივ შემოჯგუფული პოლიტიკური პარტიები, ქვეყნის გარედან ფინანსირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები გვიმტკიცებენ.

სწორედ რეფერენდუმი გვესახება ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად, რადგან ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ძალაა არა პრეზიდენტი, არა მთავრობა და პარლამენტი, არა ცალკეული პოლიტიკური პარტიები თუ მათი ერთობა, არამედ ხალხი და ეს პრინციპული საკითხი უნდა გადაწყვიტოს თვით ქართველმა ხალხმა. საქართველოს მოსახლეობამ. ” – აცხადებს „თეთრების ლიდერი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *