არნოლდ გეგეჭკორი: საერთო დღესასწაულად გადაქცეული იუბილე

 

ბატონ რომან რურუას 75 წელი შეუსრულდა

ის რაც, 24-25 ნოემბერს მოხდა, ბატონი რომან რურუას იუბილეს სახით (რომლის გადახდას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა!), უდიდესი ნათელი იყო ჩვენი ყოფიერების რუხ ცაზე…
ბატონი რომანი ჩემპიონთა ჩემპიონია ჭიდაობაში – უდავოდ მისაბაძი. მან საქართველოს სახელი კუნთებითა და ერთდროულად სხარტი აზროვნებით გაიტანა პლანეტაზე!…
ბატონი რომანი ჩემპიონია ქართული აზროვნებით, რომელიც, უწინარესად, ჩვენს თვითმყოფადობას (იდენტობა) განასახიერებს…
ბატონი რომანი აქტიური სპორტის დამთავრების შემდეგ ფრიად წარმატებული ორგანიზატორი იყო ქართული სპორტის განვითარების საქმეში…
ბატონი რომანი, მისაბაძი და ქველმოქმედი ბიზნესმენი გახლდათ საქართველოს ყველაზე შეჭირვებულ დროს…
ბატონი რომანი ის კაცია, რომელმაც მცხეთის რაიონშო ქვა-ღორღის საკმაოდ დიდი ფართობი მიწიერ, მწვანედ აღაღანებულ სამოთხედ აქცია და ამ თვალთახედვთაც ჩემპიონთა ჩემპიონია, ვინაიდან წინაპრების მსგავსად თავისი ხელით შექმნა ეს რეალური სამოთხე!…
როდესაც ორდღიანი ესოდენ წარმატებული იუბილე-დღესასწაული დამთავრდა, ბატონმა რომანმა არაერთი ქართველი პატრიოტისაგან კეთილი სიტყვა და მასთან ერთად არაორდინალური საჩუქარიც მიიღო. ყველაზე გამორჩეული, ცხადია, მის უწმინდესობასთან, ბრძენ პატრიარქთან ბატონი რომანის შეხვედრა იყო. იგი ფრიად ამაღელვებლად წარიმართა და პატრიარქმა იუბილარს უძვირფასესი საჩუქარი – ,,ნათელი ქრისტესი“ (წიგნი) გადასცა. ერთდროულად, მცირე აუდიტორიის წინაშე დღევანდელობის შესატყვისი არაერთი შეგონებანი წარმოსთქვა.
მეორე დღეს საიუბილეო საღამო წარიმართა პოლიტექნიკური ინსტიტუტის (რომელიც მან დაამთავრა) სააქტო დარბაზში…
ორდღიანი შეხვედრების უბადლო თავკაცი გახლდათ ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი თავის რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. ამ ხალხმა თავიანთი ავტოგრაფები გააკეთეს წიგნზე ,,ეს არის საქართველო“ და ეს მონოგრაფია ბატონ რომანზე დაწერილი მშვენიერი და ღრმად შინაარსიან ბროშურისთან ერთად გადაეცა მის უწმინდესობას…

P.S. ამასწინათ Facebook-ზე გავრცელდა ინფორმაცია ახალგაზრდა, საკმაოდ სიმპათიური ქალბატონისა. თვალში მომხვდა მისი მოუვლელი, თმააწეწილი მომტირალი სახე. იგი ქართველ მამაკაცებს ლანძღავდა უცენზურო სიტყვებით. საქმე ის არის, რომ მათი იძულებითი, ფრიად დამამცირებელი შრომა, მისი აზრით, ქართველი მამაკაცების უუნარობითა და სიზარმაცით არის გამოწვეული…
ეს, სამწუხაროდ, მასობრივად ქცეული ტრაგედია სრულიად საქართველოსი ამ ქალბატონის პირით ნათქვამი ისე მომხვდა გულში, საფიქრებელია ოდესმე გონებიდან წაიშალოს…
საბედნიეროდ , როგორც თვითონ ხვდებით, პოლუსურად საპირისპირო პიროვნებებთანაც (მამაკაცებთან) გვაქვს საქმე. ერთ-ერთ ასეთ ფრიად გამორჩეულზე ზემოთ იყო საუბარი. გასაგებია, ვისზე და რაზე არის საჭირო სწორების აღება…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *