(საქართველოს რესპუბლიკა)ხელისუფლებას დრო ასამართლებს ასე იყო და ასე იქნება!

ვეძებთ გზებს, როგორ დავიცვათ ხელისუფლება მათგან, ვინც ძალაუფლებისაკენ  მიილტვის, გამდიდრების ან უკანონოდ დაგროვილი  სიმდიდრის დაცვის მიზნით

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ საქართველოში  დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, სახელისუფლებო ძალაუფლებისათვის ბრძოლამ მახინჯი ხასიათი მიიღო. ხელისუფლებაში მიდიან ან დაგროვილი სიმდიდრის შენარჩუნების,  ან გამდიდრების მიზნით.  ჩვენ ვეძებთ გზებს, როგორ შევაჩეროთ ქვეყნის დამანგრეველი ეს პროცესი. 

ჩვენთვის ცნობილი გახდა ერთი წამოწყების თაობაზე, რომლის ინიციატორი, ბატონი თემურ შაშიაშვილი იყო, ჯერ კიდევ მისი იმერეთის გუბერნატორად მუშაობის პერიოდში.

ვფიქრობთ, კარგი ინიციატივაა, დღევანდელობისთვის უფრო აქტუალური და  ამიტომ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად მისი გამოქვეყნება საჯარო განხილვისათვის, მით უფრო სასარგებლოა ამის გაკეთება საპარლამენტო არჩევნების წინ.

ჩვენ მეტად ყურადსაღებად მივიჩნევთ  იმ არგუმენტებს, რაზე დაყრდნობითაც  პარტია „თეთრებმა“ უარი  თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე  და ძალზე მნიშვნელოვნია   მათი (დღემდე ერთადერთი პარტია) ჩვენთან შემოერთება, მით უფრო,  რომ ამ პარტიის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა, მეცნიერი და საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებაა. 

დიდი სურვილი გვაქვს, რომ ყველამ ერთად  შევძლოთ შეიცვალოს ხელისუფლებისთვის ბრძოლის ვექტორი,  საკუთარი კეთლდღეობისათვის ზრუნვიდან,  ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვისკენ.

მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული თანხმობის პარლამენტისთვის

 

 

ხელისუფლება დრო   ასამართლებს  ასე იყო და ასე იქნება!

 

 

ქონებრივი დეკლარაცია

ხელწერილი

 

მე, თეიმურაზ შაშიაშვილი, მცხოვრები . ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის მე-5 შესახვევი # 1, როგორც საჯარო სამსახურში მყოფი თანამდებობის პირი, ვიძლევი ამ ხელწერილს მასზე, რომ:

  1. მე, ჩემი მეუღლე, შვილები და დედა, `მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის არც ერთ სამეწარმეო სუბიექტში არ ვფლობთ საწესდებო კაპიტალის წილს ან აქციას და არც ერთი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ არ გაგვაჩნია ფინანსური თუ სხვა სახის პირადი ინტერესები.

2.თუ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის განმავლობაში ჩემი ან ამ ხელწერილის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრიდან, რომელიმე    შევიძენთ საცხოვრებელ სახლს, მანქანას  ან გავხდებით `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის სამეწარმეო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელი, ვაცხადებ, რომ  ჩემ მიერ ოფიციალურად  იქნება ინფორმირებული საზოგადოება, შეძენამდე ერთი თვით ადრე, საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით.

3.საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაქსიმალურად დავეხმარები თითოეულ დაინტერესებულ პირს, მოიპოვოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ხელწერილით განსაზღვრული პირობების ნამდვილობის შემოწმებისათვის,  თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება ეჭვი ამა თუ იმ სამეწარმეო სუბიექტში ჩემი ან ზემოხსენებულ პირთა წრის არაოფიციალური წილისა თუ აქციის მფლობელობის თაობაზე

4.პიროვნება, რომელიც წარმოადგენს ამ ხელწერილის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული პირობების უარმყოფელ და გამაბათილებელ, სამართლებრივად დადასტურებულ დოკუმენტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755- მუხლის შესაბამისად, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ვჩუქნი მას აღნიშნულ საწესდებო კაპიტალის წილს, აქციას და ამ ხელწერილის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევით შეძენილ სამეწარმეო სუბიექტის წილს, აქციას, სახლს და მანქანას.

5.თუ სახელმწიფო სამსახურში ჩემი მოსვლის შემდგომ ამ ხელწერილის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრიდან რომელიმეს აქვს შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მანქანა ან არის ნებისმიერი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის სახელმწიფო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755- მუხლის შესაბამისად, საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ვჩუქნი მის აღმომჩენ ნებისმიერ პიროვნებას ზემოთ აღნიშნულ ნივთს.

6.ხელწერილი ძალაშია როგორც ჩემი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის განმავლობაში, ისე სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ

7.ხელწერილი ჩემ  მიერ არის შედგენილი, სწორია და ხელს ვაწერ:  თეიმურაზ შაშიაშვილი,  1999 წელი

გამოქვეყნდა პრესაში; ჩაბარდა დეკლარაციების ბიუროს.  მივმართავ ყველას _ ქვეყნის პრეზიდენტით, დეპუტატებით დაწყებული, მერიის და გამგებლის რიგითი მუშაკით, პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს, მაკონროლებელი ორგანოების თანამშრომლებით დამთავრებულიგამოაქვეყნონ ანალოგიური ხელწერილი  

 

ეს ხელწერილი,  პირველად 1997 წელს  შევადგინე. 1999 წელს,  საპარლამენტო  არჩევნების წინ  პრესაში  გამოვაქვეყნე,  დეკლარაციების ბიუროს ჩავაბარე ,  მოვუწოდე  ყველა  სახელისუფლებო შტოს   – საკანონმდებლოს, აღმასრულებელს, სასამართლოს წარმომადგენლებს – გაეკეთებინათ  იგივე.

 ჩემს წინადადებას ემთუზიაზმით  არავინ შეხვდა. მიხეილ  სააკაშვილი, რომელიც მაშინ „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალური მდივანი იყო,  კატეგორიული წინააღმდეგი წავიდა – ეს „მოქალაქეთა კავშირს“ დააზიანებს და დაასუსტებსო. ჩემი პასუხი მოკლე იყო : „არ ვარ მოქალაქეთა კავშირის წევრი, არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, მაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, თუ გუბერნატორობა მზღუდავს,  მზად ვარ, გადავდგე“. 

ამ  საკითხის განხილვა პრეზიდენტ შევარდნაძესთანაც შედგა. მან გამოკვეთილად  არ გამოხატა პოზიცია. არც მე და არც მათ არ აწყენინა. ეს კი  იმის ნიშანი გახლდათ, რომ იგი სასურველად არ თვლიდა ამ ხელწერილის გამოქვეყნებას.

1999 წლიდან  დღემდე ჩემს დანაპირებს ვასრულებ – ვაქვეყნებ ქონებრივ დეკლარაციას, მოვუწოდებ  იგივეს ყველა დონის ხელისუფალს.

დღემდე ვერავინ გაბედა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. გასაგებია,  რატომაც! გვინდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა? ყველამ – პრეზიდენტმაც, პარლამენტის თავმჯდომარემაც, პრემიერ-მინისტრმაც, გუბერნატორმაც, მერმაც, გამგებელმა, ყველა დეპუტატმა და საერთოდ, თანამდებობის პირმა, გააკეთოს იგივე განცხადება.

დღეს არ ვარ თანამდებობის პირი. ჩემს ხელწერილს ძალაში ვტოვებ,   კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ  და თუ ვინმე თვლის, რომ რაიმეს დამატება არის საჭირო სამართლიანობის დასადგენად, მზად ვარ მივიღო წინადადება.

 გასაკვირი ის კი არ არის, მეწარმე, მეცნიერი, ხელოვანი, ექიმი, მასწავლებელი კარგად ცხოვრობდეს (მოაზროვნე ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ), არამედ ის,  რომ  დეპუტატები, სახელმწიფო მოხელეები, მოსამართლები, პოლიციელები, პროკურატურის და უშიშროების მუშაკები ცხოვრობენ სასახლეებში, ოჯახის წევრებისთვის ყიდულობენ ძვირადღირებულ მანქანებს, შვილებს საზღვარგარეთ აგზავნიან სასწავლებლად, თვითონ ბევრს მოგზაურობენ მთელ  მსოფლიოში, ისვენებენ უცხოეთის ძვირადღირებულ კურორტებზე, ხელზე არსებული თანხის ოდენობა კი 1000 პენსიონერის წლის პენსიას დაფარავს. ამის დადასტურებაა არა მარტო ის, რასაც ხალხი ხედავს, არამედ მათ მიერვე პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციები, რითაც დასტურდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.  საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის  თავმჯდომარე, თავრობის თავმჯდომარე, თითქმის ყველა მინისტრი და გუბერნატორი, პრაქტიკულად,  ოფიციალური მილიონერი იყო. დიდი განსხვავება არც დღეს არის…

ფულიანთა და მდიდართა რიცხვს,  დამოუკიდებელ  საქართველოში,  არჩევნებთან დაკავშირებული პიროვნებებიც შეუერთდნენ – განსკუთრებით კომისიათა თავმჯდომარეები და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები. არჩევნები ბიზნესად იქცა.

ვფიქრობ, დიდი ნაბიჯი გადაიდგმება კორუფციის წინააღმდეგ და საზოგადოებაც გაჯანსაღდება, თუ ყველა დეპუტატი, მინისტრი, გუბერნატორი, მერი, გამგებელი, პროკურორი, პოლიციისა და უშიშროების თანამშრომელიძველიც და ახალიცსახელმწიფო სამსახურში მისვლის შემდგომ შეძენილ სახლს, მანქანას, აქციებს, ბანკებში შეტანილ თანხებს დაუბრუნებს სახელმწიფოს. არც ერთ მათგანს იმ ხელფასით, რომელიც ჰქონდათ  ან აქვთ,  არ შეეძლო არც ერთი ზემოაღნიშნულის შეძენა, ხოლო ლაპარაკი  მდიდარ  სიდედრსიმამრზეკორუფციაა და მეტი არაფერი.

საერთოდ, რთულია,  ადამიანმა  თავი  შეიკავო, როცა ხედავ, ვინ ვის იჭერს და ვინ ვის ასამართლებს.

ყველაზე ცუდი კიდევ ის არის, მდიდართა და ფულიანთა მხილება პოლიტიკური ნიშნით ხდება და კორუფციის წინააღმდეგ წარსულში ხმამაღლა მოსაუბრე მიხეილ სააკაშვილმა   დაივიწყა არა ერთი და ორი, ვისაც უმწვავესად აკრიტიკებდა. სამწუხაროდ, იგივე  დაემართა  ბიძინა ივანიშვილსაც. 

პრეზიდენტ  სააკაშვილს არ აინტერესებდა, როგორ შეიძინა მისმა მეგობარმა პარლამენტარმა, მინისტრის ძმამ,  დავით ბეჟუაშვილმა, საქართველოს უდიდესი ქონება: ცემენტის ქარხნები, ოქროს და მარგანეცის საბადოები, ავტოქარხანა, ტყიბულის ნახშირი, თბილისში,  რუსთაველის პროსპექტის უდიდესი ნაწილი, ტელეკომპანიები `რუსთავი _ 2″, `მზე” `მაესტრო” და უამრავი სხვა ქონება, როგორ გახდა მთავარი – ენერგეტიკასა და გაზში, რატომ აქვს ანგარიშები `მარშალის კუნძულებზე” (გეოგრაფებსაც კი უჭირთ რუკაზე მისი მიგნება ), (როგორ შეიძინა პარლამენტარობის დროს თვითმფრინავი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს პურის ფულის პრობლემა აქვს), რომლითაც პრეზიდენტის ოჯახი სარგებლობდა, მაშინ როდესაც იჭერენ 1000-ჯერ ნაკლები ქონების პატრონს.

რა გამოდის? თუ პრეზიდენტის ახლობელი ან მონა ხარ, ყველაფრის უფლება გაქვს, თუ  არა და,  ციხეში უნდა წახვიდე, ქონება დათმო პრეზიდენტის ახლობელთა სასარგებლოდ. დ. ბეჟუაშვილი ამ  ხელისუფლების  პერიოდშიც, თავს კომფორტულად  გრძნობს.

თავის დროზე, მდიდართა წინააღმდეგ ბრძოლით და გაჭირვებულთა ქომაგობით გაპრეზიდენტებულ მიხეილ სააკაშვილს   აღარ სურდა  დაენახა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდა  და ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდა .

ცინიზმი და მოსახლეობისათვის თვალებში ნაცრის შეყრაა, რომ `ფულის  ტომრების” (. სააკაშვილის სიტყვები) წინააღმდეგ წარსულში მებრძოლი სააკაშვილი (მაშინაც ვწერდი, რომ ეს იყო მოჩვენებითი ბრძოლა),    საკუთარი ძალაუფლების გადარჩენას,  სწორედ,  „ფულის ტომრებზედაყრდნობით  ახერხებდა და დღეს, კვლავ მათი საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას.

 ქვეყნის დაღუპვის ტოლფასია პარლამენტის გადაქცევა მაღალი რანგის ხელისუფალთა მეგობართა და ფულიანთა  ბიზნესკლუბად. ასე იყო და  ეს სენი სჭირს ამ საარჩევნო პროცესს და  მასში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსაც.

ქვეყნისთვის მდიდარი კი არ არის საშიში, არამედ ხელისუფალი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით ამდიდრებს ან იცავს მდიდარს და  რომელიც მათზე  საერთოდ,  ფულზე  დაყრდნობით ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას,  შენარჩუნებას  თუ დაბრუნებას. 

ამ მასალის გამოქვეყნებით,   ვადასტურებ ჩემს ხელწერილს და ვაცხადებ, 1960 წელს აშენებული მამაპაპისეული სახლის გარდა, დედამიწის ზურგზე არსად სხვა სახლი არ გამაჩნია, არსად სამეწარმეო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის მფლობელი არ ვარ, მანქანა არ მყავს, არც ერთ ბანკში ფული არ მაქვს, ვალი კი სოლიდური. 

ვინც ჩემი ამ განცხადების უარმყოფელ ინფორმაციას წარმოადგენს _ სამოქალაქო კოდექსის 755- მუხლის შესაბამისად საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ვჩუქნი მას აღნიშნული საწესდებო კაპიტალის წილს, აქციას, სახლს, მანქანას, ბანკში არსებულ ფულს.

  1993 წლიდან ვამბობდი და ვაცხადებ დღესაც _ ყველა დონის ხელისუფალმა უნდა იცოდეს, რომ უზნეობაა, მდიდარი იყო და კარგად ცხოვრობდე ღარიბ ქვეყანაში, როცა ღარიბია, გაუსაძლის ყოფაშია წესიერი კაცი, შიმშილობს მეცნიერი, მწერალი, შემოქმედი, კულტურის მოღვაწე, ცნობილი სპორტსმენი, როცა შიმშილობს მასწავლებელი, როცა ბავშვს ბავშვობა არ აქვს, მოხუცის სიცოცხლე გამწარებულია, გაწამებულია ხიზანი, მიტოვებულია  შრომისუუნარო, მიუსაფარი, როცა  არ  აფასებენ ნიჭიერს, კაი  კაცს, პატიოსნებას, არ აფასებენ  ძლიერსროცა  ყველაზე  მეტად  იმ  ხალხს  გაუჭირდა, ვინც ღირსეულად და პატიოსნად  იცხოვრა.

 

1997 წლის ივნისში , პარლამენტში გამოსვლისას ვთქვი, რომ საქართველოში სისტემაა კორუმპირებული და საჭიროა არა პიროვნების წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ სისტემის შეცვლა. 1999 წელს გავაკეთე განცხადება, რომ ქვეყანაში ხელისუფლებაა კრიმინალური. 2001 წლის ივლისში პრესას, პარლამენტს, მთავრობას მივმართე: “კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია -ასე ცხოვრება აღარ შეიძლება”.

1997 წლის ივნისში პარლამენტში გამოსვლისას ვთქვი და ვიმეორებ, საგადასახადო კოდექსი, რომელიც სწორედ იმ დღეს მიიღო პარლამენტმა, იყო ქვეყნის კრიმინალიზაციის კოდექსი, მეწარმეთა დაჩოქების, ქვეყნის ფინანსურ კრიზისში შეყვანის კოდექსი, რო თუ არ ქურდობვერ მეწარმეობ. .. თავისუფალი არ ხარ. ქვეყანაში, სადაც კოდექსი მეწარმეებს არ აძლევს თავისუფლად  სუნთქვის საშუალებას,  დემოკრატიაზე ლაპარაკი ზედმეტია.

2004 წლიდან ვამბობ, ე.წ. `ვარდების რევოლუციამ გაახანგრძლივა კრიმინალთა ხელისუფლება საქართველოში, რომ დღეს ქვეყანას მართავდა ყალბი ეროვნული პათოსის, მოჩვენებითი დემოკრატიის, პოლიტიკური კორუფციისა და სოციალური დემაგოგიის ხელისუფლება. პრეზიდენტი, რომლის ოჯახის წევრები, მეგობრები აკონტროლებენ პარტიულ ბიზნესს საქართველოში, რომელმაც პარლამენტს დაუკარგა პოლიტიკური ფუნქცია და ბიზნესკლუბად აქცია.

ვითარება დიდად არც დღეს შეცვლილა. კვლავ ფულისუფლების ქვეყანაში ვცხოვრობთ, ქვეყანა კვლავ  გარედან იმართება, კვლავ ებრძვიან ძლიერს – მცოდნესა და პროფესიონალს,  კვლავ ძლიერია კლანური  ზეგავლენა, კვლავ მაღალი რანგის ხელისუფალთა ოჯახის წევრები უკადრებელს კადრულობენ  – ხშირად ერევიან მართვის პროცესში, განსაკუთრებით, საკადრო პოლიტიკაში.

მინდა ვცდებოდე, მაგრამ დღეს დარწმუნებით ვამბობ: ეს არჩევნები პოლიტიკურად  გააკოტრებს ყველას, გამარჯვებულსაც და დამარცხებულსაც. მე ამჯერად, პოლიტიკური პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე ვარ. ჩვენ, პარტიაში  ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, არ ჩავრთულიყავით საარჩევნო მარათონში და შევერთებოდით მეცნიერთა მოძრაობას  „ ეროვნული თანხმობის პარლამენტისთვის“.

მდგომარეობა მანამდე არ  შეიცვლება, ვინემ არ მოხდება სისტემური ცვლილებები. მართვის სისტემაა შესაცვლელი. ეს სერიოზული საკითხია. მისი განხორციელება ურთულესია და ხელეწიფება მხოლოდ გონიერ ხელისუფალთ. 

მჯერა, დრო დაადასტურებს ჩემი გადაწყვეტილების სისწორეს და მნიშვნელობას.
თეიმურაზ  შაშიაშვილი 

P.S.  ზემოთ წარმოდგენილი წერილი იგივეა, რაც 1999 წელს  გამოვაქვეყნე,  თუმცა  დღევანდელობიდან გამომდინარე, ზოგი ცვლილება შევიტანე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *