“ქართულ-ოსური მისიის” წერილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

misia7777ბატონო დავით,
(საქართველოს რესპუბლიკა)
ეს პირველი წერილია, რომლითაც „ქართულ-ოსური მისია“ მოგმართავთ. გთხოვთ, მიიღოთ პატივისცემის და თანამშრომლობის დასტურად. ასეთია მისიის განწყობა, რომლის შემადგენლობაში საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები არიან, მათ შორის სოხუმიდან და ცხინვალიდან.

წინადადება თანამშრომლობის თაობაზე თქვენ გეკუთვნით. 2012 წლის 19 დეკემბერს თქვენთან შეხვედრაზე ჩვენი მისიის წევრებს, ქალბატონებს ინესა იამანიძეს და მარინა კაჟაშვილს, ბატონებს ფერდინანდ ლორთქიფანიძეს და გიორგი გაგლოევს შესთავაზეთ წინადადება პარლამენტის კომიტეტებთან, საერთოდ პარლამენტთან თანამშრომლობის თაობაზე.

დარწმუნებული ვართ, თქვენი პოზიცია გაცილებით მეტად იქნება გაზიარებული პარლამენტის კომიტეტების მიერ. ეს ჩვენი სურვილიც არის და მიგვაჩნია, რომ დიდად წაადგება ჩვენს საერთო მიზანს.

ბატონო დავით,

დრო და შექმნილი სიტუაცია ბევრ საკითხს გვკარნახობს განსახილველად და გადასაჭრელად. ამ ეტაპზე გამოვყოფთ სამ უმნიშვნელოვანესს, რომლებზეც, ჩვენი აზრით, ღირს დაფიქრებაც და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაც.

პირველი – ურთიერთმიმოსვლა, ადამიანთა ურთიერთობებისათვის პირობების შექმნა.

დასანანია, რომ აზროვნებისათვის მიუწვდომლად არის გართულებული საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ანუ ჩვენს მიერვე აღიარებულ საქართველოს საზღვრებში. კიდევ უფრო გვიჭირს იმის თქმა, რომ მიმოსვლას ქართული მხარის წარმომადგენლები გაცილებით მეტ წინააღმდეგობას უწევენ.

ჩვენი წინადადება კონკრეტული და ლაკონურია: საქართველოს ყველა მოქალაქეს ქართული მხარისაგან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე უნდა შეეძლოს გადაადგილება როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის მიმართულებით.

მეორე – პატიმართა საკითხი.

რამდენიმე თვის წინ „საქართველოს ხალხთა ასამბლეამ“ მოგვმართა თხოვნით, დაგვეზუსტებინა პატიმართა სია სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. სამწუხაროდ, დღემდე ეს ვერ შევძელით. გვინდა ვიფიქროთ, რომ ეს სია უბრალოდ არ არსებობს და გამოვრიცხოთ ექსპერტთა გარკვეულ წრეებში გავრცელებული აზრი იმის თაობაზე, რომ იგი თითქოს გასაიდუმლოებულია.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან საუბრისას ამ თემით სპეკულაციის საფუძველი ყველას უნდა მოვუსპოთ. გვჯერა, ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებას ჩვენი ძმების ასეთივე განწყობა მოჰყვება. ეს კი კარგი საყრდენი იქნება მომავალი ურთიერთობებისათვის.

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი კვირის წინ მივმართეთ სასჯელაღსრულების მინისტრს, ბატონ სოზარ სუბარს და სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს.

გვინდა გთხოვოთ თანადგომა. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვითანამშრომლებთ პარალმენტის იმ კომიტეტებთან, რომლებსაც თქვენ ჩათვლით მიზანშეწონილად.

მესამე – პოლიტიკური დევნილები.

„ქართულ-ოსური მისია“ სრულად იზიარებს პარლამენტის გადაწყვეტილებას პოლიტპატიმრებსა და პოლიტდევნილებთან დაკავშირებით. თქვენ გაბედული ნაბიჯი გადადგით, მაგრამ პრობლემა სრულად უნდა მოიხსნას.

ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ბიზნესთან დაკავშირებული სამი პიროვნება განსაკუთრებულ დევნას და შევიწროებას განიცდიდა, იძულებული გახადეს დაეტოვებინათ საქართველო. კონსტანტინე სალია – აფხაზია, გოჩა ძასოხოვი – ოსი, ქიბარ ხალვაში – აჭარელი. ამ უკანასკნელის მიმართ თქვენ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება და მასზე არ ვისაუბრებთ. არაგვგონია, რომ საქართველოს სახელს მატებდეს კონსტანტინე სალიასა და გოჩა ძასოხოვის დევნილობაში ყოფნა, მით უფრო მაშინ, როცა, ჯერ ერთი, ავიწროვებდნენ, უსამართლოდ მოექცნენ, ხელყვეს მათი საკუთრება და, მეორეს მხრივ, უამრავი კეთილი საქმე აქვთ გაკეთებული და სამომავლოდაც ასევე არიან განწყობილნი.

კონსტანტინე სალია – ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული პიროვნება ქართული საზოგადოებისათვის, პიროვნება, რომელსაც უამრავი ნათესავი აფხაზეთში ჰყავს – ყოველთვის მხარს უჭერდა ერთიან ქართულ სახელმწიფოს, პირდაპირ ვთქვათ, სიმბოლო იყო ქართველთა და აფხაზთა მეგობრობის, უდიდესი ნდობით სარგებლობს გერმანელ ბიზნესმენთა შორის – იძულებული გახადეს ოჯახთან ერთად დაეტოვებინა საქართველო. ამჟამად გერმანიაში აქვს მიღებული თავშესაფარი.

გოჩა ძასოხოვი – წარმატებული ბიზნესმენი და მეცენატი. რომელსაც სააკაშვილი საჯარო გამოსვლებში გმირს უწოდებდა, მისგან მორჩილებას ელოდა. ვერ მიიღო – გაწირა. გამწირა იმის გამო, რომ მან უარი ვთქვი არა უბრალოდ თანამდებობაზე, არამედ უაზრობა უწოდა სამხრეთ ოსეთის მეორე მთვარობის შექმნის იდეას, რადგან მიაჩნდა, რომ ეს არც ქართველების და არც ოსებისთვის არ იყო კარგი. ამის გამო თქვა უარი სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარეობაზე დევნილობაში, დეპუტატობაზე ლიახვის ხეობიდან. ერთ დღეში პრეზიდეტტის მიერ გმირად, წარმატებულ ბიზნესმენად და მეცენატად წოდებული, მის მიერვე შერისხული გახდა. პრეზიდენტის რისხვა სისრულეში მოიყვანეს მისმა მორჩილებმა. გენერალურმა პროკურორმა ადეიშვილმა თქვა: – „გოჩა ძასოხოვის მხოლოდ გვარს დავტოვებთ საქართველოშიო“ და თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილის კაბინეტში გამოუცხადეს განაჩენი – „გადააფორმე შენი ბიზნესი ჯოზეფ ქეი-ზე.“ ამოქმედდა პრეზიდენტის მორჩილი სასამართლო სისტემა – დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს, რომელზეც შემდგომ 9 წელი დაუმატეს საკუთარი სახლის შესყიდვის მცდელობისთვის.

გასული წლის ნოემბერში პრესაში გამოქვეყნდა ბატონი გოჩა ძასოხოვის უაღრესად ამაღელვებელი და დამაფიქრებელი მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი: „მე მქონდა არჩევანი – შემენარჩუნებინა ბიზნესი და დამეკარგა ღირსება, ან მიმეღო ღირსეული გადაწყვეტილება და დამეკარგა არა მხოლოდ ბიზნესი“. ჩვენ ეს მიმართვა „ქართულ-ოსური მისიის“ გაფართოებულ სხდომაზე განვიხილეთ და იმის შემდგომ, რაც გაზეთში წავიკითხეთ და რაც სხდომაზე მოვუსმინეთ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს ჭიდაობაში, რომან რურუას, ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დადგინდეს სიმართლე ბატონ გოჩა ძასოხოვთან დაკავშირებით და ქვეყნისთვის საჭირო კაცი ქვეყანაში დაბრუნდეს.

ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს შემოტანილი თხოვნა საქართველოს პარლამენტში, რომ მას მიენიჭოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი; ასევე მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რათა გამოძიებულ იქნას გოჩა ძასოხოვის წერილში მოყვანილი აღმაშფოთებელი ფაქტები.

გთხოვთ, თქვენს თანადგომას სიმართლის დადგენაში.

ბატონო დავით,

ვფიქრობთ, დაგვეთანხმებით, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი სამივე საკითხი საჭირბოროტოა. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, „ქართულ ოსურ მისიას“ ბევრი სხვა საკითხიც აქვს. ჩვენ გიგზავნით „ქართულ-ოსური მისიის“ სრული შემადგენლობის სიას თქვენთან შეხვედრის და ამ საკითხებზე საუბრის სურვილით.

დარწმუნებული ვართ, თქვენ მიიღებთ ჩვენს წინადადებას და გამოძებნით დროს უახლოეს პერიოდში შეხვედრისათვის. ეჭვი არც იმაში გვეპარება, რომ ამ შეხვედრაზე ჩვენ მივიღებთ პასუხს ჩვენს მიერ დასმულ საკითხებზე.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *