(ინტერპრესნიუსი)” ერთსულოვნების” წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, ხვალიდან პრეზიდენტის უფლებამოსილება თავად გადაიბაროს
მოძრაობა “ერთსულოვნების” წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, რომ ხვალიდან პრეზიდენტის უფლებამოსილება, კონსტიტუციის თანახმად, სწორედ მან გადაიბაროს . “ერთსულოვნების” ეს მიმართვა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის წინ მიმდინარე “ღირსების შეკრებაზე” გაჟღერდა.
როგორც “ერთსულოვნების” წარმომადგენლები აცხადებენ, მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადა სწორედ ახლა უსრულდება.
“ასევე, კონსტიტუციის თანახმად, მას აღარ ექნება უფლება საპრეზიდენტო საქმიანობის გასაგრძელებლად და ის, ვინც მას პრეზიდენტად მოიხსენიებს, კანონს დაარღვევს. მოვუწოდებთ პრეზიდენტს, დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და პატივი სცეს კონსტიტუციას. მივმართავთ ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კონსტიტუციის თანახმად სწორედ მან გადაიბაროს პრეზიდენტის უფლებამოსილება, სანამ ჩატარდება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. ასევე, მივმართავთ პარლამენტს, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები და იზრუნოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე”, – აცხადებენ “ერთსულოვნების” წარმომადგენლები.
ისინი მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომ პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, სწორედ 21 იანვრიდან აღარავის აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად მოიხსენიოს. ამასთან, “ერთსულოვნების” წარმომადგენელი აცხადებს, რომ დღეიდან საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ამ მოძრაობის წევრი გახდეს.



