(საქართველოს რესპუბლიკა) მომავალს სისხლიან ნანგრევებზე არ აშენებენ

 

paralmentiიმედიანი განწყობით საქართველოს პარლამენტს და მომავალ მთავრობას, სამი წლის განმავლობაში სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მიერ იგნორირებული „ღირსების ულტიმატუმი“

დღეს, სწორედ დღეს, როცა საქართველო ცხოვრობს მომავლით, როცა მუშაობას იწყებს 1 ოქტომბერს არჩეული პარლამენტი, კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ „თეთრების“ მიერ ქართველ მეცნიერთა მონაწილეობით ჩამოყალიბებულ „ღირსების ულტიმატუმს“, რომელიც სრულ თანხვედრაშია მმართველი კოალიციის მიერ ახალახან გამოქვეყნებული პროგრამის ფუძემდებლურ პოსტულატებთან.

ეს ის დოკუმენტია, რომელიც 2009 წლის 23 ნოემბერს 2000 ხელისმოწერით გაეგზავნა ბატონ მიხეილ სააკაშვილს, იმ პიროვნებას, რომელიც მოცემულ დოკუმენტში ჩამოყალიბებულ საკითხებს 1997 წლიდან ელემენტარულს უწოდებს და არათუ ასრულებს, რეალური ქმედებით უხეშად ეწინააღმდეგება ხელისმომწერი ათობით პოლიტიკური პარტიის არასამთავრობო ორგანიზაციის, 2 000 ცნობილი მეცნიერის, ხელოვანის, ღირსეული მოქალაქის ნებას.

იმედი გვაქვს, ქვეყნის მოქალაქეები განსაზღვრავენ აქვს თუ არა მორალური უფლება პოლიტიკური ოპოზიცია ეწოდოს პარტიას, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს სრულად იგნორირებდა ადამიანის იმ ფუძემდებლურ უფლებებს, რომელთა დაცვას ვითხოვდით მოცემული ულტიმატუმით.

20 ოქტომბერი, 2012 წელი

 

დუმილი დღეს ქვეყნის ღალატის, საკუთარი ღირსების დაკარგვის ტოლფასია!

ღირსების ულტიმატუმი

ხელისუფლების უპირველესი კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ადამიანისათვის ბუნებით ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვა, შეუქმნას მოქალაქეებს ადამიანური არსებობის პირობები. ხელისუფლება, რომელიც ამას ვერ (ან არ) აკეთებს, საკუთარ თავს აყენებს კონსტიტუციის გარეთ. ”ღირსების ულტიმატუმში” ჩამოყალიბებული საკითხები არის უპირველესად მოსაგვარებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და გადაუდებლად გადასაწყვეტი :

1. 2010 წლის პირველი იანვრიდან –

პენსია ;
მინიმალური ხელფასი;
ლტოლვილთა შემწეობა;
უმუშევართა შემწეობა;
სტიპენდია

გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს. საარსებო მინიმუმი განისაზღვროს დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ მსოფლიოში მიღებული პრინციპების საფუძველზე ;

2. დადგინდეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სახელმწიფო დაწესებულებებში გასაცემი მაქსიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალურზე (მათ შორის პენსიაზე) 20-ჯერ მეტი;

3. მოხდეს პოლიტპატიმრების უპირობო განთავისუფლება;

4. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის აუცილებელ მოთხოვნებად განისაზღვროს:

განათლების და ჯანმრთელობის დაცვის პრიორიტეტული დაფინანსება.

სტუდენტის მიერ სწავლისათვის გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს სწავლის ღირებულების 10%-ს.

უზრუნველყოფილი იქნას საბავშვო ბაღების სრული სახელმწიფო დაფინანსება კონტინგენტის ლიმიტირების გარეშე .

მოსახლეობის სრული და საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფა.

სოფლის მეურნეობისთვის საქართველოს ბიუჯეტის მინიმუმ 10%- ის გამოყოფა.

მცირე ბიზნესისა და დასაქმების პროგრამებისათვის საქართველოს ბიუჯეტის 10% – ის გამოყოფა

5. აღიარებული იქნას საკუთრების ხელშეუხებლობა. მოხდეს წართმეული ქონების უპირობოდ დაბრუნება.

6. საზოგადოებრივი ტელევიზია დაუბრუნდეს საზოგადოებას, ტელეკომპანია ”იმედი” – მის ნამდვილ მეპატრონეს.

7. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერდეს ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეებზე ლიცენზიების გაცემა და სტრატეგიული ობიექტების პრივატიზაცია .

8. ყოველთვიურად გამოქვეყნდეს ყველა დონის (სახელმწიფო, მხარე, ქალაქი, რაიონი) ბიუჯეტში შესული თანხების მოცულობა, წყაროები და სრული ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ.

9. ექსპერტთა მონაწილეობით (პარიტეტულ პრინციპებზე) შესწავლილი იქნას : პურზე, შაქარზე, საერთოდ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტზე, სატელეფონო მომსახურებაზე, საწვავზე, გაზზე, ელექტროენერგიაზე დაწესებული ფასების საფუძვლიანობა. (ზედაპირული ანალიზითაც ჩანს, რომ ზრდა ხელოვნურია და შეიძლება ფასების განახევრება).

10. გაანალიზდეს (ოპოზიციის მონაწილეობით) კომერციულ ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

11. გაანალიზდეს საბანკო სესხების არსებული საკრედიტო განაკვეთები, ზრდის რეალური ფაქტორები. სახელმწიფომ ევროპული გამოცდილებით უზრუნველყოს იაფი კრედიტის პრობლემის გადაწყვეტა.

12. გამოქვეყნდეს ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამოძიების შედეგები.

13. შეიქმნას (პარიტეტულ პრინციპებზე) გახმაურებულ “ქუჩის მკვლელობათა” საქმეების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისია.

14. თანამდებობიდან იქნეს გადაყენებული და მიცემული პასუხისგებაში ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც დაკავშირებულია ქუჩის მკვლელობებთან.

15. თანამდებობიდან იქნას გადაყენებული ყველა ის პირი, რომლიც მონაწილეობდა ეკლესიების ნგრევასა და მრევლის დარბევაში(მიუხედავად მათი კონფესიური კუთვნილებისა).

16. გაიხსნას და საჯარო გახდეს 2003 წლის შემდგომ დაფუძნებული სახელისუფლებო ფონდები, მათ შორის : პრეზიდენტისა, პრემიერ- მინისტრისა, მინისტრებისა, გუბერნატორებისა, მერებისა და გამგებლებისა.

17. ახალი კონსტიტუციის მიღებამდე შეჩერებული იქნას 2004 წლის დასაწყისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოქმედება.

18. გამოქვეყნდეს სუკ – ის აგენტების სიები.

19. საქართველოს ყველა ქალაქისა და რაიონის მიხედვით გამოქვეყნდეს სიები იმ ობიექტებისა, რომელთა კეთილმწყობისათვის დაიხარჯა 50 000 ლარზე მეტი (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).

20. გამოქვეყნდეს, როგორც მთელი ქვეყნის, ასევე ქალაქებისა და რაიონების მიხედვით სახელმწიფო მოხელეებზე გაცემული ხელფასების, პრემიებისა და სამივლინებო თანხების მოცულობა (უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში).

21. გამოქვეყნდეს სახელმწიფო დაწესებულებების შეკეთების, კეთილმოწყობის, სატელეფონო, სატრანსპორტო მომსახურების თანხების მოცულობები უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში.

22. გამოქვეყნდეს 1992 წლიდან მიღებული უცხოური დახმარებების ჩამონათვალი და ინფორმაცია მათი ხარჯვის შესახებ.

23. გაანალიზდეს მეწარმეთა – იურიდიული და ფიზიკურ პირთა მიერ სასამართლო ორგანოებში შეტანილ სარჩელებზე გამოტანილი განაჩენები და შედეგები გამოქვეყნდეს პრესაში.

24. ხელისუფლების, ოპოზიციის, პოლიტიკური ძალების, არასამთავრობო სექტორის, მედიის, საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას კომისია, რომელიც მოაწყობს შეხვედრებს უცხოეთში წასულ საქართველოს მოქალაქეებთან მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლის მიზნით და შესაბამისი ქვეყნების ხელისუფლებებთან კავშირში იბრძოლებს მათთვის მინიმუმ იმავე პირობების შექმნისთვის, როგორიც ჩვენს ქვეყანაში აქვთ ამ ქვეყნების მოქალაქეებს.

25. პრეზიდენტმა შეასრულოს მისი წინასაარჩევნო დაპირება პენსიების სტაჟისა და დამსახურების მიხედვით განსაზღვრის თაობაზე და აღადგინოს ყველა ის შეღავათი, რომლებიც გაპრეზიდენტების შემდგომ გააუქმა და ამის თაობაზე არ ჰქონია გამოცხადებული წინასაარჩევნო პერიოდში.

”ღირსების ულტიმატუმის” მოთხოვნათა შესრულება შეჯამდეს 2010 წლის მარტში ეროვნულ კრებაზე. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ მოთხოვნებს, საზოგადოებას ექნება ყოველგვარი უფლება, ხელისუფლებას წაუყენოს ”კონსტიტუციური ულტიმატუმი” ანუ გამოაცხადოს უნდობლობა.

ხელმოწერილია 2009 წლის 23 ნოემბერს ვერის ბაღში, მერაბ კოსტავას ძეგლთან

ახალი პოლიტიკური ძალა ,,თეთრი მოძრაობა“ (,,თეთრები“)
დიმიტრი ყიფიანის საზოგადოება
თავისუფლებისა და მშვიდობის ფონდი
პარტია ,,ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“
კონსერვატიული პარტია
მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის
საქართველოს ქრისტიანულ-დემოკრაიული კავშირი
ქალთა პარტია
პარტია ,,ჩემი საქართველო“
მოძრაობა ,,გადავარჩინოთ სიცოცხლე“
,,თბილისელი დედების კავშირი“
მოძრაობა ,,7 ნოემბერი“
ორგანიზაცია ,,რატომ?!“
,,სახალხო მოძრაობა საქართველოს გადარჩენისათვის“
,,საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზი“

პროფესორები, მეცნიერების წარმომადგენლები:

მერაბ ჯიბლაძე, თემურ გუგუშვილი, გია ჭუბაბრია, ოთარ ჟორდანია, რეზო ბალანჩივაძე, ჰამლეტ მელაძე, გიგა ბათიაშვილი, სულხან ქემოკლიძე, დემურ ბაშელეიშვილი, დავით გოცირიძე, გივი თალაკვაძე, რობერტ ბაბლიძე, მარიამ ცაცანაშვილი, ოთარ გამყრელიძე…

ხელოვნებისა და მედიის წარმომადგენლები:

დიმა ჯაიანი, რეზო ესაძე, ლევან ღვინჯილია, არჩილ გოგელია, მამუკა ღლონტი, მალხაზ გულაშვილი, ჯაბა ხუბუა, მამუკა ვაშაკიძე, რუსლან რუსია…

უცხოეთში მცხოვრები ქართველები:

მანუჩარ კაჭახიძე – ამერიკა
შოთა ჯიქია – თურქეთი
ქეთი კრებსები – შვეიცარია
გია სიგუა – უკრაინა
მაია ჩემია – რუსეთი
გიგა ლიპარტელიანი – რუსეთი
გულიკო წიკლაური – ამერიკა

მოკლული ბიჭების მშობლები:

იური ვაზაგაშვილი
სოსო რობაქიძე
ია მეტრეველი
ჯამბულ გამცემლიძე

სულ 23 ნოემბერს ხელი მოაწერა 1000-ზე მეტმა მოქალაქემ. ორი დღის განმავლობაში – 2000-ზე მეტმა.

 

მომავალს სისხლიან ნანგრევებზე არ აშენებენ…

ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა, გაიმარჯვა – ტირანიაზე, ნეოფაშიზმზე, დიქტატურაზე.

გამარჯვება იმედისმომცემია, საქართველო 1 ოქტომბრიდან მომავლით ცხოვრობს.

თითოეული დეპუტატის მანდატს ჭეშმარიტად ოქროს ფასი დაედო. დეპუტატის ყოველ სიტყვას, ყოველ ნაბიჯს სულგანაბული ელოდება ქართველი ხალხი, სრულიად საქართველოს მოსახლეობა, ახლო და შორი მეზობელი, მოძმე და დაუძინებელი მტერი – შინაური თუ გარე.

დეპუტატთა კორპუსის ღირსეული ნაწილი სამ ათეულ ძალადდეპუტატთან ერთად თავის პირველ სხდომას გამართავს მათთვის შეუფერებელ შენობაში, რომელიც აგებულია უღირსი ხელისუფლების მიერ აფეთქებული ქართველთ გმირობის სადიდებელი მემორიალის ნანგრევებზე. ეს ნაგებობა, როგორც პარლამენტის შენობა ბევრი რამის გამო, ცოდვის მატარებელია.

ოჯახში სამი ნიკოლოზის დიდი პაპის, მამისა და შვილის პატრონმა – ნიკოლოზის წმიდა დღესასწაულზე, თავად ნიკოლოზის შვილმა და პატარა ნიკოლოზის მამამ, შვილის დაბადების დღეს, სხვისი შვილის სისხლი დაღვარა; ნგრევის ახირებული და მკრეხელური იდეით შეპყრობილმა დედა-შვილის სიცოცხლე შეიწირა, რამაც ჩვენი დროის ცოცხალ კლასიკოსს სიმწრით ათქმევინა: „ფაშისტები ამათთან ანგელოზები არიან. ღმერთო, ამას რას მომასწარი!“

ქვეყანაში არ დარჩენილა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ცნობილი ხელოვანი თუ აღიარებული მეცნიერი, რომ პროტესტი არ გამოეთქვა ბატონ მერაბ ბერძენიშვილის „ქართულ ბიბლიად“ და „ქართულ ფილოსოფიურ ტრაქტატად“ წოდებული შედევრის ვანდალურად განადგურების გამო.

საქართველო დაისაჯა იმისათვის, რომ სატანური ხელისუფლება აიტანა, ეროვნული ღირსების და პატივის აყრა აიტანა, ქვეყანაში ნგრევის ცნობიერების დანერგვა აიტანა, კანონისა და საკანონმდებლო ორგანოს მოპარვა აიტანა.

პარლამენტი ვერ გააძლიერებს ქუთაისს, დაუპირისპირებს კი ქვეყნის საზოგადოებრივ აზრს.

ისევე, როგორც ყველა სხვა ქალაქს, ქუთაისს არ სჭირდება ის, რაც ოდნავ დაასუსტებს თბილისს, რადგან თბილისის დასუსტება საქართველოს დაუძლურება იქნება.

ძლიერი ქუთაისის გარეშე ძლიერი თბილისი ვერ იქნება. ქუთაისს კი გააძლიერებს არა პარლამენტი, არამედ კულტურის, ბიზნესისა და აკადემიური მეცნიერების განვითარება -ქუთაისის გადაქცევა საუნივერსიტეტო ქალაქად.

პარლამენტის შენობა როგორც ჩანს, საბოლოოდ 300 მილიონამდე დაჯდება, პარლამენტის შენახვის ხარჯები კი ყოველწლიურად 50 მილიონით გაიზრდება. მიეცით ქუთაისს 300 მილიონი: 200 მილიონი ბიზნესის განვითარებისათვის და 100 მილიონი საუნივერსიტეტო ქალაქად ჩამოსაყალიბებლად და ქუთაისი გახდება უძლიერესი ევროპული განწყობის თანამედრვე ქალაქი, ერთი ბურჯი და გარანტი თბილისის ძლიერებისა და სრულიად საქართველოს ერთიანობისა.

ახლადმშენებარე დაუმთავრებელი შენობა დაუთმეთ სტუდენტ-ახალგაზრდობას, ეს იქნება პირველი ნაბიჯი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევის საქმეში. მით უფრო, რომ თავის დროზე სწორედ ამ ტერიტორიაზე იყო დაგეგმილი ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, კომუნისტების ეპოქაში, თუ თბილისში ქალაქის მთავარ პროსპექტზე მეფის ნაცვალის სასახლე მოსწავლე-ახალგაზრდობას გადასცეს, რატომ უნდა გაჭირდეს თავისუფალ და დამეოკრატიულ ქვეყანაში ამ შენობის დათმობა საქართევლოს მომავალი თაობისათვის.

მხოლოდ, ერთი აუცილებელი დათქმა – ძალიან ბევრს საუბრობენ შენობის კონსტრუქციის არა უბრალო ავკარგიანობაზე, არამედ – არამდგრადობაზე. არადა, ვიდრე გადაეცემა უნივერსიტეტს, ახალგაზრდების უსაფრთხოების დაცვის მიზნით საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს შენობა. თუ მეცნიერ-სპეციალისტთა მიერ ჩაითვლება საშიშად, უნდა მოხდეს დემონტაჟი, ხოლო მის ადგილზე აშენდეს საყდარი.

პარალმენტი კი, როგორც წესი და რიგია, დაუბრუნეთ დედაქალაქს. დაუბრუნეთ იმ შენობას, რომლის კოლონადა და თაღები შემკულია მსოფლიო ხუროთმოძღვრების შედევრების – ქართული ისტორიული ძეგლების ორნამენტებით. შენობას, რომლის წინ იჭედებოდა საქართველოს უახლესი ისტორია.

ეს ნაბიჯი სწორი იქნება ისტორიულად

ეს ნაბიჯი სწორი იქნება პოლიტიკურად

ეს ნაბიჯი სწორი იქნება სამართლებრივად

ამ ნაბიჯის სისწორეში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ჩვენი მოკრძალებული საჩუქარი პარლამენტს – „პლაკატი-მხილება“ და თითოეულ დეპუტატს წიგნი „დაუჯერებელი სინამდვილე“ – რომელიც ეძღვნება ძეგლად ქცეული ქართული სულის ერთ-ერთი სიმბოლოს აფეთქებას, განადგურებას. პლაკატი და წიგნი გამოსცა „თეთრებმა“, უნიკალურია იმით, რომ მათი ავტორია 21-ე საუკუნის საქართველოს ათობით პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალა, ასობით ღირსეული შვილი, ქართული მეცნიერების, მწერლობის, თეატრისა და კინოს უკლებლივ ყველა კორიფე.

გთხოვთ მიიღოთ პოლიტიკურად სამართლიანი ისტორიული გადაწყვეტილება.

თემურ შაშიაშვილი

2012 წლის 19 ოქტომბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *