(2020news.ge)თემურ შაშიაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს

პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს და პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს.

შაშიაშვილის თქმით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ძალიან რთულია.

„მდგომარეობა იმაზე უარესია, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. მინდა, ვცდებოდე ამ შეფასებაში, მაგრამ ნაბიჯები, რომელსაც თქვენი თავმჯდომარეობით დგამს მმართველი პარტია, ამას ადატურებს. ამას ადასტურებს ის თვითკმაყოფილებაც, რომლითაც ადრეც ავად იყო ყველა პოლიტიკური ძალა. ახლანდელი თვითკმაყოფილება ზომიერების ყველა ფარგლებს გასცდა. თქვენ არ შეიძლება გქონდეთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე თუნდაც იმის გამო, რომ ხართ ადამიანთა ორი გუნდის გარემოცვაში: ერთია ოპოზიცია, რომელიც ჩასაფრებულია და ყველაფერს მუქ ფერებში წარმოადგენს, მეორეა – თქვენი პოლიტიკური გუნდი და თქვენი მაქებარ-მადიდებელი ინტელიგენცია. გიფრთხილდებიან, ეტყობა გიმალავენ იმ რეალობას, თქვენი მსახური სპეცსამსახურები და არ თქვენი ოჯახის წევრებიც, რაც მათ იციან არსებულ მდგომარეობაზე და მათ იმის მეასედიც არ იციან, რაც რეალურად ხდება“, – წერს შაშიაშვილი ღია წერილში.

„თქვენს წინაშე დღეს მძიმე რეალობაა: ისეთივე, როგორიც ჰქონდათ თავის დროზე ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს, რომელთაც გამოუვიდათ საკუთარი თავის ღალატი დასავლეთის სოროსული ძალებისადმი ერთგულების ფასად.

ბატონო ბიძინა, თქვენ ხელიდან გაუშვით უნიკალური შანსი- შექმნილიყო ქართული კონსტიტუცია ნამდვილი ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

თქვენ ამჯობინეთ ნაცების მსგავსად, პარტიული კონსტიტუციის შექმნა.

ნუთუ გჯერათ, რომ ადამიანები, რომლებიც ამდენ ფულს არ იშურებენ ათასგვარ უზარმაზარ ბანერებსა და პლაკატებში, გამარჯვების შემთხვევაში, წესრიგს მოიტანენ ქვეყანას?! დღეს ისინი და მათი მხარდამჭერნი ყიდულობენ ხმებს, ანუ არჩევნებს აყალბებენ – ყალბის მქნელს კი ღმერთი დასჯის“!

თემურ შაშიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არასდროს პატიობს განწყობას „რაც მინდა, იმას გავაკეთებ“

„დღეს თქვენს წინაშე, არის ნათელი და ბნელი პერსპექტივა: ნათელი ნამდვილად მართალ, დემოკრატიულ არჩევნებთან არის დაკავშირებული; ბნელი – არჩევნების გაყალბებასთან და თქვენს მიერ იმის დადასტურებასთან: რაც მინდა იმას გავაკეთებო. ქართველი ერი ამ განწყობას არასდროს, არავის პატიობს! ასეთივე განწყობა გამოხატა თქვენდამი მიმართვაში ბატონმა ლევან ვასაძემ. მე ვიზიარებ პათოსს, რომელიც მას ჰქონდა. მერწმუნეთ, არ არიან თქვენი მტრები ისინი, ვინც სიმართლეს გეუბნებიან. თქვენი და საქართველოს მტრები არიან ისინი, ვინც თქვენ ტაშს გიკრავენ. გაქებენ, გადიდებენ და გვერდზე ქილიკობენ. ასე წაშალა საკუთარი თავი ჩემთვის საყვარელმა კონორეჟისორმა გიორგი შენგელაიამ, რომელმაც ჯერ ქება-დიდებით აგავსოთ, მერე კი უწიგნური გამოგიყვანათ“!

თემურ შაშიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში საშინელი საარჩევნო სივრცეა შექმნილი.

„სირცხვილია, ამ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება სივრცეში, სადაც მოქმედებს დრაკონული კანონები კვალიფიციური და არაკვალიფიციური სუბიექტების შესახებ.

მძიმე, მაგრამ ლიტერატურული გამოთქმა მინდა გამოვიყენო: ცხვირაწეული გვიყურებენ, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ბატონები გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე. ეს სენი ბოლო ხანს ბატონ დავით უსუფაშვილსაც გადაედო, მათ არაერთხელ შევთავაზე დებატები ამომრჩევლების წინაშე, ტელევიზიაში, ღია სივრცეში. ყოველთვის უარი მივიღე. პოლიტიკოსები, რომელთაც თანამემამულეებთან საუბრის ეშინიათ, უცხოელ პოლიტიკოსებს, გარე მტრებს დაუსხდებიან მაგიდასთან?!

მათ მთელი საინფორმაციო სივრცე უჭირავთ ხელში – საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ მე კენჭს ვიყრი საპრეზიდენტო არჩევნებში, მეტიც, ბოლო სამი დღეა ფეისბუქი დამიბლოკეს, და ხალხთან სრულფასოვანი ურთიერთობების საშუალებაც კი წამართვეს“.

შაშიაშვილი ივანიშვილს მოუწოდებს, დახარჯოს მილიონები და თანაბარი საარჩევნო აგრემო შექმნას.
„რომ ამბობთ, ფონდს ვქმნი, კეთილ საქმეთა შესასრულებლადო, დღეს უფრო კეთილი საქმე წარმოუდგენელია ვიდრე თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის და ამ გზით, საქართველოს მოსახლეობის ნების სწორად გამოხატვის უზრუნველყოფა?!

დახარჯეთ ეს თქვენი მილიონები და თანაბრად შეუძინეთ სატელევიზიო ეთერი ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, რადგან სწორედ თქვენი და თქვენი წინამორბედი ხელისუფლებების დროს შეიკრა გორდიას კვანძი არათანაბარი პოლიტიკური პირობებით.

დროულად გახსენით ეს კვანძი, თორემ როგორც ისტორია გვიჩვენებს – მას დაუნდობლად გაჩეხვა მოუწევს!
მინდა იცოდეთ რომ დღევანდელი კანდიდატების დიდი ნაწილი შექმნა თქვენმა ხელისუფლებამ და სააკაშვილის რეჟიმმა.

მე კი, ჩემი თავი თავად შევქმენი, “- წერს თემურ შაშიაშვილი.

 

წყარო: https://2020news.ge/2018/10/12/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A0-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90/

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *