(palitra.ge)თემურ შაშიაშვილი: ახლა პარლამენტიც დაჩოქებულია

 
me2მიხეილ სააკაშვილისთვის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ავლაბრის რეზიდენციასთან გაშლილ კარვებში 100-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. როგორც მოძრაობა “ერთსულოვნების” რამდენიმე ინიციატორმა განაცხადა, პრეზიდენტს უფლებამოსილება 20 იანვარს დაუმთავრდა და ისინი რეზიდენციასთან იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის უფლებამოსილება არ შეუჩერდება. აქციაზე მისული ადამიანები, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, ხელმოწერებს ტოვებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში აპირებს გადასვლას, სადაც, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სამზადისი მიმდინარეობს. მერაბ კოსტავას ქუჩის მცხოვრებთა თქმით, ბოლო დროს რეზიდენციის გარშემო აქტიური ფუსფუსი შეინიშნება. ზუგდიდელების ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ცდილობს, წასვლის შემდეგ რაც შეიძლება მეტი პრობლემა დატოვოს ქვეყანაში, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ “პრეზიდენტს ამაგი უნდა დაუფასდეს…”
როგორც ჩვენთან საუბარში ავლაბრის რეზიდენციასთან “ღირსების შეკრების” ინიციატორი თემურ შაშიაშვილი აღნიშნავს, თუკი თბილისიდან განდევნილმა სააკაშვილმა ზუგდიდს მიაშურა, ისინი იქაც დასცემენ კარავს, რათა მას საპრეზიდენტო ვადა არ გაუგრძელდეს…

– ჩვენ რომ არ შევკრებილიყავით, ეს მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი იქნებოდა. ამ დღეებში იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი პაატა ცნობილაძე თავის ამერიკელ კოლეგებს ესაუბრა, რომელთაც არ დაიჯერეს, – როგორ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდა და ის კონსტიტუციას არღვევსო? ამიტომ მთელ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, ვისაც შეიძლება თავზე ვიღაც დააჯდეს. საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე სერიოზულ ინტერესს იჩენენ, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიომ გაიგო, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენ პარლამენტში შევედით წინადადებით, რომლის მიღებასაც არც იმპიჩმენტი სჭირდება და არც ხმათა უმრავლესობა, უბრალოდ უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არჩეული იყო 5 წლის ვადით და მისი ამოწურვის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სახლში უნდა წავიდეს.

– თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდში გადადის…
– ჩვენც გვაქვს ეს ინფორმაცია, თუ მან მართლა დააპირა ზუგდიდში წასვლა, იქაც ჩავალთ და ღირსების შეკრება იქაც გაგრძელდება. სააკაშვილი ბოლო დროს ყველაფერს აკეთებს, რათა რეგიონებს შორის დაპირისპირება მოხდეს, რაც ქვეყნის მომავლისთვის საშინელებაა. როდესაც პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს, აი, მაშინ დაიწყო უბედურება. არადა, მე, როგორც ქუთაისელს, მიმაჩნია, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს. ახლა, როდესაც მისი თბილისში დაბრუნების პროცესი იწყება, გამოჩნდნენ ვიღაცები, ვისთვისაც ეს ქუთაისის უარყოფის ტოლფასია. თუ მაინცდამაინც ქუთაისის აღმშენებლობა უნდოდათ ამ ოჯახაშენებულებს, გადაეტანათ იქ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ნახავდნენ, თუ როგორ აისახებოდა ქალაქის განვითარებაზე. ახლა ამ პროცესებში ზუგდიდი ჩაერთო. ამერიკის პრეზიდენტს არ აქვს იმდენი რეზიდენცია, მიხეილ სააკაშვილს რომ აქვს და ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა მზაკვრულად გათვლილი. ეს არის სეპარატიზმის გაღვივების ყველაზე დიდი ბიძგი და ამას აკეთებს პრეზიდენტი, რომელსაც აღმშენებლობაზე აქვს პრეტენზია. თუ ასე ძალიან უყვარს ზუგდიდი ამ ვაჟბატონს, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი გადაიტანოს იქ და ნახავს, როგორ წაადგება რაიონს.

– ამ საკითხში თქვენთან ერთად არის მოძრაობა “ლაზარე”, თუ დამოუკიდებლად აპირებთ ამის მიღწევას?
– რა თქმა უნდა, “ლაზარე”, რომლის ორგანიზატორიც ბატონი რეზო ამაშუკელი გახლავთ, ძალიან სერიოზული და ძლიერი მოძრაობაა, ჩვენ ამას მივესალმებით და დარწმუნებული ვარ, თანამშრომლობას შევძლებთ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ცალ-ცალკე ვმოქმედებთ… როგორ უნდა მიიყვანო ხალხი იქამდე, რომ ყოველდღე ასობით ათასი ხელმოწერა მოდიოდეს. ჩვენთან იდგნენ 86 წლის რეზო ჩხეიძე, მანუჩარ მაჩაიძე, რეზო ძოძუაშვილი და ომარ მხეიძე, რომლებიც ჩვენთან ერთად აგროვებდნენ ხელმოწერებს.

– ბატონო თემურ, ახალ ხელისუფლებაში თქვენ ადგილს რა სფეროში ხედავთ?
– ვერსად, ეს არ არის ჩემი მოწოდება. ჩემი სურვილია, “ნაციონალური მოძრაობა” და პრეზიდენტი, როგორც ჩასაფრებული ლიდერი, ჩამოცილდნენ საქართველოს და ამას როგორღაც უნდა მივაღწიოთ, რათა “ქართულმა ოცნებამ” თავისუფლად იმუშაოს. უნდა განხორციელდეს პროგრამა, რომლითაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მე, როგორც მასზე ნაწყენი და გულნატკენი ადამიანი (არ დავაკონკრეტებ, რატომ) ვამბობ, რომ ქვეყნის გადარჩენის გზა არის, თუმცა, ნაციონალების დაუნდობელი ბრძოლის შედეგად, ის ინგრევა. ამიტომაც გვინდა მათი მოცილება. ივანიშვილი კიდევ ერთხელ თუ არ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ვადა გაუვიდა, ეს ნიშნავს, რომ ის “გარედან”, დასავლეთიდან შეაშინეს, ეტყობა, უნდათ კუდი მოაქნევინონ და უკან მოაბრუნონ. თუ ძლიერი პრემიერ-მინისტრი ხარ, როცა ხედავ, რომ ვადაგასულ პრეზიდენტს უძრაობა დაემართა და არსადაც არ მიდის, უნდა აიძულო. ამიტომაც ვამბობ, დიახ, სააკაშვილმა გორში კი დაიჩოქა, მაგრამ ახლა პარლამენტიც დაჩოქებულია, რადგან ამბობს, “ერთსულოვნება” სამართლებრივად მართალია, მაგრამ ვითარების გამწვავება არ გვინდაო. ეს ზაქარია ქუცნაშვილის სიტყვებია…

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *