(timer.ge)თემურ შაშიაშვილი: “ბიძინა ივანიშვილს ვიღაც სძულს და ძირავს”
“თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავდაჯერებულობა და თვითკმაყოფილება შეეპარა. ამის შესახებ შაშიაშვილმა გაზეთ “ალიასთან” საუბრისას განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება საქართველოს შანსად. ბატონ ბიძინას, დღეს როცა ქვეყნის მართვა არის ძალიან რთული, რატომღაც უადვილდება და თვითკმაყოფილება შეეპარა. პირდაპირ ვეტყვი, ის ჩემთვის არ არის ფულიანი კაცი, ის არის წარმატებული ადამიანი, თუმცა თანამშრომლობს ხალხთან, ვინც მასში მხოლოდ ფულიან კაცს ხედავს. ამ წარმატების აადამიანს სამჯერ მეტის გაკეთება შეეძლო, რასაც მისი ხელისუფლება აკეთებს განათლებაში, ჯანდაცვაში და ა.შ. მაგრამ მოღალატეებზე დგას გამსახურდიას შემდეგ ქართული პოლიტიკა”- აცხადებს თემურ შაშიაშვილი. მისივე თქმით ბიძინა ივანიშვილი “მრგვალი მაგიდისა” და ედუარდ შევარდნაძის შეცდომას იმეორებს.
“მრგვალი მაგიდა” იყო ეკლექტიკური გაერთიანება. სხვადასხვა პრინციპების ძალები იყვნენ შეკრებილი. სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომი პიროვნებების გაერთიანება გააკეთა შევარდნაძემაც და ორივე შემთხვევაში მივიღეთ სამოქალაქო დაპირისპირება. ახლა ბიძინა ივანიშვილი ამას გაერთიანებულ კოალიციაში აკეთებს. ბატონი ბიძინა ამბობს, რომ ვინც მას არ მოსწონს, თურმე იმ პარტიებმა უნდა შექმნან მესამე ცენტრი, რას ნიშნავს იმასაც, რომ ის ნაციონალურ-პოლიტიკურ სექტას ოპოზიციად აღიარებს, რაც არის სამომავლო ბომბი. სხვა ნაკლოვანებეზეც ვიტყვი. სხვადასხვა პრინციპებზე მდგომი ძალების ერთობა, როგორც კოალიციაში, შიგნით დასცხებენ ერთმანეთს, მერე კი გარეთ მდგომ ძალებს დაგვაბრალებენ და ეს იქნება მათი “მუშაობის” პრინციპი… პარლამენტში შესული ადამიანები კი აბობენ, პოლიტიკოსები არ ვართო. ეს არის საშინელება. ბიძინა ივანიშვილს ვიღაც სძულს და ძირავს, ვიღაცას კი ეუბნება, მესამე ძალა უნდა შექმნაო, რომლის მიმართაც, ცხადია იქნება ლოიალური, მაგრამ ეს არ არის საქართველოს ნორმალური პოლიტიკური მომავალი”- აცხადებს თემურ შაშიაშვილი.



