(ალია) თემურ შაშიაშვილი: “ე.წ. სოციალურმა ბიუჯეტმა და ფულის დარიგების პოლიტიკამ ქვეყანაში პროგრესი გააჩერა!”

ქვეყნის გადარჩენა არა სოციალურ, არამედ განვითარების ბიუჯეტშია!

„ალიას“ პოლიტიკური პარტია „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი ესაუბრება.

ბატონო თემურ, იღუპება ქვეყანა და ბატონ-გადამრჩენელი არავინ ჩანს. რაში ხედავთ გამოსავალს?

ქვეყანას სჭირდება ერთი რამ ჰაერივით: ხალხის, ეკლესიის და ხელისუფლების კავშირი, ერთობა. ეს სამთა კავშირია  ბოლო შანსი ჩვენი გადარჩენისა. ისე კი არა, რომ ხელისუფლებამ თქვას, მე ყველაფერი ვიცი, ან კიდევ პატრიარქის ქადაგებები გადააგდო გვერდზე, არ მოისმინო, შეაქო  და არ შეასრულო, ან ხალხის არაფერი ჰკითხო. ხალხშია უდიდესი სიბრძნე. დღეს საქართველოს ხალხი, ხალხისაგან  წასული ხელისუფლება სჭირდება. ვინ არის დღეს ხელისუფლებაში? ის ხალხი, ვინც დაცვით დადის, ხალხთან შეხვედრისა ეშინია  არჩევნების დროსაც კი.

ჭკვიანურად იქცევიან ამერიკელები, ქვეყნიდან ნიჭიერი, გონიერი ხალხი მიჰყავთ და იტოვებენ. ვინც სპეციალისტად ვერ ივარგა, იმათ პოლიტიკურად ამზადებენ და უკან გვიგზავნიან  კონკრეტული დავალებებით. ეს ხალხი მერე „თავისუფლების ინსტიტუტში“ და „სოროსის  ფონდში“, სხვა არასამთავრობოებში, ტელევიზიებში, უნივერსიტეტებში, ხელისუფლებაშიც შეძვრნენ და მათი მეშვეობით წამლავენ და ანგრევენ ქვეყანას. დღეს ჩვენთან ყველაფრის გაკეთება შეიძლება უზნეობის ზეიმია!

ჩვენ ხელისუფლების ფუნქცია გაცნობიერებული არ გვაქვს სწორად. ხელისუფლების ფუნქცია არ არის არც გზის დაგება, არც პენსიის გაზრდა  და არც სხვა ბევრი რამ, მათ ისეთი სოციალური პოლიტიკა უნდა შექმნან, რომ ადამიანი დაცული იყოს.

დღეს გვაქვს ბიზნესი, რომელიც აგებ ულია ძმაკაცობაზე, არანაირი კონკურენცია არ არის ქვეყანაში. 90% ბიზნესმენებისა არის დანიშნული. ასე იყო სააკაშვილის დროს და ასეა ახლაც. მოწოდებით ბიზნესემნი აღარ დარჩა ქვეყანაში. ბიძინა რომ მოვიდა ბიზნესმენთა უმეტესობას ჩალაგებული ჰქონდა ჩემოდანი და გარბოდა. დღეს ისე არიან აპარპაშებული, ამდენს სააკაშვილის დროს ვერ ბედავდნენ. სააკაშვილს იმას გაუბედავდა საბანკო ბიზენესი, რასაც დღეს აკეთებენ> წელიწადში მინიმუმ ერთხელ სავალდებულო გახადეს ლარის კატასტროფულად გაუფასურება, ხალხს აღატაკებენ და თავად მილიონებს შოულობენ.

 ქვეყანაში  უნდა იყოს ნიჭის ძალაუფლება, რომელ ნიჭის ძალაუფლებაზეა ლაპარაკი, სუსტი ხელისუფალი მოდის და თავისზე სუსტს ეძებს. კი, პოლიტიკაში კონკურენცია უნდა იყოს, მაგრამ რაც ჩვენთან ხდება, ეს კონკურენცია  არ არის, სადღა დარჩნენ კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ძალები? ზოგი იყიდეს, ზოგი სხვაგვარად ჩაძირეს, ზოგმა თავად დაიმარხა თავი. ზოგი წარსულს ვერ სწყდება  და დარჩა დღევანდელი ხელისუფლება კონკურენტის, ოპოზიციის გარეშე. პოლიტიკური კონტროლი საერთოდ არ არსებობს ქვეყანაში. ხელისუფლებასაც ეს უნდა, რასაც უნდა იმას აკეთებს და ცხადია, ხალხისა და ქვეყნის საწინააღმდეგოდ.

 – მართლა იქცევა ქვეყანა, ბატონო თემურ, პოლიტიკოსებს სათავისოდ უნდათ ეს ქვეყანა და ჭკუასაკითხავი ინტელიგენცია სად არის ამ დროს? როცა აღარაფერი დარჩება საქართველოსგან, მერე გამოჩნდებიან? მერე ვის რაში სჭირდება?

– ბევრს წყინს  მე რომ ვწერ – დუმს ინტელიგენცია-მეთქი. დუმს, ფაქტია,  გაიყიდა. ძალიან ბევრი  ინტელიგენტი გაიყიდა და თვითონ იღებს ფულს და წყნარად არის. იცოდა ამ ფულის დამრიგებელმა, თუ 100-500 კაცს გააჩერებდა  ქვეყანაში. მერე ყველა მოწინააღმდეგეს იოლად  დაამარცხებდა. ინტელიგენციაა ქვეყნის წარმმართველი და როცა ინტელიგენციას მოისყიდი ფულით, ის დუმდება. საქართველოში კატეგორიები დაიკარგა. მთელ მსოფლიოში ინტელიგენცია ხელისუფლებისაგან იცავს ხალხს.

 – ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღღმა რატომ არის, ბატონო თემურ?

არ ვიცი, მაგრამ ეს ნამდვილად დიდი უკუღმართობაა. ეს იმიტომ მოხდა, ასე, რომ ინტელიგენციას გაუჭირდა ძალიან და ეს დღეს არ მომხდარა. ვინ უნდა იყოს მილიონერი ქვეყანაში? მეცნიერი, მწერალი, მხატვარი, სპორტსმენი… დღეს  უწიგნურები არიან მილიონრები ქვეყანაში და ეს წიგნიერი ხალხი იყიდეს. გამოფხიზლდით რა, განათლებულო ადამიანებო! თქვენ რომ კარგად ცხოვრობთ, გამოდით გარეთ და ნახეთ, ხალხი რა დღეშია, პური და წამალი ენატრება ხალხს. სხვაზე არაფერზე დარდობს,. გმინავს ხალხი გაჭირვებისგან. თქვენ რომ 2000, 3000 და 5000 ლარს იღებთ ყოველთვე საჩუქრად, ამის გამოა ვინმე კარგი? ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის, პროგრესი გააჩერა ამ ფულის დარიგებამ.

პირველი კონფლიქტი ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის იცით რატომ  მოხდა? მისი ძმა იყო ჩვენს შორის შუამავალი. ვუთხარი, ნუ არიგებ  ამ ფულს- მეთქი. მე წელიწადში 20 მილიონ დოლარზე მეტი მიჯდება საჩხერეო  და იმერეთის გუბერნატორი უკმაყოფილო რატომ ხარო. უკმაყოფილო ვარ, აბა რა ვიქნები, წელიწადში 20 მილიონის სამუშაო ადგილები შექმენი საჩხერეში და ეგ უკეთესია – მეთქი შევუთვალე. საჩხერეში 500 მილიონზე მეტი დახარჯა. მგონი ხალხი უკვე შრომას გადაეჩვია. ამდენი ფულის დარიგებას, ერთი ბანკი შეექმნა, წლიურად 2-3%იანი სესხი გაეცა. მათხოვარი რომ ზის გარეთ, ისიც კი დაიწყებდა ბიზნესს. დღეს გვეყლებოდა მილიონერი მწერლები, ხელოვანები და  ისე  დაბეჩავებული არ გვეყოლებოდა ეს ხალხი.

წამლის ბიზნესია ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში და ჯანდაცვის მინისტრია ყველაზე რეიტინგული მინისტრებს შორის. ირაკლი მენაღარიშვილი რომ იყო ჯანდაცვის მინისტრი, 20 მილიონი ჰქონდა ბიუჯეტი. დღეს მილიარდზე მეტი აქვს ბიუჯეტი ჯანდაცვას და უამრავი პრობლემაა მაინც, რეალურ ფასზე 3-4-ჯერ ძვირად  ვყიდულობთ წამლებს, ფარმაცევტული კომპანიები ამ ჩვენი ფულიდან გადასახადებს იხდიან ბიუჯეტში, მერე იმ ფულით ფინანსდება ეს დზღვევა და სხვა სოცპროგრამები. არა, თუ მაზღვევ, ჯერ დიაგნოსტიკა დამიზღვიე,  გამოკვლევები ჩავიტარო, რომ ვიცოდე, რა მჭირს, დროულად ვუშველო თავს. ყველაზე ძვირი დიაგნოსტიკა ღირს. და ვერ  მიდის ხალხი გამოკვლევებზე. მერე აღმოჩნდება, ადამიანს მე-4 სტადიის სიმსივნე და იმას კი უფინანსებენ, სიცოცხლეს უხანგრძლივებენ. დალოცვილო, დიაგნოსტიკა დამიფინანსე, რომ მე-2 სტადიაში აღმოვაჩინო ეს სიმსივნე, დროულად გაიკეთო  ოპერაცია და ვიცოცხლო და ეს ქიმიო და სხივური თერაპია არ დამჭირდეს.  ქართველი ხალხის ავადმყოფობა უცხოელთათვის იქცა ბიზნესად. შემოდიან თურქები,არაბები, ჩინელები, ხსნიან კლინიკებს და მილიონები მიაქვთ ჩვენგან. კატასტროფაა, ისეთ დღეში ვართ, თქვენ რა გიხარიათ, ბატონებო, ხალხს შიმშილით ძვრება სული, თქვენ ამხელა საჩუქარს იღებთ ხელისუფლებაში ვინც არის, ის ორ მაგდენ ხელფასსა და პრემიას იღებს.

ღმერთმა ყველაფერი დაგვაბერტყა, მოგვცა საუკეთესო მიწა, ჰაერი და როგორ შეიძლება ასეთ ქვეყანაში, ხალხი ასეთ მძიმე დღეში იყოს? რა არ გვივარგა? მართვის სისტემა, მონური ფსიქოლოგია, ან რუსს უნდა ემონო, ამ ამერიკას, მე როდესაც ვამბობ, არც ერთი და არც მეორე არ არის ჩვენი საშველი-მეთქი, ძალიან ბევრი ცნობილი პიროვნება მეუბნება, ეგრე არ გამოვა, ან ერთთან უნდა  ვიყოთ კარგად ან მეორესთანო. არა, ცდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის გარეთაა – რუსეთში და ამერიკაში… სტენდალმა თქვე, თუ არ ვცდები, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის პირველი ნიშანიაო. საქართველოს ჰყავს სწორედ ასეთი ჭკუამოკლე ხალხისგან დაკომპლექტებული ხელისუფლება.

ამათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან და საუბედუროდ,იმდენიც არ იციან,  ის სფერო მართონ, რომელიც მათ აბარიათ. ჭკვიან, ზნეობრივ ხალხის პოლიტიკაში გზა აქვს დახშული.

ხელისუფლების წარმომადგენლები ეკლესიაში რომ მიდიან, მათ მაგიერ მე მცხვენია. კაცო, მაგათ არ მიიღეს ეკლესიის საწინააღმდეგო კანონები, მე და თქვენ ხომ არ მიგვიღია? ეკლესიის მტრებს თავად არ მისცეს მასთან საბრძოლველი ბერკეტები ამ კანონების სახით? ეკლესიაში რაც ხდება, ეს მართლა შიდა განხეთქილება კი არ არის, ეს არის გარედან ,  მტრების მიერ პროვოცირებული. „დეკამერონი“ დაიწერა ეკლესიის ასარევად, მაგრამ  მაშინ ხალხი არ აჰყვა. ეხლა იგივე ხდება. მწერალთა კავშირი ნადგურდება, მეცნიერებათა აკადემია კლუბად აქციეს, ეკლესიაღა შემორჩა ავტორიტეტი და ახლა მის განადგურებას ცდილობენ. ქვეყანას აცლიან ზნეობრივ საფუძველს, რადგან უზნეო ერის გადაგვარება იოლია, მერე ამ უზნეო ხალხის მართვაც ადვილია, რასაც გინდა, იმას აკადრებინებ და გააკეთებინებ…

პირდაპირ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს. ბატონო ბიძინა, არაფერი მინდა თქვენი, არც თქვენი თანამდებობა, არც არაფერი, მომეცით საშუალება, რომელ ქალაქშიც გინდათ, რომელ უწყებაშიც გინდათ, შემიშვით, მომეცით შემოწმების საშუალება და გაჩვენებთ, რომ ქვეყანაში კორუფცია არა მარტო არსებობს, არამედ მართლა  ყვავის  ყველა დონეზე. მიმიშვით ამ დოკუმენტებთან, საზოგადოებისათვის სრულიად მისაღებ 4-5 ადამიანთან ერთად. ასევე, ამ ფაქტების საფუძველზე, დაგიმტკიცებთ, რომ ამ ფულით, რაც ბიუჯეტშია, ხუთჯერ მეტის გაკეთება შეიძლება. ვიდრე დღეს კეთდება. 10 მილიონით რის გაკეთებასაც მე ვაპირებდი ქუთაისში, 700 მილიონია დახარჯული და ამდენი არ გაუკეთებიათ. დეპუტატები უფრო მეტს იხდიან ბიუჯეტში საშემოსავლოს, ანუ მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს. ვგულისხმობ ბიზნესის საშუალო რგოლში დასაქმებულებს. თქვენი თქმის არ იყოს, მართლა ყველაფერი უკუღმაა ამ ქვეყანაში.

ძალიან მომრავლდნენ   პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ ილანძღებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ჩასაფრებულევბი არიან, მეცნიერება არ არის ჩასაფრებული. დღესაც კი, რომან რურუას ბიძინა ივანიშვილზე ცუდს ვერ ეტყვი. ქალბატო ნონა გაფრინდაშვილთან ერთად „სახალხო კრებაში“ ვიყავი, ხმას ვერ ამოიღებდი ბიძინა ივანიშვილზე. შეიძლება ამდგარიყო და გარეთ  გასულიყო. „ქართული ერთობის „ დარბაზში გიგა ბათიაშვილს არნოლდ გეგეჭკორს, ანზორ ერქომაიშვილს, ომარ მხეიძეს, გივი თოდუას, თემურ გუფგუშვილს, რამაზ ყურაშვილს. ცუდს ვერ ათქმევინებ მაგ კაცზე.

 – კი ბატონო, ცუდს არ ამბობენ, და იმიტომ რომ მათ აფინანსებს ივანიშვილი, კარგია ადამიანის მადლიერი რომ ხარ,მაგრამ ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რაც არ უნდა მოხდეს, მის წინააღმდეგ ვერ წავლენ, ხელები აქვთ შეკრული მისგან დავალებულებს და ჩუმად არიან ეს სიჩუმე ღუპავს ამ ქვეყანას.

– იცით, რა არის? ზუსტად ეს ვუთხარი ბოლოს რომან რურუას. თქვენ ხალხი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგაყენებთ, ამას ვეუბნები მეცნიერებს, კულტურის წარმომადგენლებს. კი, ბატონო, ხელისუფლებას   ნუ გააკრიტიკებ, მაგრამ  ეცადეთ, რომ შეიცვალოს პოლიტიკა და ხალხის მდგომარეობა თუ თქვენ ამასაც ვერ აკეთებთ მაშინ არ გვინდა ასეთი რომან რურუა ჩვენ არ გვინდა ასეთი არნოლდ გეგეჭკორი, არ გვინდა ასეთი გივი თოიძე, არ გვინდა ასეთი  რომან მხეიძე. ტარიელ ხარხელაურია ამ გუნდში უძლიერესი პოეტი და სპეტაკი პიროვნება, ხალხნო, აზრზე მოდით! ქვეყანა იღუპება და რად გინდათ ან ასეთი ფული, ან თქვენი კარგად ცხოვრება, როდესაც ხალხი შიმშილის პირზეა?!

ესაუბრა ლევან ჯავახიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *