გიზო თავაძე: მწერლის იუბილე და კაკალი თხილი…

როცა ქალაქის მერი და გუბერნატორი იყო, არც მაშინ დაუკლია ხელოვანთათვის ყურადღება (მარტო რეზო ჭეიშვილის 70 წლის იუბილე რად ღირს !..) ეგკიარადა, მხატვრები დღემდე იხსენებენ იმ საერთაშორისო პლენერებს, რაც იმ დროს იმართებოდა ქუთაისში.

რამდენიმე წელია, ჟურნალ “მწვანეყვავილას” ერთგული ქომაგი და მკითხველია, ჰოდა, ზუსტად ამ ჟურნალის მეოთხე ნომრის წაკითხვის შემდეგ მირეკავს: გიზო ბატონო, წავიკითხე თქვენი ჩანაწერი, ლიტერატურულ სარდაფში, მწერლის საიუბილეო საღამოზე, მერე თავად ავთანდილის სამადლობელი წერილიც წავიკითხე და ვფიქრობ, წლის ბოლოს დამაგვირგვინებელი საღამო უნდა შედგესო!

თემურ შაშიაშვილი მირეკავდა თბილისიდან.
ამასობაში ზაფხულმაც გადაიარა და შემოდგომამაც…
დეკემბრის დასაწყისში ისევ შემეხმიანა.

რადგან ზედმიწევნით ვიცოდი ავთანდილ ყურაშვილის ბუნება, შევკადრე: ბატონო თემურ, ამ თქვენს კეთილშობილურ განზრახვას, შეიძლება, თავად იუბილარი არ დაეთანმოს-მეთქი (წინადღით მითხრა ავთომ: ამ ჩემს 80 წელს ხომ არ გადავაყოლებ ქვეყანასო!..)

ეგ საკითხი მე მომანდეო! – დამამშვიდა.
რადგან ლიტერატურულ სარდაფში და საჯარო ბიბლიოთეკაში გაზაფხულზევე ჩატარდა საღამოები, ეს სივრცეები თავიდანვე გამოირიცხა (არადა, უარს ვინ ეტყოდა!..)

ბევრი ბჭობის და აწონ-დაწონვის შემდეგ ქუთაისის ოცდამესამე სკოლის დარბაზი შეირჩა (მანდ ჩემი ყოფილი მოსწავლეა დირექტორიო! – ბრძანა პოეტმა).

ერთად ვეახლეთ ქალბატონ ნესტანს (დირექტორი), რომელმაც ისე გაიხარა ყოფილ პედაგოგთან შეხვედრით, ფეხს რავა მოვიცვლიდით…

21 დეკემბერს პოეზიის მოყვარულებით გაივსო სააქტო დარბაზი, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქალბატონმა ნესტანმა და დაიწყო “სიყვარულის გამოცხადება” (ლექსებს მასპინძელი სკოლის ბავშვები კითხულობდნენ, მუსიკალურ ნომრებსაც ისინი ასრულებდნენ, ასევე მეორე სკოლის პატარები, ინგა მეტონიძის მომზადებულები).

საღამოს წამყვანად (კონფერანსიეს რომ ეძახიან…) რატომღაც მე შემარჩიეს (ავთანდილმა და თემურმა) და კიდეც დაიწყო ჩემი წამება, ხან რა დამავიწყდა და ხან რა…

გვერდით მჯდომ იუბილარს ავტოკალამი ვთხოვე ჩურჩულით, იმანაც ადგა (ყველა ჯიბე მოიჩხრიკა…) და ერთი კაკალი თხილი მომცა!..

ცხრა ძმას რამდენად ეყო კაკალი თხილი, ვერ გეტყვით, მაგრამ… ლეჩხუმელისგან მეტს რას ელოდიო!.. – ჩაიღიმილა ერთმა მაკვარანცხმა.

ცირა შალაშვილმა გამოუცხადა პირველი სიყვარული იუბილარს, რასაც მოჰყვა სიყვარულის კორიანტელი: ერეკლე საღლიანი და ვასილ ბესელია, ნანა კვაშილავა და ნორა სიხარულიძე, ირინა ტაბაღუა და მერაბ გვაზავა, თემურ ამყოლაძე და ელგუჯა თავბერიძე, ნესტან მჟავანაძე და ბელა დურგლიშვილი, გიორგი ონიანი და გენადი მარგველაშვილი, ბელა უჩაძე და ძმები კაჭახიძეები (ახლა ვინმე გამომრჩება და მომემდურება!..)

ბოლოს სცენაზე თემურ შაშიაშვილი ამობრძანდა და უზარმაზარი პატივისცემა (სიყვარულიც…) გამოუცხადა 80 წლის (არავინ იჯერებს, მგონი გვატყვილებს!..) პოეტს.

ორიოდ სიტყვა მეც შევკადრე და კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადე: თუ ვინმე იმსახურებს დღეს რუსთაველის პრემიას, ეს ავთანდილ ყურაშვილია-მეთქი!..

დაბოლოს, იუბილარმაც მოიდრიკა თავი დარბაზის წინაშე და ცრემლმორეულმა მოეფერა თაყვანისმცემლებს…
მწერალი დაჯილდოვდა ილია ჭავჭავაძის ოქროს მადლით .

P.s. საიუბილეო ბანკეტი გიგლა სვანაძის რესტორან “რაჭაში” გაიმართა, რომელსაც დიდებულად უთამადა თემურ შაშიაშვილმა.

ხოლო, ამ კაკალ თხილს, ბოლომდე შევინახავ თუ თაგვმა არ მომპარა!..

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *