ქუთაისმა შეძლო დაერღვია ეს სიჩუმე

 

ttt (1)დღეს 30 წელი შესრულდა იმ ტრაგიკული დღიდან, როდესაც ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოღვაწემ, მამუკა ასლანიკაშვილმა  პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის რანგში თავი თვითმკვლელობით დაამთავრა.

40 წლის ასაკში მამუკამ უდიდესი სიყვარულის მოპოვება შეძლო მთელი ქვეყნის მასშტაბით.  მის მიერ გაკეთებული კონკრეტული საქმეები ახსოვთ რუსთავშიც, ზესტაფონშიც, ქუთაისშიც… გვახსოვს ჟიული შარტავას თაობას. იგი იყო ქალაქ ბორის ძნელაძის მშენებლობის ერთ-ერთი დიდი საყრდენი. იმ ქალაქის, რომლითაც თაობები ამაყობდნენ და არარაობად აქცია მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა.

ბაგრატის თემა გააცოცხლა და მისი აღდგენა დაიწყო მამუკა ასლანიკაშვილმა და ეს მოხდა 1986 წელს. მაშინ ვერიკო ანჯაფარიძემ და ირაკლი აბაშიძემ დაჰკრეს პირველი ბარი და მამუკა ასლანიკაშვილი იყო ის კაცი, რომელმაც დაიწყო ბაგრატის აღდგენა. მაშინ ბაგრატის შემოგარენში ცხოვრობდა დაახლოებით 200 მოსახლე და მამუკა ასლანიკაშვილი მათ სათითაოდ უხსნიდა და უსაბუთებდა, რომ აუცილებელი იყო მათი სხვა ადგილას გადასვლა. მეექვსე სკოლა, რომელიც გალაქტიონის სახელს ატარებდა, დაანგრევინა მამუკა ასლანიკაშვილმა, რათა ბაგრატი გამოეჩინა და ამის გამო მას უდიდესი წინააღმდეგობები შეხვდა… მამუკა ასლანიკაშვილის სახელთან არის დაკავშირებული ბაგრატის უმნიშვნელოვანესი – დასავლეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეების აღდგენა და ეს ყველამ უნდა იცოდეს!..

ვინ არ იბრალებს ბაგრატის აღორძინებას,  მაგრამ თაობებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს  უდიდესი ისტორიული საქმე დაიწყო მამუკა ასლანიკაშვილმა და პრაქტიკულად მასვე შეეწირა.

ეს მძიმე ქართული ისტორიაა.

1986 წლიდან 1990 წლამდე  პრაქტიკულადა აკრძალული იყო მამუკა ასლანიკაშვილის სახელის ხსენება.  ქუთაისმა შეძლო დაერღვია ეს სიჩუმე. 1990 წლის 10 ივნისს , სწორედ მისი დაღუპვის დღეს,  ჩვენ დაგვიანებული ყვავილები მივიტანეთ მის საფლავზე. ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩასაც მამუკა ასლანიკაშვილის სახელი ვუწოდეთ. ამ დროს მე ვიყავი ქალაქის ხელმძღვანელი  და ვამაყობ იმით, რომ შესანიშნავი  მოქანდაკის , გოგა შვაცაბაიას  მიერ შექმნილი ქანდაკებაც დავუდგით ღირსეულ კაცს და 2003 წლამდე, ვიდრე ვიყავი იმერეთსა და ქუთაისში, ყოველი წლის 27 სექტემბერს,ჯვართამაღლებას, აღვნიშნავდით  ჟიული შარტავასა და მამუკა ასლანიკაშვილის დღეს.  27 სექტემბერი მამუკას დაბადების დღეა და ჟიულის ტრაგიკულად დაღუპვის. სწორედ ამის აღიარება იყო თუნდაც ის ფაქტი, რომ 1995 წლის 27 სექტემბერს, ქუთაისის საოპერო თეატრში ეს საღამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისადა უნეტარესის ლოცვა-კურთხევით და მონაწილეობით შედგა.  და ეს მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნებოდა საღამო ერთ-ერთი იმ პიროვნებისა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.  ჟიულისა  და მამუკას ცხოვრება და მოღვაწეობა   კაცობისა და ვაჟკაცობის ისტორიაა თაობებისათვის და სწორედ ასე ვაპირებთ  აღვნიშნოთ ამ წლის 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას  მათი მეგობრები.

 

თემურ შაშიაშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *