( ახალი თაობა)თემურ შაშიაშვილი: „6 თებერვალს ბარიკადებს აღვმართავთ სააკაშვილის წინააღმდეგ
ბატონო თემურ, ფაქტია ცნობილი 100 დღის მიწურულს სულ უფრო მეტი კრიტიკა ისმის ახალი ხელისუფლების მიმართ. თქვენ რა უარყოფით ტენდენციებს გამოყოფდით?
– ბევრი რამ, რის გამოც ახალ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ჩემთვის გაუგებარია. ბევრი პარტია ჩასაფრებულია და ცდილობს, ასპარეზზე ახალი ხელისუფლების კრიტიკით გამოვიდეს. მე ახალ ხელისუფლკებას ვაკრიტიკებ იმ ჭრილში, რომ ის ვერ ახერხებს ძველი ხელისუფლება დაასრულოს, ისე, როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიმსახურა. ის კეთილგანწყობა, რომელიც უცხოელი მრჩევლების თუ უცხოელთა ზეწოლის გამო ყალიბდება ახალ ხელისუფლებაში წინა ხელისუფლების მიმართ, საქართველოსთვის დამანგრეველია. არ შეიძლება, რომ უსმენდე ხან ვის და ხან ვის, ესენი ძირითადში უცხოელები არიან და არ ხედავდე, რა ხდება საქართველოში და რა მდგომარეობაა ხალხში. ხალხი გმინავს გაჭირვებისაგან. ძველმა ხელისუფლებამ ხალხს გენოციდი მოუწყო, ქართული ცნობიერების დანგრევით დაწყებული, დამთავრებული იმით, რომ საქართველოს მოსახლეობის 50%-ზე მეტს არ აქვს საშუალება მიიღოს სიცოცხლისათვის საჭირო კალორიების ნახევარზე მეტი. ამ დროს სააკაშვილის დედას 1 ლარად 100-ზე მეტი ობიექტი აქვს შეძენილი. როდესაც ასეთ სურათს ხედავ, ხედავ იმას, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ ყოფილმა პრემიერმა მერაბიშვილმა პრემია 8 500 ლარი გამოიწერა და ამ დროს პენსიონერს ლუკმა-პურის ფული არ აქვს… ან მინისტრებს და დეპუტატებს ერთხელ არ გაჩენიათ აზრი, უარი ეთქვათ პრემიებზე, რომელიც 3 000 ლარზე ნაკლები არ ყოფილა. ბიუჯეტს სწორედ პენსიონერები ავსებენ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით. ვურჩევდი ივანიშვილს და მის ხელისუფლებას – კეთილი ადამიანების როლს ნუ თამაშობენ იმ ხელისუფლების მიმართ, რომელმაც საქართველო გაანადგურა. როგორ ფიქრობთ, ტრანსპორტში რაც გამოვლინდა, ან რასაც ვხედავთ ბანკებსა და ეკონომიკაში, ის ხელისუფლება რომ დარჩენილიყო, ხალხი თვითონ დაამთავრებდა. ეს ბიძინა ივანიშვილმა უნდა იცოდეს, მაგრამ ხალხი ენდო ივანიშვილს, რათა დაასრულოს სააკაშვილის ხელისუფლება, როგორც მან დაიმსახურა. მე ხომ არ ვამბობ, რა დაიმსახურა. ყველა ის პარტია, რომელიც დღეს ლაპარაკობს იმ ჭრილიდან, რომ ივანიშვილის გუნდი პროგრამას არ ასრულებს, არასწორად იქცევა. ხმამაღლა ვამბობ, ქართული ოცნების პროგრამა არის მომავლის პროგრამა. მაგრამ ის ვერ შესრულდება, სანამ ნაციონალური მოძრაობა ასე პარპაშობს. საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც დაუპირისპირდა ხალხის არჩევანს. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს არ ჰყავს უფრო დიდი მტერი, ვიდრე სააკაშვილია. მისი გამოსვლა სტრასბურგში , მისი გამოსვლა ჩახალიანთან დაკავშირებით, მე არ ვიცი ვინ არის ის, მაგრამ სააკაშვილის ტონი მიუღებელია. სააკაშვილი რაგატკით დადის და რეგიონებში ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვიოს. ეს არის მტერი და ვიმეორებ, მტერს რომ ეპყრობი კეთილად, შენ თვითონ მტრობ შენს ქვეყანას. გაგახსენებთ, ბელგიაში თქვა სააკაშვილმა ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა საბჭოთა კავშირში საქართველო იყოო და ამით საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა. საქართველო ნომერ პირველი იყო საბჭოთა კავშირში და პრეზიდენტმა იცრუა. დღეს ქვეყნის ორ უდიდეს პიროვნებას – უწმიდესსა და პრემიერს ჰქონდათ უსერიოზულესი შეხვედრები.უწმინდესი გაემგზავრა ურთულეს შეხვედრაზე მოსკოვში, პრემიერ-მინისტრი კი ჩავიდა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როდესაც სააკაშვილმა იგრძნო, რომ პატრიარქი და პრემიერი უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე არიან და ის არ არის არც დავოსში, არც სხვაგან, არც პუტინმა მიიწვია, თორემ ფეხით ჩავიდოდა მოსკოვში. არ მიიწვიეს ამერიკაში, ინაუგურაციაზე, ხოლო საქართველოში ეუბნებიან – წადი, აღარ ხარ პრეზიდენტიო, სააკაშვილი წავიდა ევროკავშირის ასამბლეაზე – და ამით ასამბლეამ თავის თავს თვითონ მიაყენა შეურაცხყოფა. კაცი, რომელსაც 20 იანვარს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა, ასამბლეამ 21 იანვარს მიიწვია იმიტომ, რომ სააკაშვილს უნდოდა სადღაც, საერთაშორისო არენაზე, საერთაშორისო ტრიბუნიდან ეთქვა, რომ ის ისევ პრეზიდენტია.
– ბევრი საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტს ევროსაბჭოში ქვეყნისადმი
საკმაოდ მტრული განწყობა ჰქონდა.
– გეთანხმებით. ასეთი მზაკვრული გამოსვლა, ასეთი ლანძღვა პრემიერის დაუშვებელია, აქ ჩამოსულმა მერე კი თქვა: ეს დროებითი მთავრობააო. აქ ჩამოსულმა ჩახალიანს სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა. ახლა აზერბაიჯანს ეთამაშება. ეს ის კაცია, რომელიც ყველას და ყველაფერს გაწირავს. დღეს ყველანაირი საუბარი პრორუსულ, პროამერიკულ, ან პროთურქულ ხელისუფლებაზე, ანუ ყველანაირი „პრო“, არის საქართველოს უბედურება. საქართველოს დღეს ხელისუფლებაში სჭირდება გულდამწვარი ქართველები. გულდამწვარი ქართველი სომეხის მიმართაც კეთილად იქნება, აზერბაიჯანელის და ნებისმიერი სხვა ერის წარმომადგენელის მიმართაც. ჩვენი ქვეყნის უბედურება არის ის, ვისაც ქვია პრორუსი, ან პროამერიკელი. ქართველი ხალხი ვერ მიხვდა, რომ „პრო „ არ უნდა აირჩიოს. შევარდნაძეს 70%-ით მართავსნენ გარედან. სააკაშვილს 110%-ით. როგორ გგონიათ, დღეს ბიძინა ივანიშვილის კოალიციის პარტიები არ იმართებიან გარედან, ან ივანიშვილი ქედს არ უხრის უცხოურ ორგანიზაციებს? გადახედეთ, თანამდებობებზე ის ხალხი ინიშნება, ვინც გარეთ მიიღო განათლება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვინც საქართველო არ მიატოვა გაჭირვების წლებში, ეს ხალხი აღავის სჭირდება მათი განათლების მიუხედავად. ეს რა უბედურებაა?!
– ბატონო თემურ, თქვენ ერთ-ერთი ხართ, ვინც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვთ და ამისათვის ხელმოწერებიც შეაგროვეთ. ამასთან, აცხადებთ, რომ „ქართული ოცნება“ სააკაშვილის იმპიჩმენტს ერიდება და ამის განხორციელების ეშინია. წყალში გადაყრილი აღმოჩნდება ამდენი ადამიანის ნება, რომ პრეზიდენტმა დატოვოს თანამდებობა?
– 6 თებერვალს, როდესაც პრეზიდენტი აპირებს პარალმენტში მისვლას, შეიძლება ამ ხელმოწერებით ბარიკადა აღვმართოთ. ეს ხელმოწერა მხოლოდ ერთი მილიონი კი არ არის, არამედ გაცილებით მეტი. ესენი არიან ზნეობრივი ადამიანები. მალე იქნება 2 მილიონი ხელმომწერი. მართალია, ამ ხელმოწერებს იურიდიული ძალა არ აქვს, მაგრამ ზნეობრივია. გვინდა, 6 თებერვალს საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოვიდეს ერთი ავტობუსი მაინც და ამ ხალხმა თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ჩვენ არ გვაქვს ფინანსები, რომ ამ ხალხის ჩამოყვანა უზრუნველვყოთ. ყველა რაიონიდან თითო ღირსების ავტობუსი მაინც უნდა დაიძრას. 6 თებერვალს 10 საათიდან ქუთაისში პარლამენტის შენობასთან იწყება ღირსების შეკრება. ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი და ქვეყნის ღირსება. თვითმარქვია პრეზიდენტს იწვევენ პარალმენტში. იმ პრეზიდენტს, რომელმაც გენოციდი მოუწყო საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც აპირისპირებს საქართველოს კუთხეებს: რომელიც არის საქართველოს ნომერ პირველი მტერი. კარგი ტექსტი იქნება. ყველა იქ მყოფი ხელს მოვაწერთ, რომ საქართველოს თვითმარქვია პრეზიდენტი გამოჰყავთ პარლამენტში. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა პრეზიდენტის სასახლესთან და ღიად თქვა, ბოდიშს ვიხდი, რომ პრეზიდენტს ვუჭერდი მხარსო. ბევრმა თქვა, როგორც ესენი საქართველოს პატრიარქს ექცევიან, არ შემიძლია ვაპატიო და ამის გამო ვაწერ ხელსო. აღშფოთებული ქუთაისელები ჩამოვიდნენ, როცა მოისმინეს სააკაშვილის სიტყვები: პარლამენტი რომ არ იყო, ქუთაისი მკვდარი ქალაქი იყოო. დავით აღმაშენებელმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დედაქალაქი ქუთაისიდან თბილისში გადმოიტანა და საქართველომ ამ გზით უნდა იაროს. ვისაც აწყობს, რომ საქართველოს რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი ჰქონდეს, ის ქვეყნის ნგრევის მომხრეა. ვისაც უნდა ქუთაისის მომავალზე იფიქროს, ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქად უნდა იქცეს და იქ ტექნიკური უნივერსიტეტი გადავიდეს. ახალგაზრდობასთან არის ქალაქის განვითარება დაკავშირებული და არა რომელიმე სამინისტროსთან , ან უწყებასთან. ქუთაისი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, ბიზნესის და იუნესკოს ქალაქი. 400 მილიონი, რომელიც პარლამენტის შენობაში დაიხარჯა, ქუთაისს მართლაც ააყვავებდა.
– ფიქრობთ, რომ ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბება 6 თებერვალს ქუთაისში?
– დარწმუნებული ვარ. ძალიან ბევრი ადამიანი დადგება იქ, ვინც ღირსებას და საქართველოს იცავს თვითმარქვია პრეზიდენტისაგან. იქ დადგება ყოველგვარი პარტიული ნიშნის გარეშე.. კახა მიქაიამ დარეკა სამეგრელოდან და თქვა, ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს წამოსვლასო. ეს არის ჩვენი სიძლიერე. ქუთაისიდან შემოსძახებს ქართველი ხალხი, რომ ჩვენ ვართ ღირსების ხალხი და ღირსებით დავდგებით საქართველოს სადარაჯოზე. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ვიმეორებ, „ქართულ ოცნებას“ რისთვისაც აკრიტიკებენ, მე ამისთვის არ ვაკრიტიკებ. რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დაიმსახურა, ისე უნდა მოექცეს მას „ოცნება“ და არა კოჭი უგოროს, ეფეროს და თან გაითვალისწინოს მაკეინი რას იტყვისო. დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებენ,რომ რაიონებში უღირსი ადამიანები ინიშნებიან. ვეთანხმები „მოქკავშირმა“, „აღორძინებამ“ და „ნაციონალურმა“ მოძრაობამ ის გააკეთეს, რომ ნებისმიერ ვიგინდარას გაუჩნდა სურვილი, რომ რაიონის და ქალაქის მერი გახდეს ეს არ არის მარტივი პროცესი და ამის გაჩერება ასე იოლად ვერ მოხდება. ავიღოთ რაც ხდება სასამართლოებში. ცეზარ ჩოჩელზე გეტყვით, ის არის მონური ფსიქოლოგიის ადამიანი და ამიტომ იყო სააკაშვილის გვერდით, რასაც ავალებდნენ, აკეთებდა. ჩოჩელი უნდა დაისაჯოს მისი მონობისთვის და არა ფინანსური მაქინაციებისთვის, რაც მან ჩაატარა. დღეს თურმე არ შეიძლება სააკაშვილის და მერაბიშვილის დევნა,. დღეს თურმე გაუნათლებელი მერაბიშვილი პარტიის ლიდერია. ნახეთ, რა თავხედურად იქცევა დედაქალაქის მერი, თავის მოვალეობას არ ასრულებს და ხალხი კი უკმაყოფილებას ივანიშვილის მიმართ გამოთქვამს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებას ავტორიტეტი შეულახონ. ახლა უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება და ვუთხრათ: თქვენ ხართ უმძიმეს მდგომარეობაში, ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას სააკაშვილის შემდგომ ქმედებებზე, ეს კაცი ქვეყანას შეიყვანს ომში. ქვეყანაში უდიდესი დაპირისპირება გვექნება, თუ სააკაშვილი პრეზიდენტად დარჩება. ჩვენ პიროვნება სააკაშვილს კი არ ვებრძვით, ჩვენ ვებრძვით ვერაგი აზროვნების პიროვნებას. ვინც 6 თებერვალს ხელს მოვაწერთ მემორანდუმს, ამით დავაფიქსირებთ: ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას სააკაშვილის ქმედებებზე. ვაკისრებთ დღევანდელ პარლამენტს, „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობას და იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც თვლიან,რომ ეს ვერაგი კაცი, სააკაშვილი კიდევ 10 თვე იყოს პრეზიდენტი. ვინც ქვეყნის პატრიოტია შიგნით და ვინც ქვეყნის ნამდვილი მეგობარია გარეთ, ყველას აქვს საშუალებ, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით გააკეთოს სწორი არჩევანი. კონსტიტუციის თანახმად 20 იანვარს დამთავრდა სააკაშვილის პრეზიდენტობის 5 წლიანი ვადა. ვინც ლაპარაკობს,მეორე თარიღზე – ოქტომბერზე, კი ბატონო, არჩევნები ჩატარდეს ოქტომბერში,მაგრამ არსად წერია, რომ სააკაშვილი ოქტომბრამდე პრეზიდენტი უნდა იყოს
ესაუბრა შორენა კოწოწაშვილი
–



