(საქინფორმი) გოჩა ძასოხოვი: „ეს დიდი ისტორიული პროცესია – საქართველოს გამარჯვებაა!“

gocha'როგორც საქინფორმს „ქართველ ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი ატყობინებს, ასამბლეა მიესალმება საქართველოს ახალი ხელისუფლების გაბედულ გადაწყვეტილებას, დაასრულოს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების არსებობის სამარცხვინო ისტორია.

„მართლაც, შემაშფოთებელი იყო და არის ამ პოლიტიკური სიმახინჯის მასშტაბი საქართველოს უახლეს ისტორიაში. მსოფლიომ არ იცის ქვეყანა, სადაც ციხეში ამდენი ადამიანი იყოს აგენტის, სამშობლოს მოღალატის, ქვეყნის მტრის ბრალდებით… არ იცის ქვეყანა, რომელსაც ამდენი პოლიტიკური დევნილი ჰყავდა და ჰყავს. საოცრებაა, როცა ქვეყნის სამომავლოდ მომართული ადამიანი მშიშარა პრეზიდენტის და ხელისუფლების სამარცხვინო ბრალდებებით ზის ციხეში ან დევნილია საკუთარი ქვეყნიდან“, – ამბობს გოჩა ძასოხოვი.

როგორც თავად აცხადებს, „პირადად ვიწვნიე და ვიცი, რა საშინელებაა, როცა შენს ქვეყანას გართმევენ, როცა გებრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტის პოლიტიკურ პოზიციას არ იზიარებ“.

„ამ უბედურებიდან ქვეყნის დახსნის ისტორიული პროცესი დაიწყო. დაიწყო მძლავრად. ეს 2012 წლის 1 ოქტომბრის შედეგია… მისი გაგრძელებაა. ეს საქართველოს გამარჯვებაა! – ნათქვამია განცხადებაში. – ეჭვი არ გვეპარება, რომ უახლოეს პერიოდში საქართველო იქნება ქვეყანა პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების გარეშე. ეს დიდი დემოკრატიული გარდაქმნების შედეგი იქნება. ჩვენ იმედით ვუყურებთ ამ პროცესს!“

ძასოხოვი „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ სახელით ულოცავს საქართველოს ახალ ხელისუფლებას ამ გაბედული ნაბიჯის გადადგმას… ულოცავს ყველას, ვინც ციხის საკანი დატოვა! თავის ქვეყანაში დაბრუნების უფლება მიიღო! ულოცავს მათ ოჯახებსა და ახლობლებს! ულოცავს სრულიად საქართველოს!

„მწამს და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი თავისუფალ ადამიანებთან არის დაკავშირებული და ჩვენ, დემოკრატიული პროცესებით გაერთიანებული თავისუფალი ადამიანები, ჩვენი ქვეყნისთვის, მართლაც, სასწაულის მოხდენას შევძლებთ“, – ამბობს „ქართველ ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *