ქართულ-ოსური მისია: “ღმერთმა ინებოს ქართულ-ოსური ურთიერთობების გამოზაფხულება.”

 

osuri_misiaდღეს, გაზაფხულის პირველ დღეს „ქართულ-ოსური მისიის“ ახალ ოფისში (ჩუბინიშვილის ქ. 54) ჩატარდა ბრიფინგი, რომელზეც წარმოდგენილი იყო მისიის პროგრამული განაცხადი :

„ქართულ-ოსური ურთიერთობების გაზაფხული“

ბრიფინგზე ქართულ-ოსური ურთიერთობების დათბობისა და კონფლიქტების მოგვარების შესახებ მოსაზრებები წარმოადგინეს ცნობილმა მეცნიერებმა და  კულტურის მოღვაწეებმა..

ბრიფინგზე მისიის თავმჯდომარემ, რუსთაველის პრემიის ლაურეატმა, პოეტმა რეზო ამაშუკელმა  პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლებს გადასცა ის მიმართვა, რომელიც მან სრულიად ოსთა შეკრებას გაუგზავნა.წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ძმებო, ოსებო!  მეც ალანი ვარ და ის ქართველი, რომელსაც ვერასდროს ააგლეჯენ გულიდან თქვენ სიყვარულს და პატივისცემას! შეჩვენებული მყავს ყოველი, ვინც ჩვენს შორის წყალი აამღვრია.

 უცოდველი ღმერთია მხოლოდ!

სამი შვილთაშვილი მყავს და სამივე ვაჟია. მათ აქედანვე ვუნერგავ თქვენდამი ძმობას!

 – დიახ, ალანი ვარ და ის ქართველი, ვისაც ძარღვში დედუფალ ბორდუხანის სისხლი დამიდის, ვინც ამაყია დავით სოსლანით!

ჩვენ ყველანი, დიდი კაცების, სიტყვის კაცების შთამომავლები ვართ, ამიტომაც დავდოთ ალალი სიტყვა და ვუერთგულოთ ბოლომდე ჩვენსავე ნათქვამს!

გილოცავთ ამ დღეებს! ცრემლი მდის და გულწრფელი ვარ მე ამ ცრემლებში! სხვა რომ არაფერი ვთქვა, ღარიბი იქნებოდა მსოფლიო კულტურა „სიმდის“ გარეშე! ამ ცეკვის პატრონი ერი დახვეწილია და კეთილშობილი!

 მე დამანგრია და დამღალა ამ ამღვრეულმა დრომ, თუ უფალი წამიყვანს, ერთი სანთელი თქვენც ამინთეთ, რამეთუ გულით მიყვარხართ და იმედი მაქვს ერთად ვიქნებით!

 გეხვევით

თქვენი რეზო ამაშუკელი

 2011 წლის 26 ოქტომბერი “

–  “ეს მიმართვა სრულიად ოსთა შეკრებას გავუგზავნე. დიდი მადლობა მათ, რომ სიყვარულით მიიღეს. ათასკაციანი დარბაზი ფეხზე იდგა, მონატრების ცრემლი ჭარბობდა,  – განაცხადა ბატონმა რეზომ, – სამწუხაროდ სრული უყურადღებობა გამოიჩინა იმ პერიოდის ქართულმა მედიამ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ოსებისადმი გაგზავნილი ჩემი გულის სიტყვა თქვენთვის გადმომეცა. მიხარია, რომ ეს პირველ მარტს – გაზაფხულის პირველ დღეს ხდება. ღმერთმა ინებოს ქართულ-ოსური ურთიერთობების გამოზაფხულება.”

ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარედგინათ „ქართულ-ოსური მისიის“ წერილი პარლამენტისადმი.

 

„ქართულ ოსური მისიის“ პრეს-ცენტრი
01.02.2013წ

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *