თემურ შაშიაშვილი: სააკაშვილი, 9 აპრილს თუ სისხლს დაღვრის, მას მსოფლიო ჰააგის ტრიბუნალამდე მიიყვანს

SUC50324თემურ შაშიაშვილი: ის რაც განხორციელდა მალხაზ გულაშვილის ოჯახის წინააღმდეგ, ეს გაუკეთეს ყველა ქართული ცნობიერების ოჯახს. “ჯორჯიან თაიმსს” დიდი დარტყმა მიაყენა ბეჟუაშვილმა, რომელიც პოლიტიკაში ლევან მამალაძით მოვიდა. დღეს კი ბეჟუაშვილი ხმებს ავრცელებს, რომ გაზეთი მისი საკუთრებაა. გაზეთში ბევრი პროფესიონალია, შესაბამისად სიმართლეც იწერება. ზუსტად ეს აღიზიანებს ხელისუფლებას. ის რაც მოხდა, გაზეთის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია იყო. მე თანადგომას ვუცხადებ მალხაზ გულაშვილს და “ჯორჯიან თაიმსს”.

– რას ელით 9 აპრილის აქციებისგან, მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების მხრიდან მდგომარეობის დესტაბილიზაცია?

– ნებისმიერი ქვეყნისთვის საშიშია გაბოროტებული ხელისუფალი. სააკაშვილი უკვე გაკოტრებულია და თანამდებობით გაბოროტებული. რუსეთს დღეს აწყობს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მას აგინებს და ლანძღავს. ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილს ნორმალურად დაელაპარაკება ისეთ დათმობებზე არ წავა, როგორ კომპრომისებზეც მიდის გაბოროტებული სააკაშვილი.
ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როცა ამბობს, რომ ეშმაკს შევეკვრები, ოღონდ სააკაშვილი წავიდესო. ამდენი გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები, სინანულს იწვევს ხალხში. სააკაშვილმა ოპოზიციური სპექტრიდან გამოყო რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომელიც თითქოს ხელისუფლებას უპირისპირდება. რეალურად ისინი სააკაშვილის დირექტივებით მოქმედებენ.
სააკაშვილს უნდა ხელისუფლების ცვლილება ჩანაცვლებით მოხდეს, რადგან ჰყავს ხელოვნური ოპოზიცია, ანუ ჯიბის ოპოზიცია. ოპოზიციის 99% პრეზიდენტის მიერაა მართული.

– თქვენ საუბრობდით ჩანაცვლებაზე. თუ ხელისუფლების ჩანაცვლება მოხდა არსებული პოლიტიკური ლიდერებიდან ვინ აწყობს ყველაზე მეტად სააკაშვილს?

– სააკაშვილს ჩანაცვლების შემთხვევაში ყველაზე მეტად ბურჯანაძე აწყობს.

– მაშინ რატომ წავიდა დაჭერების სერია. 8 ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც ბურჯანაძის პარტიის წევრები არიან…

– ეს არის სააკაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი. ხალხში აზრს ამკვიდრებენ, რომ ისინი ურთიერთ დაპირისპირებულნი არიან. რეალურად ერთად და შეთანხმებულად მოქმედებენ. სააკაშვილმა იცის, რომ უნდა წავიდეს, ამიტომ ჰაერივით ჭირდება ხელისუფლებაში მოვიდეს ვარდოსანი. ვისაც ბურჯანაძის ხელისუფლებაში მოსვლა აწყობს, გამოდის, რომ მათ საქართველო ეზიზღებათ. სააკაშვილმა შეძლო ის, რომ შექმნა ისეთი ოპოზიცია, რომელიც მას აწყობს. მან ეს თავისი მრჩეველების საშუალებით მოახერხა, რომლებიც მის შენობაში ორ სართულზე არიან განლაგებულნი.

– შეასრულებს თუ არა ხელისუფლება 9 აპრილის კომიტეტის მოთხოვნას, რომელიც რიგ გარეშე არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს?

– სააკაშვილი რა დროს რას გადაწყვეტს ძნელი სათქმელია. რასაც პრეზიდენტზე ხალხი ამბობს, რასაც წერენ თავმოყვარე და ღირსეული კაცი გადადგებოდა. ჩემთვის სააკაშვილი არის ძალიან პატარა და არ ვთვლი, რომ მას უნდა ვებრძოლო. მან ოპოზიციასთან ერთად ჩიხში მოაქცია ქვეყანა. მე მაოცებს ოპოზიციაში ასეთი დაპირისპირება, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატია.

– ბოლო პერიოდი ხელისუფლება ალაპარაკდა საქართველოში რუსული ფულის შემოდინებაზე. რეალურად ფინანსდება თუ არა ქართული პოლიტიკური პარტიები რუსეთის მიერ?

– რუსული ფული საქართველოში არის თელასი, გაზი, მადნეული, ვითიბი ბანკი, ის რაც სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთს მიჰყიდა. რუსული ფული რეალურად არის სააკაშვილის ირგვლივ. ის არის ავანტიურისტი, გაუწონასწორებელი და საშიში.

– თუ სააკაშვილი სისხლის ღვრაზე წავიდა და არ დაინდო 9 აპრილის მიტინგის მონაწილეები, რა უნდა გააკეთოს საპასუხოდ ოპოზიციამ?

– სააკაშვილი, 9 აპრილს თუ სისხლის ღვრაზე წავიდა, მას მსოფლიო ჰააგის სასამართლოზე მიიყვანს.

– ისარგებლებს თუ არა რუსეთი შიდა არეულებით და გაიმეორებს თუ არა იგივეს რაც აგვისტოში მოხდა? ალბათ იცით, რომ სანგრები ითხრება სხვადასხვა რეგიონებში, ასევე თბილისის შემოგარენში…

– ბაღაფშმა მადლობა გადაუხადა სააკაშვილს ომის პროვოცირებისთვის, რადგან ამის შემდეგ მოხდა რუსეთის მიერ მათი აღიარება. რუსეთმა რაღატომ უნდა შემოუტიოს საქართველოს, მას რა ტერიტორიებიც უნდოდა მიიღო საქართველოს ხელისუფლებისგან. ქუჩაში ვინმეს სიძულვილით შეერთებულ პოლიტიკურ ძალებს ყოველთვის დანგრევა შეუძლიათ, შენება არა. ასეთი იყო ვარდების რევოლუცია და ასეთად არ უნდა აქციონ 9 აპრილის აქცია. მე აუცილებლად მივალ აქციაზე, მაგრამ არ ვაპირებ ტრიბუნაზე მივარდნას, რადგან იმდენად მონოპოლიზებულია, შეიძლება სიტყვის თქმის საშუალებაც არ მოგცენ.

9 აპრილამდე ჩვენი პარტია გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადებას, ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე.

ხათუნა ბოჭოიძე

The Georgian Times

2009წ.

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *