(საქართველოს რესპუბლიკა) სააკაშვილმა ქართული სული ჩაწიხლა

თანამდებობის პირთა შეწირვები არჩევნების წინ ხალხის გულის მოსაგებად არჩევნების შემდგომ რეჟიმის ბატონობის გაგრძელებისათვის

(ყველა, ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ ის სკამისათვის დედასაც გაწირავს და როგორც იტყვიან, პოლიტიკურ ოპონენტებს ცოცხლადაც კი შეჭამს)

mishaმინდა გამოვხატო პოლიტიკური პარტია «თეთრების“ პოზიცია და მივცე შეფასება ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა გადადგომის ფაქტებს, მე ამას ასე დავარქმევდი- თანამდებობის პირთა შეწირვები არჩევნების წინ ხალხის გულის მოსაგებად და არჩევნების შემდგომ რეჟიმის ბატონობის გაგრძელებისათვის.

ვიტყვი პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე – ეს გაცილებით მეტად არის მიმართული იმ უცხოელთა გულის მოსაგებად, რომლებმაც ნაცმოძრაობას არჩევნების გაყალბება უნდა დაუკანონონ.

გადადგომების ეს სერიალი მიმაჩნია მეტად საშიშ მოვლენად, რადგან ვთვლი, რომ ის ემსახურება პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენას და რეჟიმის შენარჩუნებას.

გავიხსენოთ მაღალჩინოსნების გადადგომათა ჯაჭვი გირგვლიანის მკვლელობის შემდგომ. მაშინ გადადგა დათა ახალაიაც . ყველაფერი ეს მხოლოდ ფორმალობა იყო – გადაარჩინა სააკაშვილის შერყეული და დისკრედიტირებული რეჟიმი. ყველას, ვინც მაშინ გადადგა, გაცილებით მაღალი პოსტები უკავიათ დღეს–დათა ახალაია თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. სწორედ მაშინდელი ე.წ. გადადგომის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა და აგრესიული გახდა ახალაიების კლანი.
ყველამ კარგად იცის ავტორიტარული რეჟიმის შენარჩუნების ფორმულა – ყველას გადადგომა ერთის შენარჩუნებისათვის და ამ ერთის შენარჩუნებით – რეჟიმის შენარჩუნება და გადამდგართა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში დაბრუნება. ხელისუფლების მიერ ჩადენილ ამაზრზენ დანაშაულებათა სრული სია მხოლოდ და მხოლოდ მათი რეჟიმის დამთავრების შემდეგ გახდება სრულად ცნობილი საზოგადოებისათვის, რაც გამოაშკარავდება, ის ნანახზე გაცილებით მძიმე იქნება.

დღეს ვერც ერთი, თუნდაც ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსნის გადადგომა ქვეყანაში ვერ შეცვლის სიტუაციას, გარდა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომისა. მან თავისი ავტორიტარული მმართველობით უამრავი ადამიანი შეიწირა. მსხვერპლშეწირვები დღესაც გრძელდება. ყველა, ვინც სააკაშვილს იცნობს, იცის, რომ სკამის შენარჩუნებისათვის საკუთარ დედასაც გაწირავს და პოლიტიკურ ოპონენტებს ცოცხლადაც კი შეჭამს.

რაოდენ მიამიტი უნდა იყოს ადამიანი, რომ ირწმუნოს, თითქოს ციხეებში გაბატონებული სადიზმის შესახებ პრეზიდენტმა არაფერი იცოდა. ვინც სააკაშვილს კარგად იცნობს,მან უწყის მისი სადისტური თვისებების შესახებ – ის სიამოვნებას იღებს, როცა ფიზიკურად უსწორდება თავის ოპონენტებსა და მოწინააღმდეგეებს. სწორედ სააკაშვილის საამებლად და მისთვის ერთგულების დასამტკიცებლად კეთდებოდა ბევრი ისეთი რამ, რაც ქვეყნისთვის იყო საზიანო და ხშირად შემსრულებლებისთვისაც მიუღებელი.

„დემოკრატიის შუქურად“ წოდებული სააკაშვილის და მისი სექტის მიერ აშენებული გამჭვირვალე და ბრჭყვიალა შენობებიდან იმართებოდა ყველაზე ბნელი და ბინძური სპეცოპერაციები, ამ გამჭვირვალე შენობებში იგეგმებოდა საკუთარი მოსახლეობის დარბევა და განსაკუთრებული სისასტიკით ადამიანთა წამება. 2012 წლის მაისში ჩვენ გავავრცელეთ მიმართვა ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში არსებული თავზარდამცემი ფაქტების შესახებ, მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საზოგადოებას განცხადებით – „ქალაქში მკვლელია და იგი პრეზიდენტია“ და ყველა გახმაურებული, თუ მიჩუმათებული მკვლელობების ამსახველი დოკუმენტური მასალა გავავრცელეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ეს რატომღაც ჯეროვნად არ ირწმუნა საზოგადოებამ.

თვითმხილველები ამბობენ, რომ არასოდეს უნახავთ სააკაშვილი ისეთი კმაყოფილი და ხალისიანი, როგორც 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი ღამის შემდეგ, როცა სპეცრაზმელებმა სადისტურად დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები. იმ ღამის „გმირები“ , მთავარი დამრბევები –ბასიშვილი, უდესიანი და სხვები დღეს „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიებში არიან. 2011 წლის 26 მაისს ამ რეჟიმმა ქართული სული ჩაწიხლა. სამწუხაროდ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა მათ ეს აპატია, მეტიც, პოლიტიკურ ლიდერთა უმეტესობას პოზიციაც კი არ დაუფიქსირებია 26 მაისის სასაკლაოს შესახებ. რეჟიმი საბოლოოდ დაარწმუნა საზოგადოების ამ ინდიფერენტულმა დამოკიდებულებამ მათი სისხლიანი ე.წ. სპეცოპერაციების მიმართ, სწორედ ამიტომ გამხეცდნენ, რეჟიმის ამაზრზენ დანაშაულებათა სია პირდაპირპროპორციულია ჩვენს მოთმინებასთან და შემგუებლობასთან.

კალმახელიძეც და ახალაიაც იყვნენ მხოლოდ სააკაშვილის ნება-სურვილის უპირობო და ერთგული შემსრულებლები, მისი მაამებლები. ერთიც და მეორეც თავიანთ თანამდებობებს ინარჩუნებდნენ იმით, რომ მონური ერთგულებით ასრულებდნენ სააკაშვილის ნებისმიერ სურვილს. დღეს მათი გადადგომა მხოლოდ ნიღაბია, რომელიც ემსახურება რეჟიმის გადარჩენას. ისინი შეინარჩუნებენ თავიანთ გავლენას და ღმერთმა ნუ ქნას, 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ვერ გაიმარჯვოს, ისინი კვლავ მოგვევლინებიან მაღალ თანამდებობებზე.

ვაცხადებ სრული კატეგორიულობით-შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს გადადგომების სერიალმა, კარგად გავიაზროთ,რომ ეს გადადგომები ემსახურება არჩევნებს და არჩევნების შემდგომ თითზე კბენანი საქმეს ვერ უშველის! ცალკეული პიროვნებების გადადგომა კი არა, რეჟიმის წასვლაა საჭირო პოლიტიკური ასპარეზიდან და გასამართლება, როგორც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების, ასევე მოქკავშირ – აღორძინება – ნაცმოძრაობის რეჟიმის, რომელიც აგერ უკვე 20 წელია შეუცვლელად მართავს ქვეყანას.

და ბოლოს, მინდა ვირწმუნო, რომ ამ ცნობილი მოვლენების შემდეგ ჩვენი უცხოელი მეგობრები ქართველი ხალხის ნებას ჯეროვან მხარდაჭერას მიაგებენ.

თეიმურაზ შაშიაშვილი
2012 წლის 21 სექტემბერი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *