(tabula)თემურ შაშიაშვილს საქართველოს პრეზიდენტობა სურს

თემურ შაშიაშვილს საქართველოს პრეზიდენტობა სურს. ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საინიციატივო ჯგუფმა უვკე წარუდგინა. საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ზაურ ნაჭყებია, დავით ხოსიაური, ლელა ებრალიძე, გიორგი წერეთელი, გელა ფარჩუკიძე, გიორგი ანჩაბაძე და ინეზა იამანიძე.

მათი თქმით, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ პრეზიდენტის სავარძელი დესტრუქციული ძალების ხელში აღმოჩნდეს, ამიტომ წარადგინეს თემურ შაშიაშვილი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა “ნოვატორული იდეებით”.

“სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა პრეზიდენტობის კანდიდატად წარგვედგინა ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი, რომელმაც მიუხედავად კორუფციული სახელისუფლებო რეჟიმის პირობებში ქუთაისის და იმერეთის რეგიონის ხელძღვანელად მუშაობისა, თავისი ცხოვრების წესით მოახერხა შეენარჩუნებინა უმწიკვლო ჩინოვნიკის სახელი. მეტიც, იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ნოვატორული იდეებით და ყველგან და ყოველთვის საკუთარ ხელწერას ტოვებდა”, – აღნიშნულია თემურ შაშიაშვილის პარტია “თეთრების” ვებ-გვერდზე.

საინიციატივო ჯგუფი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება და ზოგადად პრეზიდენტის ინსტიტუტი საკმაოდ დაკნინებულია, მაგრამ ეს თანამდებობა შემთხვევითი და დესტრუქციული ადამიანების ხელში არ უნდა აღმოჩნდეს.

“არადა, თუ უკვე დასახელებული კანდიდატებით ვიმსჯელებთ, ამის საშიშროება რეალურად არსებობს! უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან სალომე ზურაბიშვილისადმი მხარდაჭერა თვალის ახვევაა (სხვათაშორის, თუ სოციალური ქსელებით და პირადი კონტაქტებით ვიმსჯელებთ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ზურაბიშვილისადმი დამოკიდებულება არც თუ ისე სახარბიელოა) და საბოლოო მომენტში შესაძლოა ხელისუფლების მხარდაჭერის ვექტორი “ევროპული საქართველოსკენ” (ე.წ. ბოკერიას გუნდი) გადაიხაროს. შესაძლოა ეს ვერსია ვინმეს უტოპიად მოეჩვენოს, მაგრამ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის, დავით ბაქრაძის გაპრეზიდენტებაც!!!

თუ რა პერსპექტივა იქნება არჩევნების ასეთი შედეგით დასრულება საქართველოსთვის, ამის გაცნობიერება საზოგადოებას არ უნდა გაუჭირდეს…

ჩვენ დღემდე იობის სიმშვიდით ვადევნებდით თვალ-ყურს და ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა გამოჩენილიყო დასახელებული კანდიდატების საპირწონე. ვუშვებდით იმ ვერსიასაც, რომ შესაძლოა “ქართულ ოცნებას” ასეთი ინერტულობა საზოგადოების განწყობის შესასწავლად და სიტუაციის დასაზვერად სჭირდებოდა და საკუთარ კანდიდატურას დაასახელებდა, მაგრამ  ეს არ მოხდა.  აქედან გამომდინარე, როგორც ზემოთ ვთქვით, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ პრეზიდენტის სავარძელი დესტრუქციული ძალების ხელში აღმოჩნდეს!!!”,- აღნიშნულია საიტზე.

გარდა ამისა, საინიციატივო ჯგუფი ამბობს, რომ თემურ შაშიაშვილს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებისგან განსხვავებით, შემუშავებული აქვს სახელმწიფოს განვითარების “ორიგინალური პროგრამა”. ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო სლოგანი იქნება “გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ!”.

მათივე ინფორმაციით, თემურ შაშიაშვილს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს ოფიციალურად რამდენიმე დღეში წარადგენენ.

“ზურგის ქარი გვინდა ვუსურვოთ საარჩევნო მარათონში, საზოგადოებას კი დაბეჯითებით ვეტყვით: ჩვენი არჩევანი სწორია, ქვეყანას წაადგება, თუ იგივე იქნება თქვენი არჩევანიც!”, – ამბობენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

შაშიაშვილი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე ქუთაისი მერი და იმერეთის მხარის გუბერნატორი. მან თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილთან დამარცხდა.

2009 წელს თემურ შაშიაშვილმა პოლიტიკური პარტია “თეთრები” დააფუძნა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. თავად შაშიაშვილს ქუთაისის მაჟორიტარობა სურდა, თუმცა “ქართული ოცნების” კანდიდატმა დაამარცხა.

 

http://www.tabula.ge/ge/story/135992-temur-shashiashvils-saqartvelos-prezidentoba-surs

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *