თემურ შაშიაშვილი: ,,ოცნება”-ს აწყობს ქუჩაში მომყვირალი ოპოზიცია

თემურ შაშიაშვილი, პოლიტიკური პარტია ,,თეთრები”-ს თავმჯდომარე:

_ მოსახლეობას, რომელიც ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს, არც ოცნება მოსწონს და არც ნაციონალური მოძრაობა. მით უფრო, არ მოსწონს ევროპული საქართველო. მე ვამბობ, თუ ესენი არ მოგწონთ და გინდათ, რომ მათგან გათავისუფლდეთ, არ უნდა ითხოვდეთ რიგგარეშე არჩევნებს. თუ ახლა ჩატარდება არჩევნები, ხმების 90 %-ს ისევ ეს პარტიები მიიღებენ. ისე მოაწყო საარჩევნო სისტემა ნაციონალურმა მოძრაობამ და მერე, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გააუარესა ქართულმა ოცნებამ, რომ ამ ორი პარტიის გარდა, რეალურად, სხვას არ აქვს შანსი, არჩევნებში მიაღწიოს წარმატებას და გაიმარჯვოს.

სამწუხაროდ, მოსახლეობას ჰგონია და პოლიტიკოსებიც ამტკიცებენ, რომ დემოკრატია ნიშნავს არჩევნებს. არა ბატონებო, ასე ნამდვილად არ არის. წარმოვიდგინოთ, რომ დემოკრატია არის 100 სართულიანი სახლი. არჩევნები წარმოადგენს ამ სახლის მხოლოდ 99 და 100 სართულებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლება გახლავთ უუფლებო. ჩვენთან ყველაფერი არის ზეცენტრალიზებული – მმართველობა, საფინანსო სისტემა. ბიუჯეტის თანხების 90 % თბილისში იყრის თავს და იქიდან ნაწილდება. თუ არ მოწონთ ადგილობრივი ხელისუფლება, არ მიცემენ ფულს და ამგვარად არის დამონებული ყველა საკრებულო, მერი და გამგებელი. ამერიკაში არის ერთ-ერთი ჩვენი დაძმობილებული ქალაქი, რომლის გუბერნატორი და ქალაქის მერი ერთმანეთს არ იცნობდნენ. როცა სტუმრად ჩავედი, მე გავაცანი ისინი ერთმანეთს, რადგან სრულიად დამოუკიდებლად უძღვებოდნენ თავიანთ საქმეებს. არსებობს საკითხები, რომლებსაც პრეზიდენტიც კი ვერ შეცვლის და მთლიანად არის ქალაქის მერის გადასაწყვეტი. ასეა იქ განაწილებული ფუნქციები და დემოკრატიაც სწორედ ეს გახლავთ. ჩვენთან კი უუფლებო ადგილობრივ ხელისუფლებას ემატება სოფლის გამგებელი, რომელის არსებობაც თითქმის არაფერს ნიშნავს. საქართველოში ქვემოდან დაწყებული ყველა, უყურებს მხოლოდ ერთ კაცს. წინათ უყურებდნენ შევარდნაძეს, მერე სააკაშვილს და ახლა უყურებენ ბიძინა ივანიშვილს. მთავრობები იცვლებიან, მაგრამ ყველა შეჰყურებს მას. ასეთი რამ თუ არ დამთავრდა, რომელ არჩევნებზე და დემოკრატიაზეა საუბარი?

ივანიშვილის ყველაზე ცუდი ნაბიჯი იყო ის, რომ მოახდინა შუას გაკრეფვა. აქეთ ნაციონალური მოძრაობაა, იქით – ოცნება, მათ შუა კი პატრიოტი და გულანთებული ქართველი ხალხია, მაგრამ ეს პროექტი ივანიშვილმა წარმატებით აღასრულა, რამაც დაანგრია კიდევაც საქართველო. დარჩა ორი პოლიტიკური პარტია, რომელთაც  აწყობთ ერთმანეთის არსებობა. ოცნებას რეალური და ინტელექტუალური ოპოზიცია არ აინტერესებს, რადგან მას აწყობს ქუჩაში მომყვირალი ოპოზიცია, ანუ ნაციონალური მოძრაობა. მიშა სააკაშვილის პარტიაც მას ბევრ რამეში ვერ აკრიტიკებს, რადგან ყველა ის სისტემა და მოდელი, რომელიც მათ შექმნეს, ოცნებამ არ შეცვალა, ძალაში დატოვა და გაამყარა.

სასაცილოდ არ გეჩვენებათ, რომ დღეს ნაციონალები გამოდიან და საარჩევნო სისტემას აკრიტიკებენ, თითქოს ჩემი ან თქვენი შექმნილი იყოს. როცა ვამბობ, რომ ქვეყნის მტერი უნდა იყო რიგგარეშე არჩევნები რომ გინდოდეს მეთქი, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, მანამდე რა საფეხურებიც არის დემოკრატიის გზაზე, მისი ცვლილებები არ მოხდა, არჩევნებს კვლავ მოიგებენ ეს პოლიტიკური პარტიები.

ნაციონალური მოძრაობა ასპარეზიდან უნდა წავიდეს, რადგან ის არის უარესი ძალა, ვიდრე თავის დროზე იყო კომუნისტური პარტია.  სწორედ ისინი ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. როგორ გგონიათ, თქვენზე ან საქართველოზე შესტკივათ გული? რა თქმა უნდა, არა. მათ იციან, რომ ქვეყანაში თუ სწორედ წავიდა ყველაფერი, ორი წლის მერე, არავინ აირჩევს ნაციონალებს. სხვათა შორის, არც ოცნებას აირჩევენ ორი წლის მერე. მე თუ ვფიქრობ, რომ ეს ორი პარტია არის ქვეყნის დამანგრეველი, რიგგარეშე არჩევნებით მათ რატომ უნდა შევუწყო ხელი, რომ ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში?

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *