(საქართველოს რესპუბლიკა)ეს მარაზმი უნდა დასრულდეს

mishaეს მარაზმი უნდა დასრულდეს. ხალხი უნდა გავათავისუფლოთ ამ შლეგებისაგან.

სხვა შეფასებას ვერ გავაკეთებ 8 სექტემბერს დაწყებული და ეროვნულ სტადიონზე შეკრებით დამტავრებული “ნაციონალურ” მიტინგებზე ძალით მიყვანილი, გაწამებული და დაღვრემილი ხალხის წინ “ნაცების”ლიდერთა ბღავილის ხილვის შემდგომ.

დარწმუნებული ვარ , ამ მიტინგების მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობაც კი არ მიცემს ხმას აგონიაში მყოფ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას. მჯერა, მათი უმეტესობა დიდ შინაგან დისკომფორტს განიცდის ერის ჯალათთა გვერდით თუნდაც წუთიერი იძულებითი დგომის გამო.
კარგადაც რომ ვცხოვრობდეთ, საქართველო მართლაც აყვავებული რომ იყოს, როგორც ამას გვეუბნებიან პრეზიდენტი, ხელისუფალნი, ვისაც ღირსება გააჩნია და ვინც აზროვნებს, როგორ შეიძლება მხარს უჭერდეს:

იმ პარტიას,რომლის ლიდერი ამბობს ხალხს მენტალიტეტი უნდა შეუცვალოთო (ეს ფაშისტებსა და ბოლშევიკებსაც კი არ უთქვამთ);

იმ პარტიას, რომლის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამბობს: მე, არც მართლმადიდებელი ვარ და საერთოდ არ ვცნობ რელიგიას, ქართულ ტრადიციებს პატივს არ ვცემ, არაადამიანურია ქართული და ევროპული ტრადიციებიო;

იმ პარტიას, რომელმაც დაამკვიდრა ფაშისტური პრინციპი: პარტიულ მეგობრებს ყველაფერი, ყველა დანარჩენს -კანონი;

იმ პარტიას, რომლის მმართველობის შედეგია დაკარგული ტერიტორიები, უკიდურესად დამძიმებული ურეთიერთობები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან;

იმ პარტიას, რომლის მმართველობის შედეგია გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი ხალხი და ქვეყანა. მაგრამ ამავე დროს ხელისუფლების წევრების ოჯახში დაძლეულია უმუშევრობა, მიღწეულია ამერიკული ხელფასები და ისეთი ფუფუნება, არაბ შეიხებსაც რომ შეშურდებოდათ;

იმ პარტიას, რომელიც უკვე ოცი წელია სხვადასხვა სახელწოდებებით, მაგრამ შეუდარებელი დემაგოგიით, ფარისევლობით, ტყუილებით, ყალბი ეროვნული პათოსით აბეჩავებს ხალხს, ებრძვის ქართულ ცნობიერებას;

იმ პარტიას, რომელსაც იმის შემდგომ, რაც საქართველოს გერბზე დაიწერა: “ძალა ერთობაშია”-ერთი სიტყვაც არ უთქვამს გამაერთიანებელი. 8 სექტემბრიდან დაწყებული მიტინგები იყო ამის ნიმუში: “ჩვენ” და “ისინი.” “ჩვენ”- საქართველოს აღმშენებლები,”ისინი”-დამაქცევლები..ყველაფერი კი პირიქითაა… (საცოდავი საქართველო ასეთი ხელისუფლების ხელში)
იმ პარტიას, რომელიც ოცი წლის მანძილზე-“სტაბილურობის”, “მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის”,”ღირსეული ცხოვრების”,”სიღარიბის დაძლევის” ტყუილებით კვებავდა ხალხს… იმ პარტიას, რომელიც მის წინაპარ პარტიებთან ერთად 20 წელია ხალხს ეუბნებოდა, რომ სტაბილურობიდან მივდივართ კეთილდღეობისკენ და ამით ინარჩუნებდა ხელისუფლებას და დღეს, დემაგოგიური ლოზუნგით: „მეტი სარგებელი ხალხს”- ებღაუჭება სკამს.

იმ პარტიას, რომლის ლიდერი სულელურად იტყუება, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ხალხს აღარ ექნება გაზი, დენი, წყალი. სამაგიეროდ იქნებიან ქურდები და კრიმინალები (ნეტა, თუ ვინმეს სჯერა ეს ნაბოდვარი);

იმ პარტიას, რომლის მატყუარა ლიდერის გაეროში გამოსვლისას მსოფლიო თანამეგობრობის 78 დელაგეტმა მისი გამოსვლის წინ დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევით დატოვა დარბაზი და 17 დელეგატისა და სკამების ამარა უზარმაზარ დარბაზში მიატოვა ბაქია, მატყუარა, უზრდელი მომხსენებელი.

იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ხალხი თავის მსახურად აქცია, იმართება ქვეყნის გარედან, ნებით ამერიკის, იძულებით რუსეთის ხელისუფალთ გაეგო ფეხქვეშ, ერთმანეთს გადაგვკიდა ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, დაგვაპირისპირა თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანასთან.
იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც მოსმენა – დასმენა – დაბეზღება – ჩაშვების ჭაობში ჩააგდო ხალსი და ქვეყანა;

იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის ჩამოყალიბებულ სახელმწიფო აპარატს მორალურ, ზნეობრივ, ფიზიკურ წამებაში ჰყავს საქართველოს ხალხი;

მოქკავშირ-აღორძინების მემკვიდრე და გამგრძელებელ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის არაადამიანური პოლიტიკის გამო, საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის გადასარჩენად, ქვეყნის გარეთ სამუშაოდ წავიდა ქვეყნის მოსახლეობის თითქმის მესამედი , რომელთაც ხმის მიცემის უფლებაც კი ჩამოართვა ორშაბათ დღეს არჩევნების დანიშვნითა და სხვა ბიუროკრატიული ბარიერებით. ამ უზნეო ქცევით ხელისუფლებამ წარმოუდგენელი დარტყმის ქვეშ დააყენა სწორედ ის ხალხი, რომელთა მიერ გამოგზავნილი ფულითაც ცხოვრობს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ივსება საქართველოს ბიუჯეტი. ამას მთელი სიმძიმით იგრძნობს არჩევნების შემდგომ, თუ ეს ხელისუფლება დარჩა, მთელი საქართველო, როგორც უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი, ასევე საქართველოში დარჩენილი მათი ყოველი ახლობელი, რომელთაც ხელისუფალნი აიძულებენ ხმა მიცენ “ნაციონალებს”.

იმ პოლიტიკურ ძალას, იმ პრეზიდენტს, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბერს საკუთარ ხალხს ესროლა, 2008 წლის 8 აგვისტოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორია დაბომბა, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც 2011 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს-მშვიდობიანი მანიფესტაცია დაარბია იმაზე მეტი სისასტიკით, ვიდრე რუსულმა ჯარმა 1989 წლის 9 აპრილს.

ყოველმა ღირსების მქონე საქართველოს მოქალაქემ იცის, რომ მსოფლიო ისტორიამ არ აცის -ხალხს მთავარსარდლისათვის ეპატიებიოს ბრძოლის ველზე მიწაზე ფორთხვა,მით უფრო ასეთი უღირსი ქცევის შემდეგ,თავზე დაესვა.

ყოველმა ღირსების მქონე ადამიანმა იცის,რომ დემოკრატიული მსოფლიო დიქტატურისკენ მიმართულად თვლის იმ პოლიტიკურ ძალას,რომელიც ორ საარჩევნო პერიოდზე მეტს რჩება ხელისუფლებაში (საქართველოში 1992 წლიდან პოლიტიკური ხელისუფლება არ შეცვლილა)…დიქტატორულია ის ქვეყანა,სადაც ყველა თანამდებობაზე-ბადბინტონის ფედერაციის თავჯდომარით დაწყებული-ქვეყნის პრეზიდენტით დამთავრებული, მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან…დიქტატორულია ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიის საფუძველთა საფუძველს კონკურენციას, ნიშნავს (დიახ,ნიშნავს) ბიზნემენებს, პოლიტიკოსებს და პარლამენტს აქცევს მეგობარ ბიზნესმენთა კლუბად.

დავფიქრდეთ, ერთი წამით იმაზე, რომ დემოკრატიული მსოფლიო, პირველ რიგში აშშ-ითმენს ყველაფერ ამას, ანუ ითმენს იმას, რასაც არ ათმენს სხვაგან… დემოკრატიული მსოფლიო, პირველ რიგში აშშ, არავის არ აპატიებდა იმას, რაც სააკაშვილმა თქვა: “ზუსტად იმ ჭკუაზე ვარ, ამათ დავუტოვო ჩემს მიერ აშენებული ქვეყანაო”.

რატომ პატიობენ მას იმას, რასაც არ პატიობენ სხვას? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მათ საქართველო სჭირდებათ როგორც ტერიტორია მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო და საქართველოში აწყობთ ისხელისუფალი, რომელიც მათი მონაა, საკუთარ ხალხზე კი ბატონობს?
დავფიქრდეთ, დავფიქრდეთ სერიოზულად!

პირველი ოქტომბერი ოცდამეერთე საუკუნის დიდგორია საქართველოსათვის…ამ დღეს საქართველოს ებრძვის მსოფლიო მასონიზმით მხარდაჭერილი ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით: პოლიტიზებული პოლიციით, სასამართლოთი, მთელი სახელისუფლებო და სადამსჯელო აპარატით, მოსყიდული ხალხით, სახლებისა და სადარბაზოების მაღალხელფასიანი კოორდინატორებით; ამ დღეს საქართველოს მხარეს დგას დეპუტატობის ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩეველს არ ყიდულობს და ის ამომრჩეველი,რომელიც მიდის არჩევნებზე და ხმას არ ყიდის… ამ დღეს საქართველოს იცავს ის უცხოელი დამკვირვებელი, რომელიც ობიექტიურია და მიუკერძოებელი.

პირველ ოქტომბერს გაირკვევა ჩვენ ვირჩევთ ბედს ამერიკა-რუსეთის ვასალობის გაგრძელებისა, თუ გზას დიდი მეგობრობისა ამერიკელ ხალხთან და დიდი მეზობლობისა რუს ხალხთან.

პირველი ოქტომბერი დიდი ქართული ღირსების დღეა. ძნელია საქართველოს ისტორიაში მოძებნო მეორე ისეთი დღე ,როცა საქართველოს ისე ჭირდებოდა ყოველი ქართველი,საქართველოს ყოველი მოქალაქე, როგორც ამ დღეს ვჭირდებით.

პირველ ოქტომბერს ჩვენ ვჭირდებით საქართველოს, მის მომავალს,ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს! ვჭირდებით თითოეული ჩვენთაგანი.ამ დღეს ჩვენს ხმას დიდი წონა აქვს და მასზეა დამოკიდებული როგორ ვიცხოვრებთ… ჩვენი ხმა წყვეტს რას და ვის ვირჩევთ: თავისუფლებას, თუ თავისუფლების ქურდებს!

საქართველოს უბედურება არის ის, რომ მას არ ჰყავს ეროვნული ხელისუფლება, რომ საქართველო არ იმართება ერის და ქვეყნის ბუნებიდან გამომდინარე, ყველა მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის არ არის იმაზე უფრო დამანგრეველი, ვიდრე მოჩვენებითი პატრიოტიზმი და მოჩვენებითი სამართლიანობა.

მწამს და მჯერა, რომ როგორც კი საქართველოს ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, მაშინვე ქართველი ხალხი იცხოვრებს გაცილებით უკეთესად და მოკლე პერიოდში საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა გახდება.

დასრულდება ეს ხელისუფლება და ეჭვი არ მეპარება, ხალხი დაისვენებს,შვებით ამოისუნთქავს, ჩვენ ვიგრძნობთ პირველი ოქტომბრის ძალას და გემოს.

საქართველო ამ ხელისუფლების გარეშე სხვა საქართველო -თავისუფალი ადამიანების ქვეყანა იქნება.მსოფლიო ნახავს სხვა საქართველოს და ბევრსშერცხვება სააკაშვილის გამო.

ახლა – საქართველო ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას აღარ გვეკუთნის. გაიყიდა.
ახლა – საქართველოში საქართველოა გადასარჩენი! ქართველში ქართველია გადასარჩენი!
ახლავე – დავამთავროთ ეს მარაზმი! ვიფიქროთ მომავალზე!

თეიმურაზ შაშიაშვილი
2012 წლის 28 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *