(საქართველოს რესპუბლიკა)პარტიებისგან გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაგდებული ხალხი, თვითკმაყოფილი ”ქართული ოცნება”  და გაბოროტებული ”ნაცმოძრაობა” საკუთარი დანაყოფებით!

მეგობარო, იმის გამო, რომ პრაქტიკულად არ მომეცა ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის ტელევიზიით წარდგენის და ე.წ. კვალიფიციურ კანდიდატებთან დებატების საშუალება – (ყველა მათგანმა უარი თქვა), იძულებული ვარ, ამ ფორმით შევძლო თქვენთან კონტაქტი – ასე  შემოვიდე  თქვენს  ოჯახში, თქვენს სამეგობროში.

რატომ?

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია: ”ნაციონალების” მიერ  მიღებული კანონით,  რომელიც უცვლელად  დატოვა  ”ქართულმა ოცნებამ” , მთელი ძალაუფლება  ხალხს  კი არა, ამ პარტიებს ეკუთვნით… ეს ნიშნავს კონსტიტუციის უარყოფას – უარყოფილია ქვეყნის ინტერესი, უარყოფილია ადამიანი, მისი უფლებები, უპირველესი პოლიტიკური უფლება: ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ აირჩიოს და არჩეულ იქნას!

დიახ, საქართველოში, ყოვლად  დაუმსახურებელი  პრივილეგია აქვს პარტიის მიერ  წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატს და კიდევ უფრო  განსაკუთრებული –  ყოფილ  და დღევანდელ სახელისუფლებო  პოლიტიკურ  ძალებს, რომლებმაც შეასრულეს  დასავლურ  მასონურ ძალთა დავალება –  „შუა გაკრიფეს“ და ხელისუფლებას პრაქტიკულად ჩამოაცილეს ქართული, ეროვნული ძალები. სწორედ ამიტომ ვცხოვრობთ ასე.

ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება.   ამ ფონზე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი თვითკმაყოფილია –  თვლის, რომ  ყველაფერი  კარგადაა.

ჩვენ  რომ  სიყალბეში  ვცხოვრობთ,  ამის დასტურია კარსმომდგარი არჩევნებიც.    პარტიების მიერ წარდგენილ  კლანდიდატს ”კვალიფიციური” ჰქვია, ხალხის  მიერ წარდგენილს – ”არაკვალიფიციური”. კვალიფიციურს  მინიმუმ  400 ათასი ლარი ეძლევა ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ ხალხის ფული.

რა გამოდის? ხელისუფლების მიერ განებივრებული პარტიები ხალხის ფულით ებრძვიან ხალხის კანდიდატს…

ფაქტია, რომ ხალხის მიერ წარდგენილ კანდიდატს დახშული აქვს სატელევიზიო  სივრცე.  ბატონი ივანიშვილი  ჩვენ  იმ ხალხს გვიწოდებს, რომლებიც ”ფეხებში ებლანდებიან” და რომელთაგანაც არჩევნების შემდგომ უნდა განთავისუფლდეს!

მძიმე რამეს ვამბობ, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას: ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი სატელევიზიო  ინტერვიუთი გვითხრა, რომ სახელმწიფო არ არის საჭირო –  სახელმწიფო ეს მე ვარო! წარსულში სხვებიც ეცადნენ ამას, მაგრამ ქართველი ხალხისგან საკადრისი პასუხი მიიღეს, მე კი იმ თავისუფალი შეხვედრებით, რომელიც მთელ საქართველოში მქონდა მოსახლეობასთან, დავრწმუნდი, რომ  ბიძინა ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, მოაზროვნე ადამიანების თვალში, დასრულებულია – მან თვითონ დასვა ეს წერტილი ბოლო სატელევიზიო ინტერვიუთი.

ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ ასე იქცევა, ეს არ მიკვირს – წარსულში როგორც ჩანს,  ჩვენი მხარდაჭერით გათამამებული, გასულია რეალობიდან და შთაბეჭდილება მრჩება, რომ საქართველო მისთვის ბიზნესპროექტია…შემაძრწუნებელია მისი გაუთავებელი საუბარი საქართველოში კანაფის წარმოებაზე  – იგი ბოლო ინტერვიუში უტეხად გვარწმუნებდა მისი წარმოების აუცილებლობა და ამას იმით ასაბუთებდა, რომ 500 პროცენტიან მოგებას იძლევაო.

 მთელ მსოფლიოში მის გარდა ვერავინ მიხვდა, რომ ეს დიდი ბიზნესია. უბრალოდ, სხვაგან ხალხზე, ახალგაზრდობაზე და მომავალზე ფიქრობენ, მისი ფიქრი კი, მხოლოდ მოგებაა! ყოველივე ამის შემდგომ, მე  იმ ხალხის მიკვირს, ვისაც მოსწონს ”ქართული ოცნება”   ან  დაავიწყდა უახლესი წარსული –”ნაცმოძრაობა”  მისი დანაყოფებით  .

პირდაპირ  ვამბობ: დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებიდან  (ისინი პრაქტიკულად,  ერთი  გარე  ცენტრიდან  იმართებიან)  პრეზიდენტის არჩევა  – ეს ნიშნავს უარესად ცხოვრებას,   მდიდარის კიდევ უფრო გამდიდრებას, ღარიბის გაღატაკებას,  ხოლო ქვეყანაში ოლიგარქიული  მმართველობის დამკვიდრებას – ფულის ძალაუფლებას!!!

ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გზა, რადგან არჩევნებიდან  არა უგვიანეს  ექვსი  თვისა, მივხვდებით, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში,  ბატონი ბიძინა ივანიშვილის რეკომენდირებულის  არჩევით, ისევ შეცდომა დავუშვით.

სად არის გამოსავალი?

თუ ვფიქრობთ მომავლის საქართველოზე, დღეს ქვეყანას სჭირდება  უპარტიო, დიდი გამოცდილების, ქვეყნის პრობლემების რეალურად მცოდნე  და კარგი პროგრამით  აღჭურვილი  პრეზიდენტი, რომელიც  ბევრ სხვა მთავარ საკითხთან ერთად,  შეძლებს  უმთავრესის გადაწყვეტას – ნამდვილად დემოკრატიული საარჩევნო სისტემის  შექმნას და 2020 წელს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე  ვამბობ:  ”ოცნების” ”, ნაციონალური მოძრაობის” , ”ევროპული საქართველოს”  კანდიდატებისთვის ხმის მიცემა – ეს არის ხმის მიცემა საქართველოსა და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

მე არავის მოვუწოდებ, ხმა მომცეს, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი გითხრათ: მაქვს მეცნიერთა დიდ ჯგუფთან ერთად  შექმნილი პროგრამა ”გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ” , მაქვს დიდი გამოცდილება  და კარგად  ვიცნობ რეგიონულ პოლიტიკას, რომელიც დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის.

არაერთხელ დამიდასტურებია  სიცოცხლის ფასად საქართველოსთვის თავგანწირვა.  მე მზად ვარ, თავგანწირვით შევებრძოლო უმძიმეს პოლიტიკურ მაფიას, რომელიც  პარტიიდან პარტიაში მომთაბარე და მოთამაშე  პოლიტიკოსების, ოლიგარქების, მუდმივად  ხელისუფლების მომღერალი  ე.წ. ინტელიგენციის ნაზავია.

დღეს ერთადერთს, მხოლოდ  ხალხს შეუძლია ქვეყნის გადარჩენა ამ დამანგრეველი პოლიტიკური ძალებისგან. ამ შანსის ხელიდან გაშვება დანაშაულია!

საჭიროა პრეზიდენტი, რომელსაც ეს ესმის  და გაცნობიერებული აქვს, რომ ხალხს სჭირდება წესრიგი,  ხოლო ქვეყანას არა  პარტიების, არამედ ქვეყნის ინტერესების დამცველი პრეზიდენტი, რომელმაც იცის, რომ საქართველო უნდა განთავისუფლდეს გარედან მართული პარტიებისა და პოლიტიკოსებისგან – პრეზიდენტი, რომელსაც  გაცნობიერებული აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში – ეს ქვეყნის მთავარი დაბრკოლებაა, ხოლო, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესში – ჰაერივით საჭირო!

თავის დროზე არ შემეშინდა  ტანკების წინ დადგომა, რითაც ქუთაისმა ( ზოგადად იმერეთმა), სამეგრელოსა და გურიის მხარდაჭერით, ორჯერ ააცილა დიდი სისხლისღვრა  დედაქალაქს და სრულიად საქართველოს!

მზად ვარ, წინ გადავუდგე პოლიტიკურ  „ტანკებსაც“, რომელიც  ყოველგვარი ქართულის განადგურების პროგრამით მოქმედებს!

ჩემგან ღალატი არ იქნება!

იამაყებს ყველა, ვინც ხმას მომცემს!

 

თეიმურაზ შაშიაშვილი,

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი

 რედაქტორისაგან 

„საქართველოს რესპუბლიკა“ კატეგორიულად არ ეთანხმება ბატონ თეიმურაზ შაშიაშვილის ზოგიერთ მოსაზრებას, მაგრამ ჩვენში „ოცნების“ მიერ დამკვიდრებული სიტყვის თავისუფლების უზენაესი უფლებით უცვლელად ბეჭდავს მათ!“

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” 25 ოქტომბერი, 2018წ #213

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *