თემურ შაშიაშვილი: ქუთაისს შეშინებული მერი არ ეკადრება!

ეს მასალა, სათაურით “და მაინც, რა ხდება ქუთაისში?!” 1997 წლის 3 ივნისის რეზო ჩხეიძის  გაზეთმა “ქართული ფილმი” გამოაქვეყნა.  

“მიმდინარე წლის ორ თვეში, ბაზრობებმა (სულ 15) ბიუჯეტს მისცა 12,8 ათასი, ხოლო ბაზრებმა (სულ 3) 11,7 ათასი ლარი. ორივემ ერთად –  24,5 ათასი ლარი. შედარებისთვის ქალაქის ტრანსპორტმა  (საქართველოში ყველაზე იაფია) 89,2 ათასი, ანუ 2,3 – ჯერ მეტი განათლებამ, 38,8 ათასი ლარი, ანუ 1,6-ჯერ მეტი უშუალო ვაჭრობამ (მაღაზიებმა) 85,1 ათასი ლარი, ანუ 3,5-ჯერ მეტი.

15-მა ბაზრობამ – 12,8 ათასი, თითქმის იმდენივე, რაც სამმა ბაზამ, პურის ქარხნებმა – 83,5 ათასი ლარი (6,5 – ჯერ მეტი) აფთიაქებმა – 19,6 ათასი (1,5-ჯერ მეტი)  განათლებამ – 38,8 ათასი (3,01-ჯერ მეტი).

პარადოქსია – ქალაქის ყველა ბაზარმა  და ბაზრობამ მისცა იმდენი, რამდენიც ერთმა საკონდიტრო ფაბრიკამ. თითქმის ისევე, როგორს ერთმა გარე იერსახის კეთილმოწყობის სამმართველომ, 2-3 – ჯერ ნაკლები, ვიდრე გაზმშენმა (სულ 28 208 ლარი).

რას ნიშნავს ბაზრებისა და ბაზრობების მიერ ორ თვეში მიცემული 24,2 ათასი ლარი?

ეს არის ზუსტად იმდენი, რამდენიც მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს ეძლევა, ბიუჯეტიდან ერთ თვეში იმაზე ნაკლები, ვიხრე მუსიკალურ სკოლებს ერთ თვეში. ეს არის იმდენი, რაც გასული წლის სექტემბერში მივეცით ერთ გიმნაზიას ან ერთ ლიცეუმს.

გთხოვთ , გაითვალისწინოთ ორ თვეში მხოლოდ 24,5 ათასი ლარი მიეცა სახელმწიფო ბიუჯეტს , აქედან ქალაქში დარჩა ბაზრობებიდან – 1928 ლარი, ბაზრებიდან დაახლოებით 2000 – მდე, ე.წ. სულ 400 მდე ლარი. ე.ი.  სულ ქალაქში დარჩა 2 თვეში 4000 ლარი. ზუსტად იმდენი, რამდენიც ერთი, საკონდიტრო ფაბრიკიდან. 2 თვეში ქალაქის ბიუჯეტში 15 ბაზრობიდან  და 3 ბაზრიდან 4000 ლარი.ე.ი. თვეში საშუალოდ 2000 ლარი შევიდა. სამარცხვინოა, სხვა რა არის კორუფცია – ვეკითხები ყველას, ვინც ამ ბაზრებსა და ბაზრობებს ხელმძღვანელობს, ვინც მათ უკან დგას და ვინც მფარველობს.

რას ნიშნავს 2000 ლარი თვეში ქალაქებისთვის?

არ არის საკმარისი 1 საბავშვო ბაღის შესანახად თვის განმავლობაში.

ქალაქში ყველაზე დიდმა ე.წ. „კეჩი“ს ბაზრობამ (კაპიკებად , ქვეყნის საზიანოდ, რუსი სამხედროენიდან კერძო პირთა მიერ შეძენილ, რკინიგზის ზოლში )- სულ ორი თვის ვადაში ბიუჯეტს მისცა 7369 ლარი. ქალაქში დარჩა 376 ლარი. ე.ი. თვეში საშუალოდ 188 ლარი, ანუ თანხა, რომელიც მთელი თვის განმაბლობაში შევიდა ქალაქის ბიუჯეტში, საკმარისი არ არის ერთი საბავშვო ბაღის ერთი დღის დაასაფინანსებლად.

გვესმის, ხალხო, კორუდფციის რა დონეზეა საუბარი და ვის დასაცავად უბრუნდებათ ენა ადამიანებს?!

კიდევ ერთხელ: ყვე;ლაზე დიდი ბაზრობიდან ერთი თვის განმავლობაში ქალაქის ბიუჯეტში შეტანილი თანხა სანახევროდაც ვერ ახერხებს  ყველაზე მცირე საბავშვო ბაღის ერთი დღის დაკმაყოფილებას.

ეს ანალიზები პასუხად ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ბაზრობა დიდ ფულს აძლევს ბიუჯეტს. პასუხად იმ პედაგოგსაც, რომელმაც თურმე ვიცე-მერთან შეშფოთებით განაცხადა – სად მიგაქვთ ბაზრობებიდან  შემოსული ამდენი თანხა. პედაგოგი სწორია, ბაზრობებზე ბევრი იკრიბება, მაგრამ იგი ბიუჯეტში არ მიდის. დავფიქრდეთ.

შევაფასოთ, რას გვაძლევს მოწესრიგებისკენ მიმართული ვაჭრობა.

უნივერმაღი „ლინკი“, რომელმაც პირდაპირ უნდა ვთქვა, გასულ ორ  თვეში გაუმარლებლად მცირე თანხა შეიტანა ბიუჯეტში – 7601,9 ლარი (სწორი აღრიცხვის პირობებში იგი სულ მცირე 20 000 ლარი უნდა ყოფილიყო), იმაზე მეტ თანხას აძლევს, ვიდრე  ყველაზე დიდი ბაზრობა. უფრო მეტიც, ბაზრობიდან ადგილობრივ ბიუჯეტში ორ თვეში დარჩა 376 ლარი, „ლინკის“ შენატანი კი  – 15 44 ლარია, ანუ 4-ჯერ მეტი.

კიდევ ერთი პარადოქსი – სანმარინოს მართვის ინსტიტუტის ფილიალმა (მისი არსებობა ქალაქში ბევრმა არც კი იცის – სატრაქტორო ქარხნის სულ 5 ოთახშია განთავსებული), ბიუჯეტში მეტი თანხა შეიტანა, ვიდრე ქალაქში ყველაზე დიდმა ბაზრობამ, ქალაქის ნებისმიერმა სკოლამ საშემოსავლო გადასახადი მეტი შემოიტანა, ვიდრე ბაზრობამ.

დავფიქრდეთ, ხალხო!

კიდევ ერთი პარადოქსი – ქალაქის ნებისმიერი აფთიაქის მიერ (აფთიაქებს კი, საკმაოდ ცუდი აღრიცხვის გამო, 3-ჯერ ნაკლები თანხა შეაქვს, ვიდრე უნდა შემოჰქონდეს) მეტი თანხაა შეტანილი ქალაქის ბიუჯეტში, ვიდრე ყველაზე დიდი ბაზრობის მიერ. კონკრეტულად, მე-4 აფთიაქმა ქალაქის ბიუჯეტში 400 – მდე ლარი შეიტანა. ყველაზე დიდმა ბაზრობამ –  376.

ქუთაისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ქალაქის ბიუჯეტში შეტანილი აქვს 400-მდე ლარი. კლინიკურ საავადმყოფოს – 800-მდე ლარი. ყველაზე დიდ ბაზრობას კი – 376 ლარი (#1 სამშობიარო სახლს 3-ჯერ მეტი, ვიდრე ყველაზე დიდ ბაზრობას) – კურიოზია;

სასტუმრო „მთის ბროლს“ გაცილებით მეტი, ვიდრე ყველაზე დიდ ბაზრობას – ტრაგედიაა.

კიდევ ერთი ცინიზმამდე მისული პარადოქსი:

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს გასულ ორ თვეში   ქალაქის ბიუჯეტში მარტო საშემოსავლო გადასახადით შეტანილი აქვს 2000 ლარზე მეტი, ანუ იმდენი, რამდენიც ქუთაისის 18-მდე ბაზარსა და ბაზრობას, 5,3-ჯერ მეტი, ვიდრე ქუთაისის ყველაზე დიდ ბაზრობას.

დავფიქრდეთ, ხალხო!

არაფერს ვამბობ იმაზე,რომ გასულ ორ თვეში ქუთაისის საავტომობილო ქარხანამ ბიუჯეტში 340 ათასი ლარი, დანარჩენმა მრეწველობამ  – 215 289 ათასი ლარი (22,6-ჯერ მეტი, ვიდრე 18-ვემ ერთად, კომუნალურმა 322 054 (13,1-ჯერ მეტი, ვიდრე მათ).

ერთიც მინდა გავიხსენო. ამ რამდენიმე ხნის წინ საავტომობილო ქარხნის სპეციალისტებთან შეხვედრაზე მითხრეს: როცა საავტომობილო და სხვა დიდ ქარხნების დახურვის  მიზნით მიტინგები ტარდებოდა, როცა ქალაქის გიგანტი საწარმოები ჩერდებოდა, არსად არავის ხმა არ აუმაღლებია, მაშინ როცა დღეს ბაზრობისა და ჯიხურის დასაცავად ამხედრებულია არაერთი ხელისუფალიც, ჟურნალისტიც, პარლამენტარიც.

დამაფიქრებია,

მეუბნებიან – რა ქნას ხალხმა, ისინი ბაზრობაზე გაჭირვებამ მიიყვანა, არც მათ უნდა ამ სიტუაციაში ყოფნა, მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ მოძებნეს.

ვეთანხმები, ბევრი საცოდავი ადამიანი დადგა დახლთან. დადგა გაჭირვების გამო, მე მათ არ ვებრძვი. მე ისინი  მიყვარს და ხმამაღლა ვამბობ, არც ერთი მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება, მაგრამ მოდით, ხალხო, თანაქალაქელებო, სპეციალისტებო – ამ პროცესს ყველა კუთხიდან შევხედოთ.

ვყიდით სხვა ქვეყნის ტანსაცმელს, ე.ი. სხვა ქვეყანაში ვქმნით სამუშაო ადგილებს – უმუშევარი დავტოვეთ ქუთაისის მსუბუქი მრეწველობის 7000 მდე მუშა. ვიმეორებ, შვიდი ათასამდე უმაღლესი კვალიფიკაციის მუშა და სპეციალისტი.

ვყიდით სხვა ქვეყნის ფეხსაცმელს. ვქმნით სამუშაო ადგილებს სხვა ქვეყანაში გავაჩერეთ ქუთაისის ტყავფეხსაცმელების კომბინატი, უმუშევარი  დავტოვეთ ამ ქვეყნის უდიდესი სპეციალისტები.

ვყიდით სხვა ქვეყნის კვების პროდუქტებს – მოგებული რჩება სხვა ქვეყანა, სხვა ქვეყანაში ვქმნით სამუშაო დგილებს – უმუშევარი დავტოვეთ ჩვენი ქალაქის კვების მრეწველობის 2000-მდე  მუშა მოსამსახურე, საკუთარი სპეციალისტები.

ასევე შემიძლია ვისაუბრო სხვა დარგებზე, უპირველესად სოფელზე, სწორედ იმ სოფელზე, რომლის პროდუქცია ყველა დონის ექსპერტთა აზრით, საუკეთესოა, მაგრამ ჩვენი კუდაბზიკობის გამო (ვიცი ბევრს ეწყინება გამოთქმის გამო, მაგრამ ფაქტი ასეა) თუ უცხოური მარკა და ეტიკეტი არ აქვს ისეთს, როგორ ვიყიდით.

მე არ ვსაუბრობ უხარისხოს გასაღებაზე. პირიქით, კონკურენტუნარიან პროდუქციაზეა საუბარი, სამკერვალო გაერთიანება „იმერეთის“ პროდუქციას ამერიკელები ყიდულობენ კვების ყველა პროდუქტს, მსუბუქი მრეწველობის საქონელს, მაღალი შეფასება აქვს , მაგრამ ვიდრე ჩვენ სხვა ქვეყნის პროდუქციის გასაღების პლაცდარმად ვიქნებით, სერიოზულად არც აღგვიქვამენ საერთაშორისო ბაზარზე.

ჩვენ სწორედ  სხვა ქვეყნის ძირითადში იმ პროდუქციის გამსაღებელი ქვეყანა ვართ, რომელსაც საკუთარ ქვეყანაშიც კი არ აქვს ბაზარი. დადასტურებულია, რომ თურქეთიდან შემოტანილი პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა არ იყიდება თურქეთის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში. ყველა სპეციალისყტი ადასტურებს, რომ თითქმის ყველაფერი , რაც ბაზარზე იყიდება, უხარისხოა, მაგრამ საცოდავი ადამიანები ტყუვდებიან დაბალი ფასის გამო.

ტრაგედიაა, თურქეთს ჩვენს ქვეყანაში შემოაქცვს კარტოფილი, ყიდის თითქოს იაფად, მაგრამ თავის ქვეყანაში , თავისი ხალხისთვის საჭმელად მიაქვს ახალციხის კარტოფილი, ბაზარზე იყიდება სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ის საქონელი, რომელიც გარეგნულად კარგია, მაგრამ ერთი ორი თვეზე მეტხანს ვერ ძლებს.

სპეციალისტებმა შეამოწმეს ბაზრობის ტანსაცმელი , ფეხსაცმელი, განსაკუთრებით ბავშვების. ისინი ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდა. ამის შესახებ  ხომ არაერთხელ დაწერილა ცნობილ მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ პრესაში. იყო გაზეთებში – „ქუთაისი“, „ახალი ქუთაისი“, „იმერეთის მოამბე“, თითქმის ყველა სხვა გაზეთში. არაერთხელ ითქვა ტელეეკრანებიდან, მადლობა ავტორებსაც, გამომცემლებსაც , მათ სიმართლე უთხრეს უამრავ ადამიანს.

ვეკითხები ყველას: თუ უხარისხო არ არის უცხოეთიდან შემოტანილი საქონლის დიდი ნაწილი, მაშინ როგორ ხდება, რომ იგივე საქონელი 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენში, საერთოდ, განსაკუთრებით ბაზრობებზე, ქუჩაში?

გიფიქრიათ იმაზე,რომ მანქანების ბაზრობებზე გასაყიდად გატანილი საქონელის უდიდესი ნაწილი საქართველომდე, ჩვენი თანამემამულის მოპარული და დაშლილი მანქანების ნაწილებია, ან კიდევ ბაზრობებზე შემოტანილი უცხოური საქონელის საკმაო ნაწილი ჩვენი თანამემამულეების გაქურდვით, გაძარცვით არის მოპოვებული. სწორედ ამიტომ არის ამდენი ქურდობა როგორც მანქანების, ასევე ბინების.

მაგალითების გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია. ერთზე, ჩემი აზრით უმთავრესზე გამოკვეთილად უნდა ვთქვა.  გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ასეა – დღეს ქვეყანაში ორნაირი ლარია: ერთი იმპორტით მიღებული, მეორე ექსპორტით. პირველი ქვეყანას ანგრევს, მეორე კი ქვეყნის სიძლიერეა, მისი სიმტკიცეა. დღეს გარედან შემოტანილ პროდუქტებს ორჯერ ვყიდულობთ: ერთხელ ჩვენ, როცა პროდუქტს ვყიდულობთ, მეორედ ჩვენი შვილები გადაიხდიან იგივე  პროდუქტის ფასს,ვალის სახით. სწორედ ასეა, მოზღვავებული უცხოური პროდუქციის გამო, ლარის კურსი კუპონს არ დაემსგავსოს მსოფლიო სავალუტო ფონდი გვაძლევს სესხს, რომელიც შემდგომმა თაობებმა უნდა გადაიხადონ.

დავფიქრდეთ, ადამიანებო!

ვფიქრობ, საკმარისია, გამგები გაიგებს. ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვართ და ასეთად უნდა დავრჩეთ. ეს არის ქვეყნის კურსი. პრეზიდენტის კურსი და იგი გამდიდრების მანიით შეპყრობილ ერთეულTა ამბიციებს არ უნდა შევწიროთ.

ყოველივე ამის შემდეგ, გეკითხებით – რა გამართლება აქვს იმის არსებობას, რომელიც:

  1. კორუფციის ბუდეა;
  2. თავდაყირა აყენებს ქვეყანაში აღრიცხვის საქმეს
  3. საკუთარ ქვეყანაში იწვევს უმუშევრობას და სამუშაო ადგილებს ქმნის სხვა ქვეყანაში
  4. საერთო ჯამში 10-15 ჯერ ამცირებს ბიუჯეტის შემოსავალს
  5. გიჩერებს შენი ქვეყნის ეკონომიკას! – გინგრევს მას, გიკლავს სპეციალისტს;
  6. უხარისხო გაავადმყოფებს
  7. ნაძარცვისა და ნაქურდალის გასაღების არენაა
  8. ქვეყნის საგარეო ვალს ზრდის.

ღირს კი, ბატონებო, ამის შემდეგ  ამაზე საუბარი?

თუ შენ გიჭირს, ხომ არ შეიძლება სხვათა გაჭირვების ფასად, გამოხვიდე მდგომარეობიდან ეს ხომ უზნეობაა.

უჭირს ადამიანებს და ამ დროს მათ სჭირდებათ არა ფრანგულ გერმანულ, იტალიური და ამერიკული თურქული ფეხსაცმელი და კოსტუმი, სასმელი, არამედ, საჭმელი. ჩვენი ბაზრებისა და ბაზრობების მესვეურები რომ ქვეყანაზე, ქალაქზე და ადამიანებზე ფიქრობდნენ, აგრარულ ბაზრებს შექმნიდნენ, ქორვაჭრებით კი არ გაავსებდნენ  მათ, სოფელში წავიდოდნენ, იქ შეისყიდდნენ საქონელს,  სოფელიც  ფეხზე დადგებოდა, ქალაქშიც პროდუქცია გაცილებით იაფი იქნებოდა და თვითონ ბაზარში 600-700  კაციც დასაქმდებოდა.

აი ჩვენი პოზიცია. ძმა ვერ დაუდგება გვერდით იმ ადამიანებს, ვინც ამ გზას აირჩევს ისე, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობა და  პირადად ქალაქის მერი.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში გვერდით დაგვიდგება. ამ გაუსაძლის პერიოდში ამაზე კეთილშობილური რა უნდა გაუკეთო  შენს ხალხს და საკუთარ თავს.

დავფიქრდეთ, ადამიანებო, კარგად ცხოვრების გასაღები ჩვენსავე ხელშია. ნუ ვიფიქრებთ კარგი ცხოვრების სხვის ხარჯზე , თანამოძმის გაჭირვების ხარჯზე  მოწყობას. ეს უზნეობაა. დიდი უზნეობა.

შეიძლება მკითხონ  და მედაონ კიდეც, რომ უცხოურით უხარისხო და ნაქურდალითაც სავსეა ჩვენი მაღაზიები და არა მარტო ბაზრობებიო.

გეთანხმებით, მაგრამ ჯერ ერთი, გამოჩნდა არაერთი ზნეობრივი ადამიანი, რომლებმაც მართლაც მაღალი მომსახურება შესთავაზა ქალაქს. სერიოზული ნაბიჯები გადადგა მომხმარებელთა ინტერესების დაცვის თაობაზე  საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შესაბამისად. მოსწონთ თუ არა, მიიღეს წინადადება და კეთილსინდისიერად ასრულებენ გადაწყვეტილებას კეთილმოწყობის მოსაკრებლის თაობაზე. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ერთ კვადრატულ მეტრზე გაყიდა ქალაქში გამოშვებული 30 ლარის პროდუქცია და ამით განთავისუფლდა მოსაკრებელის გადსასახადისგან. ეს მოძრაობა შეუქცევადია და კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველაფერი ეს შეუძლებელია ბაზრობაზე. ბაზარზე ქვეყანაში მიღწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით კი შესაძლებელი.

და მეორეც, ჩვენი უპირველესი საქმე არის აღრიცხვის მოწესრიგება. ეს შეუძლებელია, ხაზს ვუსვამ,  შეუძლებელია მხოლოდ კლასიკური სტილის სავაჭრო ადგილებში. ასეა დღეს მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნებში, ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ., მივდივართ  ცივილური მსოფლიოს გზით.

რას ნიშნავს ბაზრობების დახურვა და პარალელურად ვაჭრობაში აღრიცხვის მოწესრიგება? (მხოლოდ ზოგიერთ – ზედაპირზე არსებული მომენტის თაოიბაზე).

პირველი , რეალური კონკურენციის დამკვიდრებას, ე.ი. ხარისხის, მომსახურების გაუმჯობესების, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კვალობაზე – ფასების შემცირებას – ისე, როგორც ეს მოხდა ტრანსპოტზე და ეჭვი არ მეპარება მოხდება პურზე.

მეორე – სულ მცირე 10 000 -მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნას წლის განმავლობაში… ეკონომიკის გაძლიერებას, ცნობისთვის, ბაზრობებმა აშკარად უარი უთხრეს ჩვენს თხოვნას, გაეყიდათ ქალაქში გამოშვებული პროდუქცია და ძირითადში მხოლოდ უცხოურ პროდუქციას ჰყიდიან. ესე იგი სამუშაო ადგილებსაც უცხოეთში ქმნიან. ამას არცერთი თავმოყვარე ხალხი და ქვეყანა არ დაუშვებს. გაგახსენებთ, გერმანიაში მიმავალ ჩვენს დელეგაციას საბაჟოზე ქართული ყველი არ შეატანინეს. სანაგვეში გადაყარეს. საქართველოდან წაღებულ არაყში ფული გადაახდევინეს. თავისივე არაყი აყიდვინეს. პასუხი ერთი იყო – გერმანიაში გერმანული პროდუქცია ჭამეთ და სვით, ჩვენს საწარმოებს ვერ დავხურავთ და სამუსაო ადგილებს თქვენს ქვეყანაში არ შევქმნითო. ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია. ამიტომ არის გერმანია ძლიერი ქვეყანა და სწორედ ამიტომ ცხოვრობენ გერმანელები კარგად.

მესამე, თუ ვიანგარიშებთ, რომ ცენტრალურ სტატისტიკური სამმართველოს საპროგნოზო გაანგარიშებით, ბაზრობებზე გასულ ორ თვეში გაიყიდა სულ მცირე, 4,7 მლნ ლარის პროდუქცია – წელიწადში მან შეიძლება შეადგინოს 45-50 მლნ ლარი – ჩვენ მარტო ქუთაისში შეგვიძლია წლის განმავლობაში ჩვენს შთამომავლობას ამდენივე 45-50 მილიონი ლარით შევუმციროთ საგარეო ვალის ზრდა.

დავფიქრდეთ, ადამიანებო!

და ბოლოს, კიდევ ერთი, რაც შედეგად მოჰყვება ბაზრობის დახურვას.

– ყოველთვიურმა შემოსავალმა ბიუჯეტში  ვაჭრობიდან   შეიძლება შეადგინოს 250,0-300,0 ათასი  ლარი. ე.ი. თითქმის 200,0 ათასი ლარით მეტი, ვიდრე იგი დღეს არის.

დავფიქრდეთ ადამიანებო!

პატივცემულო ჟურნალისტებო, ეს მასალა საფუძველია განსჯისა და სწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. იმის გაცნობიერებისა და იმაზე დაფიქრებისთვის, რა დონეზეა კორუფცია და როგორ გამოდის ხალხი (სამწუხაროდ) ნეგატიური პროცესების  ხელშემწყობად.

ვუპირისპირდები დინოზავრებს, რომლებმაც წინ   მართლაც გაჭირვებული ადამიანები დაიყენეს. ძალას, რომელიც წელიწადში სულ მცირე ორ მილიონ ლარს ართმევს საკუთარ ხალხს, ქვეყანას, ქალაქს,  ვიცი, რა ძალასაც ვუპირისპირდები. ამაზე მივდივარ შეგნებულად. ქუთაისს შეშინებული მერი არ ეკადრება.

რისი იმედი მაქვს? ხალხის და პრეზიდენტის.

ვიცი, რომ მარტო არ ვიქნები. ასეც რომ მოხდეს, არც მაშინ ვიქნები შეშინებული და არც მაშინ შევიცვლი ამ განწყობას…

მინდა გარკვეულად , ხაზგასმით ვთქვათ, რომ ჩვენ ვიბრძვით არა ცალკეული ორგანოებისა და პიროვნებების წინააღმდეგ, არამედ აღრიცხვის მოწესრიგებისთვის. ეს საღვთო საქმეა, ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფუძველთა საფუძველი!

ბევრმა ეს უკვე იცის. მადლობა მათ.  ეს ბედნიერებაა. დიდი დრო არა სჭირდება იმას, რომ ეს ყველამ გავაცნობიეროთ. ეს იქნება გამარჯვება – სხვა ცხოვრების დასაწყისი/

ჩვენ სიტყვა მივეცით საქართველოს პრეზიდენტრსმ, რომ გავამკაცრებთ  აღრიცხვის მოწესრიგების მასშტაბურ ღონისძიებას. პრეზიდენტის სურვილია ამ კუთხით არსებული ყველა დადებითი მომენტი მთელ საქართველოში გავრცელდეს. თქვენ გრძნობთ, რომ ბოლო გამოსვლები აქცენტირებულია სწორედ აღრიცხვის მოწესრიგებაზე, გაგახსენებთ, პრეზიდენტის ბოლო გამოსვლას უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ჩვენ დავიწყეთ ამ მძიმე და ძნელ, ქვეყნისთვის სასიცოცხლო საქმის მოწესრიგება იგი ეხება ყველას  – ეკონომიკას, ყველა ლარს და არა მარტო ბაზრობებს.

მადლობა ყველას, ვინც გაგებით შეხვდება და ჩაერთვება ამ საქმეში.

გამოქვეყნებულია გაზეთ  „ქართული ფილმში“

3 ივნისი, 1997წელი

 

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *