(მედიანიუსი) მილიონრებო, დადეთ ფული ქვეყნისა და ხალხის გადასარჩენად! – თემურ შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი გავრცელებულ პანდემიასთან დაკავშირებით მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი ექიმების საქმიანობას. თუმცა ეპიდემიამ სერიოზული გაკვეთილიც მოგვცა.

„ჩვენ გვაქვს გაკვეთილი რომ შევბრუნდეთ მეცნიერებისკენ! ამ სიტუაციის დაძლევა მეცნიერების გარეშე შეუძლებელია! მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, ნუ გექნებათ მეცნიერთა მიმართ მძიმე განწყობა, მეტად ენდეთ მათ. ეს ექიმებიც, ვინც იბრძვის ადამიანების სიცოცხლისთვის, ხომ მეცნიერები არიან, ასევე მოვუწოდებ მთავრობას – ამ პერიოდში დაეთათბირეთ მეცნიერებს და არა პოლიტიკოსებს!“

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ გასათვალისწინებელია პანდემიის ზემოქმედება თითოეული ადამიანის არა მარტო ჯანმრთელობაზე, არამედ მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მოსახლეობას დაუწესოს რამდენიმე თვიანი „საგადასახადო არდადეგები“. რადგან გადასახადებისა და საბანკო კრედიტების გადავადება ისედაც უმუშევრად დარჩენილ ადამიანებისთვის ვერანაირ შეღავათს ვერ წარმოადგენს. ეკონომიკურ მდგომარეობას კი უფრო გააუარესებს.

„თეთრების“ ლიდერი ასევე გამოდის ინიციატივით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში სტუდენტები განთავისუფლდნენ სწავლის გადასახადებისგან.

„ჩვენი ახალგაზრდები უფასოდ იღებენ განათლებას მსოფლიოს უნივერსიტეტებში, მაშინ როცა სამშობლოში სწავლის მაღალ გადასახადს იხდიან. პანდემიის პირობებში მაინც მოხერხდეს მათი სწავლის გადასახადიდან განთავისუფლება თუნდაც ერთი წლის განმავლობაში. საკუთარ თავზე საუბარი არ მსურს, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ ჩემი იმერეთის გუბერნატორობის დროს.“ – აცხადებს შაშიაშვილი.

„თეთრების“ ლიდერი განსაკუთრებულად მიმართავს ქვეყნის უმდიდრეს ადამიანებს:

„მძიმე ჟამი დგას…ხალხში უმძიმესი გაჭირვებაა…მილიონერებო , დადეთ ფული ხალხის და ქვეყნის გადასარჩენად. მეცნიერთა გაანგარიშებით, მდგომარეობის გასანეიტრალებლად , მინიმუმ სამი მილიარდი დოლარია საჭირო. რითაც შესაძლებელი გახდება მოსახლეობის გადასახადების გადახდა, სტუდენტის სწავლის დაფინანსება , იაფფასიანი კრედიტების გაცემა და პირველადი საჭიროების საგნებზე ფასების შენარჩუნება.“

თემურ შაშიაშვილმა ასევე მიმართა სააფთიაქო ბიზნესში მყოფ ბიზნესმენებს, მათ შორის, მაჟრიტარ ოქრიაშვილს და მოთხოვა წამლების მნიშვნელოვანი გაიაფება.

„თეთრების“ ლიდერს მიაჩნია, რომ ქვეყნის გადარჩენა არა ტურიზმის, არამედ სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების აღორძინებაშია.

„დავფიქრდეთ, კრიზისმა დააზარალა სწორედ ის ქვეყნები ვინც ტურიზმის იდეოლოგიით არსებობდა… პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვლება. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ამაზე და მეცნიერების აზრი და მონაწილეობა ამ პროცესში, ფასდაუდებელია! – მიაჩნია „თეთრების“ ლიდერს.

წყარო: http://medianews.ge/ge/milionrebo-dadet-fuli-qveknisa-da-khalkhis-gadasarchenad-temur-shashiashvili/67323

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *