საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის _ თემურ შაშიაშვილის პოლიტიკური დეკლარაცია

მე მოვდივარ ქვეყნის მართვის ახალი სისტემით, რომლის საფუძველი იქნება არა დღევანდელი _ რაც შემიძლია ვაკეთებ _ არამედ ქვეყნის შესაძლებლობის მაქსიმუმისთვის ყოველდღიური მუშაობა.
მე მოვდივარ იმ პროგრამით, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების მიერ მთავარი ფუნქციის შესრულებას: შექმნას კონკურენტული გარემო და დაიცვას ადამიანი.
მე მოვდივარ იმ პროგრამით, რომ ხელისუფლება გადასახადის ამოღებით კი არ იყოს დაკავებული, არამედ თავის უპირველეს საქმედ თვლიდეს, ადამიანები აქციოს გადამხდელუნარიანებად… დღევანდელი დამამცირებელი ბრძოლა არსებობისთვის შეიცვალოს შესაძლებლობების რეალიზაციის სისტემით.
მე მოვდივარ საქართველოს გაერთიანების, ჩვენს ძმებთან _ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების აღდგენის, თაობათა ერთიანობის, საქართველოში და საქართველოს გარეთ მცხოვრებთა ერთიანობის პროგრამებით.
მე მოვდივარ წინადადებით, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში დაბადებული ქართველი და აფხაზი დაბადებისთანავე საქართველოს მოქალაქედ ითვლებოდეს, რადგან ორივენი ერთი მიწის შვილები ვართ და სხვა სამშობლო არ გაგვაჩნია.
მე მოვდივარ საქართველოს თითოეული მოქალაქის, მიუხედავად მისი ეროვნებისა და რელიგიური მრწამსისა, დაცვის გარანტად.
მე მოვდივარ იმის გარანტად, რომ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს შვილებს საზღვარგარეთის ქვეყნებში ჰქონდეთ იგივე უფლებები, როგორიც ამ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს აქვთ საქართველოში.
მე მოვდივარ საფინანსო და ეკონომიკური სისტემის დეცენტრალიზაციის, რეგიონებისადმი, განსაკუთრებით ქალაქებისა და რაიონებისადმი, მხარდაჭერის, სოფლისთვის ისტორიული სტატუსის დაბრუნების პროგრამით; იმ წინადადებით, რომ გუბერნატორებს ცენტრი კი არ ნიშნავდეს, არამედ რეგიონების საკრებულოების წევრები ირჩევდნენ;
მე მოვდივარ იმ პროგრამით, რომ საქართველოში დასრულდეს გარედან დაფინანსებული მართული პარტიების, პოლიტიკოსების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პარპაში.
მე მოვდივარ სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის დადგენის გარანტად.
მე მოვდივარ იმის გარანტად, რომ საქართველოში დამკვიდრდება პრინციპი: ქვეყანას მართავს ხალხის მიერ თავისუფლად არჩეული ხელისუფლება; ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა; რომ საქართველოში დასრულდება ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით ცხოვრება… იმის გარანტად, რომ დასრულდება უზნეო უმცირესობის ბატონობა ზნეობრივ უმრავლესობაზე და ქვეყნის ბატონ-პატრონი იქნება ხალხი.
მე მოვდივარ იმის გარანტად, რომ იყოს მხოლოდ ერთი ძალაუფლება _ ნიჭისა და ზნეობის ძალაუფლება.
მე მოვდივარ წინადადებით, რომ საქართველოს ტერიტორიიდან სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი არასდროს დაიწყება.
მე მოვდივარ იმის გარანტად, რომ ნამდვილ მეწარმესა და ბიზნესმენს არ სჭირდებოდეს ხელისუფლების კეთილგანწყობის ყიდვა ბიზნესის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.
მე მოვდივარ ისეთი სისტემის შექმნის გარანტად, როდესაც სახელმწიფო სამსახურში სამუშაოდ მოვლენ მაღალმორალური, მაღალკვალიფიციური, საქმისათვის და ქვეყნისთვის თავდადებული პიროვნებები; როცა შეუძლებელი იქნება არაკანონიერი და არამორალური გზით ქონების მოხვეჭა. ამ თეზის განსამტკიცებლად მე წარმოვადგენ ჩემს ხელწერილს, იმედია, კოლეგა-პრეტენდენტები გაასაჯაროებენ თავიანთ ანალოგიურ დოკუმენტს. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, შეიქმნება იურიდიული საფუძველი იმისა, რომ ყველა მოხელე ვალდებული იყოს, წარმოადგინოს ანალოგიური. აქვე დავძენ, რომ ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც დაიცავს მოქალაქეების მიერ კანონიერი გზით მოპოვებულ მატერიალურ სიკეთეებს.



