(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: მადლობა ღმერთს, სააკაშვილი საშიში აღარ არის

 

1-aqcia215 იანვარს ქუთაისს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობდა. სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ბევრი ისაუბრა, როგორც მას სჩვევია. მაგარი სასაცილო რამეებიც თქვა. მთავარი ყურადღება კი ქუთაისის პარალმენტზე გაამახვილა. პრეზიდენტი და მისი ნაცმოძი ამტკიცებენ, რომ ქუთაისს პარლამენტი ჰაერივით სჭირდება.

ქუთაისელები კი პარლამენტის შენობის დანახვაზე ამბობენ: როგორ აკლიხარ თბილისს და რა ზედმეტი ხარ ქუთაისისთვისო. სააკაშვილი კი ამტკიცებს,რომ პარლამენტი თუ დედაქალაქში დააბრუნეს, ქუთაისი მოკვდებაო.

ქუთაისის პარლამენტში გადატანას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა იმერეთში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული თემურ  შაშიაშვილი. მან არაერთხელ გაიხსენა ის გეგმა, რომელიც რუსებს ჰქონდათ

ეს გეგმა რუსებმა 1993 წელს თედო ნინიძეს გააცნეს. თედო ნინიძე რუსებს ასლან აბაშიძემ შეახვედრა აჭარაში. რუსებს საქართველოს ორად გაყოფა სურდათ. ამ გეგმის თანახმად გაყოფილი საქართველოს ერთ-ერთი დედაქალაქი ქუთაისი უნდა ყოფილიყო. სააკაშვილი კი სწორედ ამისკენ მიდის.

სავარდო და სამაისო ქუთაისში სააკაშვილის გაკეთებულმა განცხადებებმა შაშიაშვილი აღაშფოთა. ამასთან „თეთრების“ ლიდერი დარწმუნდა, რომ პრეზიდენტს სერიოზულად უჭირს.

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან სააკაშვილის შეხვედრის თაობაზე ვიტყოდი – პრეზიდენტის გედის სიმღერა-თქო, მაგრამ ვერ ვამბობ, ჯერ რომელი გედი ეგ მყავს და მერეც, ჩემთვის პრეზიდენტი არც არასდროს ყოფილა.

პასუხს გავცემდი, მაგრამ უაზრობას, აბდაუბდას და აბსურდს როგორც ვუპასუხო, არ ვიცი;

არად ჩავაგდებდი, მაგრამ ფრიად მასიამოვნა და მადლობა არ ვუთხრა, არ შემიძლია. ჩვენი გასაკეთებელი საქმე თავად გააკეთა, თავად გადადგა ნაბიჯი პრეზიდენტობის მიღმა, პოლიტიკის მიღმა, ჭეშმარიტების მიღმა,  – აცხადებს „თეთრების ლიდერი პრეზიდენტის საპასუხოდ.

მისი თქმით, არასერიოზული კაცის სიტყვებს სერიოზულ კომენტარის გაკეთება ძნელია. ამის მიუხედავად იმრეთის ექს-გუბერნატორი მაინც აკომენტარებს სააკაშვილის განცხადებას:

– 1997 წლიდან ვამბობდი და კვლავაც ვამბობ: სააკაშვილი არის გაუწონასწორებელი, არაპროგნოზირებადი, იმპულსური პიროვნება.

ღმერთმა უმრავლოს ქუთაისს მოკეთე და ჭირისუფალი, მაგრამ მიშა – ბატონს ქუთაისი სჭირდება (თუმც ვერასდროს გამოიყენა, ვერასდროს დაიმორჩილა), ჩვენ კი – ქუთაისი გვიყვარს.

სიყვარული გვათქმევინებს უკვე მეათასედ, რომ ქუთაისი არ არის მხოლოდ იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრი, დასავლეთ საქართველოს ცენტრი, ან საპარლამენტო ქალაქი – როგორც ამას სააკაშვილი დაუღალავად იმეორებს.

ქუთაისი – საქართველოს გამაერთიანებელი ქალაქია ისტორიულად;

ქუთაისი –  მნიშვნელობით სახელმწიფოს  უძლიერესი ქალაქია აწმყოში;

ქუთაისი – სამეცნიერო, საუნივერსიტეტო, ეკონომიკური ცენტრია მომავლის საქართველოში.

მაგრამ არა პოლიტიკური! – აცხადებს შაშიაშვილი

„თეთრების“ ლიდერის განცხადებით, მსოფლიო პრაქტიკამ არ იცის ორ პოლიტიკურცენტრიანი ნორმალური სახელმწიფო.

– მხოლოდ სააკაშვილს და მის გუნდს შეუძლია ქუთაისს უწოდოს  – საპარლამენტო დედაქალაქი, ზუგდიდს – საპრეზიდენტო დედაქალაქი, ანაკლიას და კიდევ 17 პუნქტს  – საპრეზიდენტო რეზიდენცია და ასე, საბოლოოდ დააქუცმაცოს ისედაც მისგან აფხაზეთ-ცხინვალ დაკარგული, განახევრებული საქართველო.  – აღნიშნავს ექს-გუბერნატორი.

მისი თქმით, ქუთაისმა უახლოეს ისტორიაში ორჯერ გადაარჩნინა საქართველო სისხლისღვრას და გაახანგრძლივა სოხუმის სიძლიერე.

– ის ყოველთვის იყო ერთიანი საქართველოს ღირსეული ბურჯი. დღეს სააკაშვილს სურს ქალაქი დაუპირისპიროს დანარჩენ საქართველოს და გახადოს განხეთქილების ობიექტი.

მადლობა ღმერთს, სააკაშვილი უკვე საშიში აღარაა, არც არასდროს ყოფილა.

საშიშია, ვინც მხარს უჭერს, თვალებში შესციცინებს, მის დავალებებს კვლავაც ასრულებს, ვისაც მისი სჯერა, ან თუნდაც, ვინც თავად ასრულებინებს დავალებებს პრეზიდენტადწოდებულს.

რაც შეეხებაჩემს მიერ ფანჯრებთან დგომას…

იყო დრო ფანჯრებთანაც ვიდექი და იმ ფანჯრებიდან გამონათებასაც ველოდი, მაგრამ ის ერთადერთი დღეს ჩემი მეუღლეა და სხვის ფანჯრებთან ყოფნას, ზოგიერთებისაგან განსხვავებით, აღარასდროს ვაკადრებ თავს.

მე ვიდექი, ვდგავარ და ვიდგები იქ, სადაც დგას ხალხი, რომლის ერთ რიგით შვილად ყოფნის პატივი და ბედნიერება მარგუნა ბუნებამ. სწორედ ამ ხალხს განზრახ უთიშავდა ელექტროენერგიას, უგვიანებდა პენსიებს და ხელფასებს ის პოლიტიკური გუნდი, რომლის გენერალური მდივანი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ.  და ამას აკეთებდნენ მიზანმიმართულად, განგებ, ავი ზრახვით, რათა მაშინ ხალხი აბობოქრებულიყო, ხოლო შემდეგ იმავე ხალხთან დაეკვეხნათ ახალი ცხოვრების შენება. საქართველოში როცა დენი არ იყო, სწორედ მათი განკარგულებით უნამუსოდ იღვრებოდა წყალსატევებიდან წყალი და არ ხდებოდა ელექტროენერგიის გამომუშავება. სწორედ სააკაშვილის გენერალური მდივნობისა და იუსტიციის მინისტრობის წლებში არაერთხელ გამაკრიტიკეს ქუთაისის თვითნებურად, მათ დაუკითხავად ჩართვებისათვის.

როგორ შეიძლება საღად მოაზროვნედ ჩაითვალოს კაცი, რომელიც წყალტუბოს საკურორტო კომპლექსის აღდგენას, კოპიტნარის აეროპორტის განახლებას, ქუთაისელი ახალგაზდრობის სამომავლო პერსპექტივას და კიდევ ათას რამეს პარლამენტის ქუთაისში ყოფნა-არყოფნით განსაზღვრავს.

ქუთაისს არ ჰქონია პოლიტიკური პარლამენტი, მაგრამ ქუთაისი გვრგვინავდა, ყვაოდა, იზრდებოდა. ქალაქს ისეთი ისტორიული პარლამენტი აქვს, სააკაშვილის დროინდელი ერთპარტიული პარლამენტი ახლოსაც ვერ მივა. გაბედოს ერთი და გამოვიდეს „ბაღისკიდის პარალმენტში“ სიტყვით. კარგსაც მიიღებს. დღეს კი მისი აუდიტორია იყო ხვალის ქუთაისი, ხვალის იმერეთი, ხვალის საქართველო  – პრეზიდენტის სისულელეებზე დარბაისლურად მომღიმარი ახალგაზრდობა, რომელიც ააშენებს ყოველივე იმას, რაც სააკაშვილის გამოისობით დააკლდა სამშობლოს – აცხადებს ყოფილი გუბერნატორი

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა”

 

 

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *