(globalnews.com.ge)„თეთრები“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ
მოძრაობა „თეთრები“ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ოპოზიციაში ყოფნის დაუშვებლობაზე საუბრობენ და სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.
ამის შესახებ მოძრაობა „თეთრების“ თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
შაშიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკაში დატოვება, პირველი ოქტომბრის უგულვებელყოფა იქნება.
„ნაცმოძრაობა“ არა ოპოზიციაში, არამედ ჩასაფრებულის პოზიციაში გადავიდა, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, ისინი გაცილებით საშიშნი გახდნენ, ვიდრე აქამდე იყვნენ, მსოფლიომ არ იცის მსგავსი პრეცენდენტი, პრეზიდენტი იყოს ოპოზიციაში. ეს ნამდვილად შეშფოთების საფუძველია. ეს დამნაშავე ხელისუფლება პოლიტიკაში კი არ უნდა იყოს, უნდა გასამართლდეს“,– განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
მისი თქმით, არსებობს სერიოზული საფრთხე იმისა, რომ 5-6 თვე სააკაშვილი დაელოდება და რომ დარწმუნდება ქვეყანაში რძის მდინარეები არ მოედინება, ის მიიღებს ძალიან უხეშ, მაგრამ კონსტიტუციის მიხედვით გადაწყვეტილებას.
„შეიძლება ჩვენ დავდგეთ ფაქტის წინაშე, რომ სააკაშვილმა გადააყენოს მთავრობა. მთავრობის ხელმძღვანელი და იმ მიზეზით, რომ თითქოსდა მათ თავი ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას, თავად წარუდგინოს პარლამენტს მთავრობა და მთავრობის ხელმძღვანელი, ხოლო თუკი პარლამენტი მის მიერ წარდგენილ წევრებს არ დაამტკიცებენ, სააკაშვილი სრულიად ლეგიტიმურად დაითხოვს პარლამენტს“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
შაშიაშვილი დღეს კიდევ ერთი ინიციატივით გამოვიდა, მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში საერთაშორისო ექსპერტთა შემადგენლობით შეიქმნას ჯგუფი, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და შეაფასებს.
05.10.2012



