(euronews.ge),,ვთხოვ ტელევიზიებს, რომლებიც ივანიშვილთან ინტერვიუზე იყვნენ, თუ რეალობა აინტერესებთ, შემხვდნენ მეც”

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, თეიმურაზ შაშიაშვილი რეგიონებიდან დედაქალაქში დაბრუნდა. როგორც თავად განაცხადა, მან ფეხით შემოიარა ბევრი ქალაქი და სოფელი, შეხვდა და ესაუბრა მოქალაქეებს. პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ხალხს უკიდურესად უჭირს და მათი განწყობაც არ არის ისეთი, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება.

თეიმურაზ შაშიაშვილი ხალხის განწყობის შესახებ სასაუბროდ ჟურნალისტებს შეხვდა.

თეიმურაზ შაშიაშვილი: 

_ დღეს დავბრუნდი რეგიონებიდან. ბიძინა ივანიშვილმა თავის ინტერვიუში შეფასებები გააკეთა იმ მოსაზრებებზე, რომელიც, თურმე  აქვს საქართველოს მოსახლეობას. რეგიონებში ფეხით დავდიოდი და ქუჩაში ვხვდებოდი ხალხს და არა მხოლოდ ჩემს მხარდამჭერებს, ვისმენდი მათ მოსაზრებებს. ადამიანები ცხოვრობენ სიდუხჭირეში და ვერ ხედავენ ვერანაირ წინსვლას. ზოგადი შეფასებით კი მდგომარეობა ქვეყანაში არის უკიდურესად მძიმე. ბიძინა ივანიშვილის შეფასებები არის რეალობას მოკლებული.

ივანიშვილს ჩვენ მივმართეთ თხოვნით, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს, ტელევიზიებში ჰქონოდათ საშუალება, რომ თანაბრად წარედგინათ საკუთარი პროგრამა და პოზიცია. ივანიშვილს შექმნილი აქვს ფონდი, რომლის საშუალებითაც  შესაძლებელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა.  ის თვლის, რომ ფონდი აკეთებს დიდ ეროვნულ საქმეებს, მაგრამ სწორი არჩევანის გასაკეთებლად ხალხის დახმარებაზე უფრო დიდი ეროვნული საქმე რა არის? იმის ნაცვლად, რომ ბატონ ბიძინას ჩვენთვის მოეცა დრო ტელევიზიებში, თავად დაჯდა იქ სასაუბროდ. მისი ინტერვიუდან კი ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკური მაფია ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლებების პოლიტიკური ძალების ერთობით და სხვისი შეშვება აღარ უნდათ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ამ პოლიტიკური მაფიის გარღვევა, რაც დრო გავა, უფრო რთული იქნება.

ივანიშვილმა ჩვენ გვიწოდა ადამიანები, რომლებიც ფეხებში ვებლანდებით. არადა, პირადად მე, დიდ საქმეებს ვაკეთებდი მაშინაც, როცა ბიძინა ივანიშვილი უბედურებას აფინანსებდა (ინტერვიუს დროს თავად უწოდა უბედურება წინა ხელისუფლებას). დიახ, თავად აფინანსებდა მას და მე არ დამიფინანსებია.

ვთხოვ იმ ტელევიზიებს, რომლებიც იყვნენ ინტერვიუზე ბიძინა ივანიშვილთან, თუ მართლა აინტერესებთ რეალური მდგომარეობა, შემხვდნენ მეც. მე ვარ ის პიროვნება, რომელიც 5 ათას ადამიანს მაინც შეხვდა ქუჩაში. საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში რა განწყობაც არის, კარგად ვიცი და ეს განწყობები არის სრულიად განსხვავებული იმისაგან, რაზეც ივანიშვილი გვესაუბრა.

მაფიოზური პარტიები აცხადებენ, რომ მთელი საქართველო უჭერთ მხარს. მე ვერ ვნახე ადამიანები, რომლებიც ან ნაციონალური მოძრაობის მიმართა არიან კეთილად განწყობილნი, ანდაც ოცნების მიმართ. ბატონმა ბიძინამ თქვა, ჩვენ, ეს სამი პარტია ვართ, სხვები არაფრები არიანო. დანგრეულა საქართველო, თუ მარტო ესენი არიან და სხვა არავინ, თუ გაკრიფეს შუა, რომელსაც წარმოადგენდნენ ეროვნული ძალები. ანტიქართული ძალები ითვისებენ დღეს ქართულ სივრცეს და გვიცხადებენ, რომ სწორედ ისინი არიან მთავარნი და პირველნი.

დარწმუნებული ვარ, სამივე ტელევიზია მიიღებს ჩემს წინადადებას. მე მზად ვარ, მათთან მივიდე, ან შევხვდე სადაც ჩათვლიან საჭიროდ, რათა სრულიად განსხვავებული და ობიექტური მდგომარეობის შესახებ ვესაუბრო ჟურნალისტებს. მერე, ხალხმა განსაჯოს, ვინ ამბობს  სიმართლეს და ვინ იტყუება.

წყარო:http://euronews.ge/%E1%83%95%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94/?fbclid=IwAR1HK4puEgJ9P0SifzW2UrSKjXMGBaEGkkQpQ7Omw4LxICxMyU4zoP02Uxc

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *