მარადისობაში შეაბიჯა ჩვენმა დიდმა მეგობარმა და ერთგულმა თანამებრძოლმა

447 მარადისობაში შეაბიჯა ჩვენმა დიდმა მეგობარმა და ერთგულმა თანამებრძოლმა, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა მერაბ ჯიბლაძემ. დაგვშორდა, რათა მიახლოვებოდა ერთი წლის წინ ზეცად ამაღლებულ უსაყვარლეს მეუღლეს, რომლის გარეშე დროებითაც ვერ გაძლო….ან რომელი ერთი ტკივილისათვის გაეძლო ყველაფერზე ჩაფიქრებულსა და გულშემატკივარს – სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბრძენკაცს.

ბატონი მერაბი როგორც პირად ტრაგედიას, ისე განიცდიდა განათლების სისტემაში მიმდინარე ე.წ. რეფორმებს, რომლებსაც მთელი სისტემის დანგრევის ტოლფასად აფასებდა.მისთვის განსაკუთრებულად მიუღებელი იყო საშუალო სკოლების საჯარომდე დამდაბლება,  აკადემიური მეცნიერების სისტემის გარედან ნაკარნახევი და სამთავრობო დონეზე მხარდაჭერილი რეფორმა.

გუშინდელმა ავგულა მმართველებმა საყვარელ საქმეს ჩამოაცილეს ნობელიანტთა თანამოსაქმე და პირადი მეგობარი, მსოფლიო და ამერიკის ფიზიკურ საზოგადოებათა მიერ აღიარებული, თავის წევრად პატივით მიღებული მეცნიერი. რა აბსურდი აღარ მოუგონეს დიდებულ ქართველს, რაფინირებულ კაცს, რომელიც მიუხედავად საპატიო ასაკისა და დარბაისლური სიდინჯისა, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ბრძნული რჩევებითა და რკინისებური ლოგიკით ფარად ედგა თანამოაზრეებს

ჩვენთვის საამაყოა, რომ ბატონი მერაბი პარტია “თეთრების” სათავეებთან იდგა და პირველი სიტყვა სწორედ მან თქვა დაფუძნების დღეს. მთელი ქვეყნისთვისაა საამაყო მისი მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც განსაკუთრებულად არის აღიარებული უცხოეთში. ამის დასტურია ბოლო წლებში მსოფლიოს ათამდე ქვეყანაში გამოქვეყნებული მეცნიერული კვლევები და ოთხ ქვეყანაში გამოცემული  წიგნები.

მეგობრებს  ისღა დაგვრჩენია, დღეს  ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში აღმართულ დავით აღმაშენებლის ტაძარში უკანასკნელი პატივი მივაგოთ სპეტაკ პიროვნებას, გულანთებულ მამულიშვილს, ნათელ და მართალ კაცს,  ვალმოხდილ მეცნიერს და ერთგული დავრჩეთ იმ იდეებისა და პროგრამების, რომლებიც ერთად შევიმუშავეთ მომავლის საქართველოსათვის.

 

 თეიმურაზ შაშიაშვილი , ზურაბ ხასია,  რობერტ ბაბლიძე,  ზურაბ ბარათაშვილი, ინეზა იამანიძე,  ზაურ კალანდი,  ინგა კაპანაძე,  ფერდინანდ ლორთქიფანიძე,  შალვა წიკლაური.  მზია ჯგუშია,  ირინ ჯიბლაძე  შოთა ჯიქია,   ავთანდილ ბარამაშვილი,  რაულ სვანაძე,  სიმონ შარაძე,  გიორგი სიხარულიძე.  

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *