(საერთო გაზეთი )თემურ შაშიაშვილი : 20 იანვარს. 13 საათზე საჯაროდ გამოვაცხადოთ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის დასრულება!
„საერთო გაზეთის“ სტუმარია პარტია თეთრების თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი
– ბატონო თემურ, ნამდვილად არ მჯერა და ვფიქრობ, არც თქვენ გჯერათ, რომ 21 იანვარს მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ 20 იანვარს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ თქვენი ულტიმატუმი უფრო სხვა „გემოვნებისთვისაა“ განკუთვნილი…
– მიხეილ სააკაშვილი რომ ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორის ჰყავს გერმანიას, იტალიას, ისრაელს და ა.შ, ანუ პრეზიდენტი, რომელიც არ ერევა სამთავრობო საქმეებში, ასეთი პრობლემა არ იქნებოდა. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს რეალურად, განიარაღებაა იმ თვალსაზრისით, როცა 1 მლნ ადამიანი ხელს მოაწერს,როდესაც დიდი შეკრება დაიწყება, თუნდაც, გარკვეული კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს აქვს მომზადებული და მშვიდობა შედის კონსტიტუციაში. არსებულ კონსტიტუციაში მშვიდობა არ არის. ის არეულობის საყრდენია – პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, დაითხოვოს პარლამენტი და თავისი დანიშნული მთავრობით ჩაატაროს არჩევნები. არაერთი საშიშროება რომ არ იდოს კონსტიტუციაში, იჯდეს, ვის აინტერესებს მიხეილ სააკაშვილის სკამი!.. დღეს ის გახდა დაპირისპირების ცენტრი, პრეზიდენტის სასახლე იქცა იმ ადამიანების შეკრების ადგილად, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, როგორ ჩაუსაფრდნენ იმ პროგრამას, რომელსაც 1 ოქტომბერს დაუჭირა ხალხმა მხარი.
მთავარი ვინმე სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაზე ფიქრი კი არ არის – სააკაშვილი არ ყოფილა არ არის და არც იქნება ის ფიგურა , რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს საქართველოს მოსახლეობა, მიხეილ სააკაშვილი საშიშია იმ ძალებით, რომლებიც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მის უკან დგანან…
მიხეილ სააკაშვილი არასდროს ყოფილა ისეთი საინტერესო არც ამერიკისთვის და არც რუსეთისთვის, როგორც დღეს. ამერიკას არ აწყობს მოლაპარაკე სააკაშვილი იმიტომ, რომ მან შეიძლება ისაუნროს იმაზე, როგორ დაიწყო რუსეთთან ომი, ხოლო რუსეთს აწყობს ილაპარაკოს სააკაშვილმა, თუ როგორ დაიწყო ომი. ამიტომ ეს ვაჭრობა ორივესთან და რომელიც უკეთესს შესთავაზებს, რა თქმა უნდა, იმის მხარეზე დადგება, მაგრამ აშშ ყველაფერზე წამსვლელია და შეიძლება თვალი დახუჭოს…
– დავაზუსტოთ, რას გულისხმობთ?
– ამას რატომ გეუბნებით – მოახდინა რევოლუცია – თვალი დახუჭა; შენ გითხრეს, რევოლუცია არ მოახდინო, ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებსო; „ვარდების რევოლუცია“ – ეს იყო „მოქალაქეთა კავშირის დარჩენა ხელისუფლებაში, ანუ ვინც მას მხარი დაუჭირა ( ამერიკა იყო, თუ ევროპა, პრაქტიკულად, ეს რუსეთმა გააკეთა) თავზე დაგვასვა „მოქკავშირ – აღორძინების“ ნაერთი.
ნახეთ, რისი დევალვაცია მოხდა!
ჩვენ, ყველამ, ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ გინდა საქართველოს ებრძოლო, ისეთ სიტყვებს უნდა დაუკარგო ძალა და მნიშვნელობა, როგორიცაა „ეროვნული“ „სამშობლო“, „პატრიოტი“ ავტორიტეტი“… შეხედეთ რა მოხდა, ნაციონალური და ეროვნული ჰქვია ყველაზე არაეროვნულ პარტიას; „ავტორიტეტი“ დაარქვეს ქურდს; ქართველი პატრიოტები ვართო იძახიან ადამიანები რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშვილმა უნდა გაიხანგრძლივოს საპრეზიდენტო ვადაო…
– მაზმანიანისა და პანფილოვის ე.წ. პეტიციას გულისხმობთ?
– ჯერ ერთი კონსტიტუცია ამის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ რომც იძლეოდეს, პატრიოტები იმაზე ილაპარაკებდნენ, რომ მიწაზე მფორთხავი პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პრეზიდენტი!… უნდა მიესალმო, როცა სომეხი, ან რუსი, ან აზერბაიჯანელი იტყვის, მე ქართველიპატრიოტი ვარო, მაგრამ ქართველი, რომელიც იტყვის, მიწაზე მფორთხავ პრეზიდენტს უნდა გავუხანგრძლოვოთ საპრეზიდენტო ვადაო, ის არანაირი საქართველოს პატრიოტი არ არის!
კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტის არჩევა ხდება ხუთი წლით, რა არის აქ საკამათო? რომ ამბობენ, ოქტომბერშია პრეზიდენტის არჩევის ვადაო, რა პრობლემაა, ჩატარდეს ოქტომბერში, ელემენტარული საკონსტიტუციო ცვლილებაა საჭირო და სააკაშვილი 21 იანვრიდან აღარ იქნება საქართველოსპრეზიდენტი, კონსტიტუცია არის აბსურდი, ერთი მუხლი ამბობს, საპრეზიდენტო ვადა ხუთი წელიაო, მეორე მუხლი – საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდესო და 10 თვით უხანგრძლივებს საპრეზიდენტო ვადას, ყველა კონსტიტუციონალისტი ერთხმად ამბობს, რომ საპრეზიდენტო ვადა მთავრდება, მაგრამ პირად საუბრებში აუცილებლად მოსდევს – „იცი რა, ამერიკა ითხოვს…“
იცი რა, ამერიკა ჩვენ გვაყენებს შეურაცხყოფას! ისინი გვეუბნებიან, ამერიკაში არ შეიძლება , რომ წერია 4 წელი, უნდა იყოს 4 წელი, აი, საქართველოში კი შეიძლება, თქვენ არ ხართ იმ დონის, რა დონისაც ჩვენ ვართ!.. აშშ გენერალი, საკმაოდ მაღალი დონის ფიგურა გადააყენეს იმის გამო, ორმ ვიღაცას სასიყვარულო წერილი გაუგზავნა – ცოლს რომ უღალატებს, ამერიკასაც უღალატებსო. ამერიკის საელჩომ არ იცის, რა გარყვნილ ცხოვრებას ეწევა სააკაშვილი?
უკადრებელის კადრება არის ეს, რაც არ შეიძლება აშშ-ში,ის უპრობლემოდ შეიძლება საქართველოში. მე ეს მკლავს!
ჩვენ, როდესაც ვაცხადებთ, რომ 20 იანვარს 13:00 საათზე ვიკრიბებით, რაიმე აქცია და ვინმეს ჩამოგდება კი არა რის, ამას ვუწოდებთ „ღირსების შეკრებას“ ეს არის მთელი მსოფლიოსათვის განკუთვნილი ღირსების განაცხადი თბილისიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომ ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ღირსეული ერი და ვამბობთ, რაც წერია კონსტიტუციაში, უნდა შესრულდეს!
ნურავინ ნუ გვასწავლის გარედან და ნურავინ ნუ გაიხდის საქართველოს საბურთაო ქვეყნად, ნურც რუსეთში და ნურც აშშ -სა და ევროპაში ნურც ცდილობენ ამას!
საქართველოს უნდა ჰყავდეს ღირსეული ხელისუფლება,რომელიც გარედან არ იმართება!
ბატონი ბიძინა იყო ძლიერი, როცა თქვა, რომ სააკაშვილს იანვარში გადის საპრეზიდენტო ვადა…
– მაგრამ ხომ განმარტა კიდეც, დასავლეთი ვერ გაიგებსო…
– ხომ თქვა – ვერ გავიგე… დასავლეთმა კი არა, ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს და თუ ბატონ ბიძინას უნდა ასიამოვნოს ვიღაც სხვას და არა ქართველ ხალხს, დაუშვებს დიდ შეცდომას – გულწრფელად გეუბნებით, არ მინდა ეს გააკეთოს! პარლამენტში არის ის 15 ადამიანი, ვინც ჩვენთან ერთად „სახალხო კრების“ ყრილობაზე რუსთაველის პროსპექტზე ხელია უწია პრეზიდენტის უნდობლობას, იმ დღის შემდეგ, სააკაშვილი არ არის ჩვენთვის პრეზიდენტი. ეხლა, ამ პარალმენტში რომ შეხვედი, უკან იხევ? – ეგ არ ვარგა!.. მე ვარ პრინციპული პიროვნება…
საქართველოს მოსახლეობის 1 მლნ-მა უკვე ხელი მოაწერა, იუსტიციის მინისტრმა თქვა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, კონსტიტუციონალისტებმა თქვეს, რომ 20 იანვარს გასდის სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა, ვის ვუსმენთ ჩვენ, მაკეინს, რას იტყვის?
მაკეინი საქართველოზე კი არა, ამერიკაზე ფიქრობს და ასეც უნდა იყოს,მაგრამ თუ დღეს ფეხქვეშ გაეგება აშშ-ს საქართველო, ის საქართველო აღარ იქნება! პატივს ვცემ აშშ-ს, ვთვლი, რომ მასთან ურთიერთობის გარეშე დიდი მომავალი არ გვაქვს, მაგრამ ამის გამო აშშ-ს თავზე ვერ დავისვამთ, ვერც რუსეთს და ვერც კიდევ ვინმე სხვას, ვიმოქმედოთ ისე, როგორც უკეთესი იქნება საქართველოსთვის!
სააკაშვილი ერთად მოიყვანა რუსეთმა და ამერიკამ. ნახეთ ფოტო, ერთ მხარეს სხედან ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი მეორე მხარეს არის ივანოვი, რომელსაც , არჩევანი ჰქონდა და დაჯდა სააკაშვილის წინ, რადგან ის ასრულებდა იმ დროს პრეზიდენტის მოვალეობას – ივანოვმა დიპლომატიური ჟესტით გვითხრა, რომ მათ უნდოდათ სააკაშვილი. ამერიკა და რუსეთი შეთანხმდნენ – ჩვენ საბურთაო ვართ?! პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ღირსების მქონე, ვინც კეთილად მოგვეკიდება, მის მიმართ უნდა ვიყოთ კეთილად განწყობილი…
სააკაშვილი რომ გადადგა 2007 – ში, მას არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა პრეზიდენტად – კენჭი იყარა; წააგო არჩევნები, შედეგები მოიპარა და ხმა არ ამოიღო არავინ. ეს შეურაცხყოფა არ არის?! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?!
– ამიტომ ჰქვია 20 იანვრის შეკრებას „ღირსების შეკრება“ ხმამაღლა უნდა ვთქვათ, ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ასეთი ტონით უნდა ელაპარაკონ. უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს სიმაღლე არის მისი კულტურა, მისი რელიგია, მისი ტრადიციები, ტვინით გატენილი ადამიანები და პატივი სცენ მათ და არა იმას, ვისაც აფინანსებენ, რომ დაანგრიოს ეს ქვეყანა. მსოფლიო იკვებებოდა ქართული კულტურით და უკადრებელი გვაკადრა სააკაშვილმა ბელგიაში, როცა თქვა, საქართველო ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა იყო ყოფილ საბჭოთა კავშირშიო.
გამოვიდეს აბა ვინმე აშშ-ში და თქვას მსგავსი რამ აშშ-ზე, იმპიჩმენტს მოუწყობენ. ამერიკაზე არ შეიძლებბა!
საპატივცემულო და ხაზგასასმელია, რომ აშშ ამ ელჩს ძალიან მოზომილი ენა აქვს. ძალიან ტაქტიანად და კულტურულად იქცევა, მაგრამ წინა ელჩები რას კადრულობდნენ? – 26 მაისის დარბევის უფლება პრექტიკულად, ბასმა გასცა! ნაცვლად იმისა, რომ ეს სირცხვილი ჩამოირეცხონ, ქართველ ხალხთან იმეგობრონ… – ვინაა სააკაშვილი (არ მინდა ვთქვა: ვინ მიგდია“) რომ მას გადააყოლონ ჩვენი კულტურა და ტრადიციები!… ერთხელ მაჩვენონ, რომ აშშ-დან ვინმე ჩამოვიდა და მერაბ ბერძენიშვილს ეწვია სახელოსნოში, ან რომელიმე მწერალს, ან მეცნიერს, ან მეცნიერებთან ჰქონდა შეხვედრა – ჩამოდიან და ხვდებიან თეა თუთბერიძეს. ეს ხომ არის შეურაცხყოფა!
20 იანვარს შეკრებაზე მოვლენ ის ადამიანები, რომლებსაც ღირსება აქვთ!
მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამგვარი საუბრით ვაღიზიანებ ყველას და ჩემი სახელის გაგონება არ უნდათ, მაგრამ ჩემთვის მთავარია,რომ არ გადავიდე იმ ხაზიდან, რომელიც ჰქვია საქართველოს და ქართველი ხალხის მსახურება. ჩემთვის ეს არის ღირსებადა არა ის, აშშ რომელიმე თანამდებობაზე მხარს დამიჭერს თუ არ დამიჭეს. ბევრმა მითხრა, რაღაც რაღაცეებზე კენჭი რომ იყარო, ამისთვის მაინც დაანებე თავი აშშ-ს. მე ვამბობ, კი, ბატონო პატივს გცემთ, ყველა მიყვარხართ, მაგრამ თავზე ნუ გვაჯდებით! არ შეიძლება აშშ და რუსეთის ხელმძღვანელობა ასე ექცეოდნენ პატარა ქვეყნებს!..
20 იანვარს, 13 :00 საათზე ღირსების შეკრება ავლაბარში პრეზიდენტის სასახ ლესთან , საჯროდ გამოვაცხადოთ სააკაშვილის საკონსტიტუციო ვადის დასრულება და გავაცილოთ იგი პრეზიდენტობიდან!
სააკაშვილს ღირსება რომ ჰქონდეს, ეს შეკრება რა დაგვჭირდებოდა, მაგრამ რადგან ის თვლის,რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელსაც ის უღირსად უნდა მოექცეს, ჩვენ ვატარებთ ღირსების შეკრებას, რომ თავისი უღირსებით ვერავინ დაგვაჯდება თავზე, ამოიწურა საკონსტიტუციო ვადა და ვაცილებთ პერზიდენტს.
მე ვიცი, რომ ბატონი ბიძინა ძალიან მძიმედ განეწყობა ჩემს მიმართ, – კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება თანამდებობაზე დანიშნოს კაცი რომლის მიმართაც სისხლის სსამართლის საქმეა აღძრული. ვინ დაინიშნა? – გუნავა. ხომ არ ვამბობ, რომ დამნაშავეა, მაგრამ არ შეიძლება, თვით სააკაშვილის მიღებული კანონია ეს. წერია, რომ გუბერნატორი არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და ინიშნება მთავრობის თავმჯდომარესთან შეთანხმებით, დანიშნა პრეზიდენტმა ორი გუბერნატორი და არაფერი შეუთანხმებია. ადამიანი აცხადებს, რომ ის არის კანონიც, კონსტიტუციაც და ეს უნდა მოვითმინოთ, ეს არის ღირსების ქონა?
ღირსებაზე მაქვს საუბარი, თორემ დღეს ვისაც საქართველოში მაღალი თანამდებობა უნდა, იმან არ იცის, რა მდგომარეობაა ქვეყანაში – კატასტროფაა, ბატონ ბიძინას ჯერ კიდევ არ ჩაუხედავს ღრმად…
1 ოქტომბერს არა მხოლოდ მოწინააღმდეგეებმა, არამედ იმანაც კი უარი უთხრა სააკაშვილს, ვინც მასთან იდგა, ეს გადავხაზოთ, ვაქირქილოთ და ძველებურად ვიპარპაშოთ?
ჭკვიანური არც მანამდე მინახავს, მაგრამ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გამოსვლები არის ნიშანი იმისა, რომ სრულად დაკარგა ქვეყნის მართვის უნარი – ამას არ მოითმენდა მსოფლიოს არც ერთი თავმოყვარე ერი. რასაც სააკაშვილი აკეთებდა და ვითმენდით, შეურაცხყოფას ვაყენებდით საკუთარ თავს. მაგრამ უსაზღვროებასაც აქვს თავისი საზღვარი. ერთი ფილოსოფოსის სიტყვები გამახსენდა – ორ რამეს არ აქვს საზღვარიო, პირველი – სამყაროს და მეორე – ადამიანის სისულელეს. სამყაროს შეიძლება ჰქონდეს საზღვარი, მაგრამ ადამიანის სისულელეს ნამდვილად არ აქვს საზღვარიო – ეს დაემართა სააკაშვილს, დაადასტურა, რომ ნამდვილად არ აქვს საზღვარი ადამიანის სულელურ ქმედებებს. რომ უთხრან, შენ მხოლოდ სკამის პრეზიდენტი ხარო, ოღონდ პრეზიდენტი ერქვას და სკამზე მიკერებული იქნება…
გერმანიაში პრეზიდენტი იმის გამო გადააყენეს, რომ გარკვეულ პირს რაღაც ფორმით დაეხმარა შეღავათიანი სესხის მიღებაში. ჩვენ ვინ ვართ, კაცო?! ქალბატონ მერკელს ვეკითხები, რაც არ შეიძლება გერმანიაში, რატომ შეიძლება საქართველოში/ თქვენ რისთვისაც ბოლო ხუთი მინისტრი და პრეზიდენტი გადააყენეთ, სააკაშვილის მთელი ხელისუფლება დღეს ციხეში უნდა იჯდეს. საფრანგეთის დიდი პრეზიდენტების მაგალითით, სააკაშვილს დღეს სამუდამო პატიმრობა უნდა ჰქონდეს მისჯილი;
ასჯერ გავიმეორებ, თუ ჩვენი მეგობრები ხართ, ბატონებო,რატომ აძლევთ თავს იმის უფლებას, რომ რაც არ შეიძლება აშშ-ში საფრანგეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. შესაძლებელი გახადოთ საქართველოში?
– ბატონო თემურ, როცა იქნება, დამთავრდება პრეზიდენტი სააკაშვილი მაინტერესებს, დამთავრდება დ ა ყველაფერი ისე ჩაივლის, ვითომ არც ყოფილა?
– დღევანდელი კანონმდებლობით მოქმედი პრეზიდენტის მიმართ საქმე ვერ აღიძვრება, მაგრამ როცა პრეზიდენტი აღარ იქნება… ახლა ოქრუაშვილი რომ გამოვიდა (მის მიმართ მძიმედ განწყობილი ვარ), მიმაჩნია, რომ სწორად ამბობენ, არ არის ის პიროვნება, რომ პატიოსნად მუშაობდა თანამდებობაზე, მაგრამ რასაც აკეთებდა ოქრუაშვილი, აკეთებდა სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ამიტომ ამ ნაწილში ან ორივე ერთად უნდა იჯდეს ციხეში, ან ორივე გარეთ უნდა იყოს, ანუ სააკაშვილი რომ პრეზიდენტი აღარ იქნება, ორივე უნდა წავიდეს ციხეში. ეს იმის გამო კი არა, რომ მე მინდა ასე, არა, იმის გამო, რაც მათ აქვთ ნაკეთები – მარტო იმის გამო, რომ ზესტაფონში 110 მლნ დოლარის სილიკონ-მანგანუმზე იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილემ (სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა) ხელი მოაწერეს, რომ ეს არის სანაგვეზე გადაყრილი რაღაცო და მერაბ სამადაშვილს აჩუქეს ზესტაფონი. მოვა ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ამაზე აგებინებს პასუხს ორივეს.
მხოლოდ სააკაშვილი კი არა, უნდა გასამართლდეს მთელი „ნაცმოძრაობა“, რაც იქნება „მოქკავშირის“ და აღორძინების სასამართლო, რადგან მომავალში ვერავინ გაბედოს ხალხის მსახურად ქცევა და ხალხის თავზე დაჯდომა. რომელ პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი! გვირგვლიანის საქმე ცნობილია; რობაქიძის საქმე ცნობილია; ვაზაგაშვილის საქმე ცნობილია;… რა ბიჭები არიან ჩაცხრილულები მხოლოდ იმის გამო, რომ ეჩვენებინათ ძალა. საბერძნეთში ასხლეტილი ტყვია შემთხვევით მოხვდა ბიჭს და მთელი საბერძნეთი ფეხზე დადგა – იმიტომ,რ ომ მათ აქვთ ღირსება!
„ნაციონალური მოძრაობა“ არის გარედან მართული სექტა, ამიტომ ძნელდება მასთან ბრძოლა, ნებისმიერ პარტიასთან შეიძლება საუბარი და ჯანსაღი კამათი,მაგრამ სექტასთან – მიუღებელია.
რეიგანის სიტყვებია გუბერნატორობის დროს: დადგა აშშ – ს ცხოვრებაში დრო, როცა ან კუჭი იმარჯვებს გონებაზე, ან გონება იმარჯვებს კუჭზე. თუ კუჭმა გაიმარჯვა გონებაზე, დამთავრდება ამერიკა, თუ გონებამ გაიმარჯვა კუჭზე, ამერიკა იქნება მსოფლიო მბრძანებელი…“ გაიმარჯვა გონებამ და ხედავთ, ამერიკა რა სიძლიერისაა! იგივე ბრძოლის წინაშე დგას დღეს საქართველო – ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა, რომ საქართველო, რომ საქართველო არის გონების ქვეყანა. ნიჭის და ზნეობის ქვეყანა, რომლითაც უნდა იმართებოდეს.
– ბატონო თემურ, პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში გადასვლას შესაძლო პროვოკაციის მოწყობის ელფერი დაკრავსო, თქვენ როგორ თვლით, რა შეიძლება იყოს ამ მორიგი ახირების საფუძველი?
– ჯერ ვთქვათ ის, რომ ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო რეგიონს – აქ გადმოვიტან რეზიდენციას, თბილისში ჯდომა მეშინიაო… მოსინჯა ეხლა, რეაქციას ელოდება – ეს ღირსების საქმეა.
ერთხელ ვთქვი და ეხლა ვიმეორებ, ძლიერი ქუთაისის გარეშე, ძლიერი თბილისი არ არსებობს, ძლიერი თბილისის გარეშე – ძლიერი საქართველო. ბონდო ჯიქიამ, სულით ხორცამდე სამშობლოზე შეყვარებულმა კაცმა, დამირეკა და მითხრა, ძლიერი ზუგდიდისა და ძლიერი სამეგრელოს გარეშე ძლიერი ქუთაისი არ არსებობსო – ესაა საქართველო!
– შეურაცხყოფებს, რაც სააკაშვილმა საქართველოს მიაყენა, ყველას უცბად რა ჩამოთვლის, მაგრამ იმერეთსა და სამეგრელოზე ვიტყვი: ერთ-ერთს იმერეთს თავზე მეგრული მაფია და სამეგრელოს დაასვა იმერეული მაფია – ნახეთ, რა მაოხრებელი გვყავს!
თემურ შაშიაშვილი რომ არ მოგწონს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი არ არის მაოხრებელი – არავის ვასწავლი ჭკუას, ღიად და გულწრფელად ვამბობ იმას, რაც არის, როდესაც ქვეყანას დასჭირდა, ტანკები არ გამოვუშვი თბილისისაკენ და მე ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დღეს – თუ სააკაშვილი უნდა მოსულიყო ხელისუფლების სათავეში, მაშინ მე ეს ტანკები უნდა გამომეშვა…
ჟიული შარტავას თაობას მინდა ვუთხრა, ნუ იმალებიან ბუჩქებში!
სააკაშვილი დაიწყო კაგებეთი. სწავლობდა კაგებეს უმაღლეს სასწავლებელში, კაგებე იყო მისი მფარველი უკრაინაში და ბორისპოლის აეროპორტში კაგებეს ეფრეიტორი გახლდათ სააკაშვილი. ყოფილი კაგებეშნიკი არ არსებობს, ან არის, ან არ არის. სააკაშვილი თავისი თანამდებობისთვის, პუტინმა რომ უთხრას, გარანტი მე ვიქნებიო – გაერთხმება ფეხქვეშ, სამეგრელოს პრეზიდენტად დარჩება, ოღონდ სამეგრელო მოაცილოს საქართველოს – რუსეთი ამაზე ოცნებობს. რაზეც რუსეთი ოცნებობდა, ყველაფერი შეუსრულა ამან, აფხაზეთი როგორ არის და სამაჩაბლო. კარგად ვიცით,რ რომ დღეს მას აქვს აჭარასთან, სამცხე – ჯავახეთთან და სამგრელოსთან დაკავშირებული „გეგმები“, ამიტომ გეუბნებით, თუ დროზე არ მოვიცილეთ ეს კაცი, ძალიან დიდი უბედურება გადაგვეშლება წინ
ესაუბეა თამთა ჭელიძე
“საერთო გაზეთი” 16-22 იანვარი. 2013 წელი



