(newposts.ge)„გთავაზობთ თანამშრომლობის პოლიტიკას“ – პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი საარჩევნო კამპანიას იწყებს

საქართველოს პრეზიდენტობისთვის კიდევ ერთ კანდიდატი იბრძოლებს – თემურ შაშიაშვილმა, რომელიც უკვე დარეგისტრირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მედიასთან დღეს პირველი შეხვედრა გამართა და თავის გეგმების შესახებ ისაუბრა.მისი თქმით, საარჩევნო პროგრამას ისინი ბორჯომში მომავალ კვირას წარადგენენ.

“უდიდესი წარსულის და ასეთივე მომავლის ქვეყანა – ჩვენი სამშობლო საქართველო, პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკოსთა უაზრო დაპირისპირების მსხვერპლი გახდა.

ეს არის არა იდეათა, პროგრამათა და პოზიციათა დაპირისპირება, არამედ გარედან მართული და დაფინანსებული პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირება ფულის და კიდევ უფრო დიდი ფულის შოვნის პოლიტიკური უფლების მოპოვებისთვის.

მწამს და მჯერა: მსოფლიო გამოცდილება ამას ადატურებს, ამის მაგალითია დამოუკიდებლობის ეს ოცდაათი წელიც, დაპირისპირება სუსტების პოლიტიკური მექანიზმია თავიანთი გავლენის დამკვიდრებისთვის და შედეგად მივიღეთ უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე. დღეს ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ერთნაირად უბედურია მდიდარიც და ღარიბიც, ეს უნდა დამთავრდეს.“ – განაცხადა შაშიაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ყველა პოლიტიკურ ძალას თანამშრომლობას სთავაზობს. შაშიაშვილი ხელისუფლებას და პრეზიდენტობის კანდიდატებს თანამშრომლობის პოლიტიკას სთავაზობს.

„უნდა დამთავრდეს პოლიტიკურ სამთავროებად საქართველოს დაყოფა. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ დაპირისპირებას და ყველას ვთავაზობთ თანამშრომლობის პოლიტიკას. თანამშრომლობა მხოლოდ ძლიერთ შეუძლიათ. ხელისუფლებავ, პრეზიდენტობის კანხდიდატებო, თუ ძლიერები ვართ, გადავდგათ ეს ნაბიჯი ამ საპრეზიდენტო არჩევნების დროს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე ერთად დავასრულოთ ქვეყანაში პოლიტიკოსების პარპაში, პოლიტიკურ პარტიათა აღვირახსნილობა, ხალხს დავუბრუნოთ პარტიებისა და პოლიტიკოსების მიერ წართმეული საქართველო და ფულისუფლების ქვეყნიდან წავიდეთ ნიჭის ძალაუფლების სახელმწიფოსკენ.

ჩვენი პროგრამა – ეს არის გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. ჩვენ მას ბორჯომში წარვადგენთ მომდევნო კვირაში. ეს არ იქნება მხარდამჭერთა შეხვედრა. პრეზიდენტობის კანდიდატს ყველასთან უნდა შეეძლოს საუბარი. ის ყველას პრეზიდენტობის კანდიდატია.

თანამშრლომლობის პირველი ნაბიჯი სწორედ ის არის, რომ წარდგენაზე ვიწვევთ ხელისუფლებას, პარტიებსაც და, რაც მთავარია, კოლეგებს – პრეზიდენტობის კანდიდატებს. ჩვენ ვართ ღია და ნებისმიერ ჩვენს შეხვედრაზე მივესალმებით მათ მონაწილეობას. დიდი სიამოვნებით მივიღებთ მათ ყველა მოწვევას, იქნება ეს საერთო ხასიათის, თუ მიზნობრივი შეხვედრა.

სამწუხაროა, რომ ხალხს, მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩეველს დამოუკიდებელი საქართველოს თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში, არ უნახავთ მათ წინ ცოცხლად მოპაექრე პოლიტიკოსები. პატივი ვცეთ ამომრჩევლებს. პატივი ვცეთ ჩვენს მეცნიერებს, ჩვენს ინტელიგენციას საერთოდ და დავდგეთ მათ წინაშე ერთად. ვთქვათ ჩვენი აზრიც, მოვუსმინოთ მათაც და ერთად ვუპასუხოთ მათ შეკითხვებს“ – განაცხადა შაშიაშვილმა

მისი თქმით, ერთობლივი მოქმედებისთვის სასურველია სამუშაო ჯგუფის და თითო ადამიანის გამოყოფა. საკუთარ წარმომადგენლად შაშიაშვილმა ლელა ებრალიძე დაასახელა

„ამას სჭირდება ორგანიზება, პრეზიდენტობის ყოველმა კლანდიდატმა დავასახელოთ თითო თითო კაცი, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და სრული კონსესუსით მივიღოთ ასეთი შეხვედრების გამართვის პრინციპები.

ჩვენ დღესვე ვასახელებთ ჩვენს კანდიდატურას – ქალბატონ ლელა ებრალიძეს.

ვფიქრობ, არასწორია, როცა სახელმწიფოსგან დაფინანსებული ორგანიზაციები, ეს ეხება უპირველესად განათლების, კულტურის, მედიცინის სისტემას, ხვდებიან მხოლოდ სახელისუფლებო კანდიდატს, ან კიდევ ყოფილი ხელისუფლების კანდიდატებს. საერთოდ, ვისურვებდი, რომ განათლების, კულტურის და მედიცინის სისტემის პოლიტიზება არ მოგვეხდინა, არ შევხვედროდით ამომრჩევლებს მწერალთა და საერთოდ, შემოქმედებით კავშირებში. ამომრჩევლებს ქალაქებში, სოფლებში, რაიონებში, უბნებში – საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა ვხვდებოდეთ“ – აცხადებს შაშიაშვილი.

პრეზიდენტობის კანდიდატი კონკურენტებს სთავაზობს თემატურ შეხვედრებს ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემების განსახილველად. შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ ერთობლივი დისკუსია საზოგადოებაში დაასრულებს სოციალურ დემაგოგიას და „ხალხის გაბრუებას“.

„პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს ვთავაზობთ ერთობლივ თემატურ შეხვედრებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებთან დაკავშირებით: ტერიტორიული მთლიანობა, უმუშევრობა, საპენსიო სისტემა, ახალგაზრდობის პოლიტიკა, განათლება, კულტურა, მედიცინა, სპორტი, საბიუჯეტო მოწყობა, საფინანსო და ეკონომიკური სისტემის დეცენტრალიზაცია, სოფლის მეურნეობა. ბიზნესის პრობლემები, სამხედრო სტრატეგია და მრავალი სხვა.

ერთად შეხვედრა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს და დაამთავრებს სოციალურ დემაგოგიას და ხალხის ზღაპრებით გაბრუებას. დღემდე ხომ ერთი მილიონი სამუშაო ადგილი უნდა შეგვექმნა, დღემდე ხომ კორუფცია უნდა დაგვემარცხებინა, დღემდე ხომ სიღარიბე უნდა დაგვეძლია, დღემდე ხომ ცივილიზებული საბანკო სისტემა უნდა შეგვექმნა, დღეს ხომ სამართლიანი სასამართლო უნდა გვქონდეს და საერთოდ, სამართლიანობა უნდა იყოს დადგენილი. ეს ხომ ის ლოზუნგებია, რომლითაც დამოუკიდებელ საქართველოში იმარჯვებდნენ პარტიები. რომელი ერთია შესრულებული?! პასუხი ხომ უნდა ვაგოთ პოლიტიკოსებმა?! ამ არჩევნების დროს, გულწრფელად ბოდიში მაინც უნდა მოვუხადოთ ხალხს!

ვინმე იტყვის, ეს დისკუსიები ხომ ტელევიზიებით მიდისო. აქაც ნუ ვატყუებთ ხალხს. ჯერ ერთი, სამარცხვინო და დისკრიმინაციული და პირდაპირ ვიტყვი, ანტიკონსტიტუციურია კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებად დაყოფა. და რაც მთავარია, კიდევ უარესი: ტელევიზიებს თავიანთი პრეზიდენტობის კანდიდატები ჰყავთ. ეს ტრაგედიაა! თანამედროვე მსოფლიოში დღეს ეს მხოლოდ განუვითარებად ქვეყნებში თუ ხდება.

ნუ მივაყენებთ შეურაცჰყოფას ჩვენს ხალხსა და ქვეყანას. მხოლოდ ღია და პირდაპირი შეხვედრები, ყოველგვარი პომპეზურობის, მოსაწვევი ბარათების, ტაშისა და ფამილარობის გარეშე! ეს, მხოლოდ ეს გაგვიყვანს სწორ გზაზე, გაგვაერთიანებს ხალხს და ქვეყანას მომავლის საქართველოსთვის!

დიდი საქმის შესრულება შეუძლიათ ქალაქებისა და რაიონების სახელით შექმნილ ორგანიზაციებს (საზოგადოება თბილისელი, ქუთაისელი, ბათუმელი, ფოთელი, რუსთაველი და ა.შ.საბედნიეროდ, ყველგანაა შექმნილი ასეთები). ძალიან ცუდია, რომ ბევრმა მათგანმა სახელისუფლებო კანდიდატის მიწვევით დაიწყო. პოლიტიკაში მაინც უნდა დამთავრდეს სახელისუფლებო მონოპოლია, რომელიც ოცდაათი წელია ებრძვის საქართველოს და ქართულ სულს“ – განაცხადა შაშიაშვილმა.

http://www.newposts.ge/?l=G&id=184689-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%2C%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%2C%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *