(სარკე) თემურ შაშიაშვილი: “ივანიშვილს ჩასაფრებული სააკაშვილი უნდა ჩამოვაცილოთ!”

230153_146438125424912_4364975_nახალი წლის პირველ დღეებში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საქართველოს დიდ ქალაქებსი – ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა. თბილისში პრეზიდენტის სასახლესთან, კოალიცია „ერთსულოვნების“ და მასში შემავალი პარტია „თეთრები“ შეიკრიბა და 8- პუნქტიანი ულტიმატუმი წაიკითხა. მათი განცხადებით, თუ სააკაშვილი ინაუგურაციიდან 5 წლის გასვლის შემდეგ 20 იანვარს არ გადადგა, მას უფლებამოსილების აღსრულების საშუალებას არ მისცემენ. ამისთვის კი რადიკალურ ზომებსაც არ მოერიდებიან. აქციაზე სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებაც გაგრძელდა. ორგანიზატორების თქმით ხელმომწერთა რაოდენობამ უკვე 800 ათასს გადააჭარბა. აქციაზე გამოჩნდა „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც, მისი თქმით 20 იანვრისთვის ეს შეკრებები ერთ დიდ ტალღად უნდა გადაიქცეს, რომელიც დაასრულებს საქართველოს „ვადაგასული პრეზიდენტის მუშაობას/

ერთსულოვნების მოთხოვნებსა და გეგმებზე „სარკე“ პარტია თეთრების ლიდერს თემურ შაშიაშვილს ესაუბრა

თემურ შაშიაშვილი

– აქციაში ჩართულია 50 – მდე ორგანიზაცია. სასიამოვნო იყო,რომ აქციაზე მოვიდნენ კახა კუკავასა და ჯონდი ბაღათურიას პარტიები და მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. მიმდინარეობს კონსულტაციები „სახალხო კრებასთანაც“ . როცა ამ დოკუმენტს ხელს აწერენ მერაბ ბერძენიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ჩხეიძე, რეზო ამაშუკელი, რეზო ძოძუაშვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მოძრაობა არ არის არც პოლიტიკური, და არც არასამთავრობო, ეს არის დიდი ერთობა, ერთსულოვნება. ერთსულოვნება ერთ აზროვნებას არ ნიშნავს. ქვეყნისადმი დამოკიდებულებაში ვართ ერთნი, პოლიტიკურ შეხედულებაში კი თავისუფალნი. რაც გვაერთიანებს – ეს არის სიყვარული.

 – და პრეზიდენტის სიძულვილიც, ამაში ხომ ერთსულოვნები ხართ?

– დიახ, ეს არის პრეზიდენტის გადადგომის მემორანდუმით გაერთიანებულთა ერთსულოვნება. ხელმოწერები 11 ნოემბრიდან დაიწყო და, მიუხედავად იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული საშუალებები არ გამოგვიყენებია, საკმაო რაოდენობაც მოვაგროვეთ. ამაში დიდ დახმარებას გვიწევს თავად სააკაშვილი, რომლის როლი ფასდაუდებელია. მისი ყოველი გამოსვლა და ქმედება კიდევ უფრო აღიზიანებს ხალხს და კიდევ მეტად მიუღებელს ხდის საქართველოს მოსახლეობისათვის

 – ხელმოწერებისთვის რაიონებშიც გიწევდათ ჩასვლა. რა სიტუაცია დაგხვდათ იქ?

– მე ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ხმა მისცა სააკაშვილს,  ახლა ხელს მის გადადგომას აწერს. ერთმა მითხრა, ხმა ნაციონალებს მივეცი, მაგრამ მისი საახალწლო მილოცვის შემდეგ, როცა წყევლა კრულვა გამოუგზავნა ქართველ ხალხს, მთელმა ოჯახმა მის გადადგომას მოვაწერეთ ხელი.  როცა ბელგიაში თქვა, საქართველო ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა იყო საბჭოთ კავშირშიო,  მის სიტყვებს იმავე განწყობით შეხვდნენ სამეგრელოში, გურიაში… როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ტაჯიკებსა და ყაზახებზე უარესად დაახასიათო.

მოსახლეობა გმინავს გაჭირვებისაგან და ის კი იმას გვამადლის, შუქი გაქვთო. ვის არ აქვს შუქი ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში? ნახეთ, რა მშენებლობებია აზერბაიჯანში, სომხეთში, და სხვაგან. ამან ჩაკეტა ხალხი. ქუჩა ნათდებოდა და გონება ბნელდებოდა. ეს სიტუაცია მოსახლეობას შეუმჩნეველი არ დარჩენია. რომ ველოდით, ხალხი 20-30 ხელმოწერას მოიტანდა, 200-300 მოაქვთ. ბატონი მირონ ხერგიანი მოვიდა თავის ოჯახთან ერთად და  გუჯა ბურდულს ცრემლები წამოუვიდა, კაცმა მოძებნა ჩვენი ოფისი და ისე მოვიდა, რომ არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. როგორ უნდა შეაძულო შენს ხალხს ასე თავი! მერაბ ბერძენიშვილის სიტყვებს ვამბობ, მთავარი ის კი არ არის, რომ ძეგლი დაანგრია, ან გადაიტანა, მთავარია, რომ გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს. ამ დროს კი ყოველთვის პოულობენ დასავლეთში ვიღაცას, რომელიც ამბობს ეს ხელისუფლება არ უნდა დაიჭირონო.

იმ ფოტოებისთვის, რაც ბოლო დროს გამოქვეყნდა პრესაში, იმავე ქალაქის მერზე, ამერიკაში ხელისუფალთ იმპიჩმენტს მოუწყობდნენ. არსად, არც ერთ ქვეყანაში, პრეზიდენტი არ იხანგრძლივებს პრეზიდენტობის ვადას, მაგრამ აქ თურმე ესეც შეიძლება. გასაკვირია, რატომ თვლიან, რაც არ შეიძლება ევროპაში, ამერიკაში, ის დასაშვებია საქარველოში. ეს არის შეურაცხყოფა ქვეყნისა, რომელიც ისტორიულად მუდმივად ცივილიზაციის სათავეებთან იდგა.

 – ემოციები და პატრიოტული რიტორიკა რომ იქით იყოს, იურიდიულად რა უმაგრებს ზურგს თქვენს მოთხოვნას?

– ჩვენ გვაქვს ორი მთავარი არგუმენტი, რითაც ვამტკიცებთ, რომ ის პრეზიდენტი აღარ არის, პირველი, რომ ეს არის კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით და მეორე, რომ მაგალითად, არ შეიძლება პრეიზდენტი ხოხავდეს მიწაზე და იღებდეს წმინდანის ძეგლს ისე, რომ არც ავტორს ეკითხებოდეს და არც კათოლიკოს – პატრიარქს. რა არის გაუგებარი იმაში, რომ არ მინდა დაჩოქილი პრეზიდენტი მყავდეს?! ასეთი პრეზიდენტი ინგლისში,  ამერიკაში, გერმანიაში ვერ წარმოუდგენიათ და აქ თავზე გვასვამენ. გვეუბნებიან, ამის ღირსი ხართო.

 – კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ოქტომბერში

– მე მესმის ეს არგუმენტი და ეს არის კონსტიტუციის არასრულყოფილება. მუხლში პირდაპირ წერია, 5 წლის ვადა და დამტავრდა! პრობლემა იმიტომ შეიქმნა, რომ კონსტიტუციას აკლია მუხლი. ვადამდელი არჩევნები ჩატარდა და მერე რას ვშვრებით, არ არის მითითებული? რა ხდება ამ შემთხვევაში ამერიკაში? როცა გადადგება პრეზიდენტი, მის მოვალეობას  ასრულებს პრემიერი, ან პარლამენტის თავმჯდომარე, ან ვიცე-პრეზიდენტი. ეს მუხლი აკლია კონსტიტუციას და ამ ინიციატივას შევიტანთ პარლამენტში.

 – არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ახალმა მთვრობამ და უმრავლესობამ არაერთხელ ღიად თქვა,  რომ მას ოქტომბრამდე აცლიან.

– შინაგანად ყველა ჩვენ გვეთანხმება, მაგრამ, უნდა მოითმონოთო, რომ ამბობენ, გაუგებარია, ამერიკაში არ ითმენენ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვითმინოთ თურმე.

მიუხედავად ივანიშვილის ჩემდამი დამოკიდებულებისა, მე დიდ პატივს ვცემ მას და მის მოსაზრებას, მაგრამ იმაში, რომ ვიღაცას რაღაცა ვაპატიოთ, ვერ დავეთანხმები. ეს ნიშნავს,რომ საქართველო წელში ვერასდროს ვერ გაიმართება. სასიკეთო საქმეების გაკეთებას სჭირდება ოთხი რამ როგორც ბიბლია გვასწავლის – სიბრძნე, სიმამაცე, ზომიერება და სამართლიანობა. თუ ერთი ამოვარდება, მაშინ იკარგება ყველაფერი. ბატონ ივანიშვილს ვეტყოდი,რომ სააკაშვილს ამათგან არც ერთი არ ჰქონია და, თუ რომელიმე მასაც დააკლდება, საკუთარ თავს გადაუსვამს ხაზს.

სამართლიანობის  გარეშე არაფერი გამოვა. მერაბიშვილმა ხალხი დახოცა და გარეთ უნდა იყოს?! ვის აქვს უფლება, აპატიოს გვირგვლიანის მკვლელობა ვინმეს?! ვის აქვს უფლება, აპატიოს ვინმეს, რომ საქართველოს ბიუჯეტის ყოველი ლარიდან 80 თეთრი იხარჯებოდა ვიღაც ჩინოსანისთვის, ან სკამის შენარჩუნებისთვის?! ვის აქვს უფლება, ჩემს ნაცვლად ვინმეს რამე აპატიოს?! მე არ ვპატიობ, რომ სააკაშვილი იყო ელიტური კორუფციის სათავეში. წადით და ნახეთ, სიხარულის #5-ში რა სახლი წამოჭიმა ცხინვალის ომის შემდეგ. იმავე ქუჩის #2-ში ვანო მერაბიშვილი ცხოვრობს. კანონს არც უნდა დავაკლოთ და არც უნდა დავუმატოთ. ის უნდა აღსრულდეს და არ მაინტერესებს, უცხოეთში რომელი სექტა რას ფიქრობს!

 – „ოცნება“ ამბობს,რომ პატიება არ ეხება დანაშაულებრივ რეჟიმის პირველ პირებსა და სისხლის სამართლის დამნაშავეებს. ამაში მხოლოდ ქვედა რგოლები იგულისხმებიან.

– არა, იმათაც უნდა მოეკითხოს. როცა გუბერნატორი ვიყავი და შევარდნაძემ მინისტრის რეკომენდაციით გაყიდა სატრაქტორო ქარხანა, პრეზიდენტს სასამართლოში ვუჩივლე და სასამართლომ მე დამიჭირა მხარი. ამის მერე როგორ გავამართლო რომელიმე მინისტრი, ან გუბერნატორი, სააკაშვილს რომ უნდოდა, იმიტომ ასრულებდა?! თუ არ გინდა, წადი,ბატონო, თანამდებობიდან. ნიკოლაიშვილსნაირი, მერაბიშვილისნაირი და ადეიშვილისნაირები რომ არ ჰყოლოდა სააკაშვილს, ისიც ვერ გაბედავდა ამდენს. რა ვაპატიოთ, გურიაში გმირი დამენიას ოჯახი რომ 4 წელია მშიერია?! გამოაქვეყნონ, რა დაჯდა თითოეული გზის, თუ სკვერის  გაკეთება და ნახავთ, რომ 10-ჯერ მეტია გაწერილი. ეს ვაპატიოთ?! მე ვიყავი გუბერნატორი და მეც თუ მსგავსი რამე მაქვს ჩადენილი, არ მაპატიონ, დღესაც კი! ან ხალხს როგორ სვამდნენ კაბინეტებში, იმისათვის რომ სააკაშვილისთვის ეამებინათ, ეს ვაპატიოთ?!

 – მაშინ ვერ მოხერხდება კოჰაბიტაცია და  საბოლოოდ  შეიძლება დაპირისპირებაც მოხდეს.

ამის გვეშინია? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ „ქართულ ოცნებაში“ ბევრს აწყობს კიდეც ნაცმოძრაობისნაირი ოპოზიცია, რადგან ის ნორმალური ოპოზიცია ვერასოდეს იქნება. ჩვენი ამოცანა კი ისაა, რომ ჩამოვაცილოთ ივანიშვილს ჩასაფრებული პრეზიდენტი და ნაცმოძრაობა, რათა საარჩევნო პროგრამის, რომელიც არის მართლაც უნიკალური, განხორციელება შეძლოს. სააკაშვილი ყველაფერს იკადრებს და თუ გააკეთა, რაც უნდა, ანუ მოახდინა ხალხის დაპირისპირება, მაშინ ნახეთ!

 – როგორ აპირებთ ამ მოთხოვნის რეალიზებას, როცა არც პარალმენტი, გიჭერთ მხარს და არც მმართველი პარტია?

რა ულტიმატუმიც წარმოვადგინეთ, არ არის ერთი დღის გაკეთებული. ამაზე სერიოზული ხახლის მუშაობდა, ქართველი მეცნიერები, მათ შორის – მინდია უგრეხელიძე, ეკა ბესლია, ასევე უცხოელი ექსპერტები… ეს ის დოკუმენტია, რომელიც გაიზიარა „სახალხო კრებამ“. არა მგონია, ქალბატონმა ეკამ დღეს უარყოს თავისი ხელმოწერა. მაშინ ამ დოკუმენტს მხარი დაუჭირა კობა დავიტაშვილმა, გუბაზ სანიკიძემ, ზვიად ძიძიგურმა… ასევე არ მგონია, მათ უკან წაიღონ თავისი ხელმოწერა. უმრავლესიბას აქვს სხვა მოსაზრებები, ეს არის პრევენციები იმისთვის,რომ სააკაშვილმა თავისი სისულელეები ვერ ჩაიდინოს, მაგრამ სწორი არის ის, რომ საქართველოს კონსტიტუციას დაემატოს ის მუხლი,რმელიც სრულყოფილს გახდის მას. ასევე აუცილებელია დავიცვათ კონსტიტუცია, სადაც წერია,რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით.

 – თქვენი მომდევნო ნაბიჯები რა არის?

დოკუმენტებისმიტანა საელჩოებში, ვენეციის კომისიაში, ჩვენ შევიტანეთ რეზო ჩხეიძის სიტყვა პარლამენტში, საკონსტიტუციო სასამართლოში და განვაახლებთ ამას. სასამართლომ გვირჩია,რომ სარჩელის ფორმა მივცეთ. კი, ბატონო, ასე ვიზამთ. ჩვენ მივდივართ კანონიერი გზით და ჩვენი ბედნიერება არის იმაში,რომ კონსტიტუცია ყველაფერზე მაღლა დგას.

 – ლევან ბერძენიშვილმა თქვენს მოთხოვნაზე თქვა, რომ ეს არის მხოლოდ პოლიტიკაში დასაბრუნებელი ფანდი.

– მე – არა, მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილმა პოლიტიკურად მკვდარი ბერძენიშვილი გადაარჩინა. ამიტომ ბატონი ბიძინა მისთვის რომ ყველაფერია, გასაგებია. მე არ მჭირდება არავის გადარჩენა, მაქვს ჩემი ავტორიტეტი, ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას – არა. ბერძენიშვილმა კი ბოდიში უნდა მოიხადოს იმისთვის, რაც თქვა, ვინც წესიერები და კარგები იყვნენ, ისინი მოიყვანა ივანიშვილმა „ქართულ ოცნებაშიო“. ამ კოალიციაში ბევრს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათზე, ვინც სოროსის ფონდში იყვნენ შეყუჟულები 5-6 ათას დოლარს იღებდნენ მაშინ, როცა ევგენი ხარაძეს საკუთარი წიგნების გაყიდვით გაჰქონდა თავი, კომენტარსაც ვერ გავაკეთებ.

 -გჯერათ,რომ სააკაშვილს გადააყენებთ?

– ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ქართულ სახელმწიფოს, არ შეიძლება საქართველოს  დაჩოქილი პრეზიდნტი ჰყავდეს.

“ჟურნალი სარკე

2013 წლის 9 იანვარი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *