(ახალი თაობა) თემურ შაშიაშვილი: ივანიშვილი ევროპელების წინაშე ქართული ღირსებით წარსდგა.

ევროსაბჭოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლამ დიდი აურზაური გამოიწვია. გაკეთდა უამრავი შეფასება. ზოგს მოსწონს ივანიშვილის გამოსვლა, ზოგს – არა. პარტია თეთრების ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ივანიშვილს გამოსვლით კმაყოფილია.

– ეს იყო ქართული ღირსებით დგომა ევროპელების წინაშე, – ასე აფასებს „თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი პრემიერ მინისტრ ივანიშვილის დღევანდელ გამოსვლას სტრასბურგში ევროსაბჭოს სესიაზე და ივანიშვილის კრიტიკით პოლიტიკაში დამკვიდრების მოსურნეთა შეფასებებს.

“თეთრების” ლიდერის განცხადებას გთავაზობთ უცვლელი სახით:

– ბევრი რამ შეიძლება მე სხვანაირად მეთქვა. მაგრამ განწყობას სრულად ვიზიარებ. პირდაპირ ვამბობ: ეს იყო ჯანმრთელი გამოსვლა, რომელსაც უამრავი ავადმყოფური შეფასება მოჰყვა. და ეს ავადმყოფური შეფასებები მარტო ნაციონალ – შლეგებს და ავადმყოფურად მოაზროვნეთ არ ეკუთვნით. თუმცა, სააკაშვილმა აქაც არ დათმო პირველობა. მისგან სხვა შეფასებას არც ველოდებოდი. ეს გაბოროტებული კაცია – თავისი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ წარმატებული მებრძოლი და თავისი უცხოელი პატრონების ერთგულებაში ასევე წარმატებული.

გასაგებია იმათი პოზიციაც, ვინც თავიდანვე მძიმედ შეხვდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას. მათი შეფასებები ჩემში გაკვირვებას არ იწვევს. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ პოლიტიკოსთა შემადგენლობა შორს არის სახელმწიფოებრივი აზროვნებისაგან, რომ ქართულ პოლიტიკაში არის სახელმწიფო კაცების განსაკუთრებული სიმცირე და დეფიციტი. რომ ქართული პოლიტიკა სავსეა ავადმყოფურად მოაზროვნე – სკამზე შეყვარებული მედროვეებით.
რაც დრო გავა, „ნაციონალთა“ განწყობას შეუერთდება ბევრი პოლიტიკოსი, რომლებიც ხბოს აღტაცებით შეხვდნენ ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას, მაგრამ მის ფავორიტთა სიაში ვერ მოხვდნენ. ეს სულმოკლეობაა. სულმოკლეობაა, როცა უმაღლესი ხელისუფალის შენდამი დამოკიდებულებით ზომავ მდგომარეობას ქვეყანაში. აშკარაა, რომ ქვეყანას სრულიად სხვა ფილოსოფიის პოლიტიკა და პოლიტიკოსები სჭირდება. ეს დროის საკითხია. ცუდია, რომ ეს პროცესი ტემპში ვერ მიყავს პრემიერ-მინისტრს.

ბევრ რამეზე დამაფიქრა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიის დარბაზმა. აშკარაა, რომ ევროპაში ჯანსაღი პოლიტიკური აზროვნების სერიოზული პრობლემები გაჩნდა. ესეც დადასტურდა დღეს. მომეწონა, რომ პრემიერი აუღელვებლად და ქართული სიდარბაისლით პასუხობდა „ნაციონალების“ ნაყიდ შეკითხვებსაც.

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა ილიასეულ ჭეშმარიტებაში: საქართველო ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს. ეჭვი არ მეპარება, ევროპულ ქვეყნებშიც ძლიერდება ეროვნული ღირსების პოზიციები, ძლიერდებიან ეროვნული ღირსების მატარებელი პოლიტიკოსები და არც იმას ვეჭვობ, რომ მშვიდობიანი მსოფლიო ისტორიის სანაგვეზე გადაყრის ურა-პატრიოტებსაც, კოსმოპოლიტებსაც, რელიგიურ ფუნდამენტალისტებსაც და ათეისტებსაც და მომავალს მისცემს სწორედ ეროვნული ღირსების მატარებელ პოლიტიკოსებს.

ბატონი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე – ეს იყო ქართული ღირსებით დგომა ევროპელების წინაშე. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მათ,ვინც დარბაზში იყო, რადგან ვიცი, რომ გაცილებით სწორად და კარგად ის შეაფასებს ამ გამოსვლას, ვინც ამ დარბაზში არ იყო. ევროპაში კი საქართველოს ბევრი ნამდვილი მეგობარი ჰყავს, განსხვავებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთი წევრისაგან, – ნათქვამია განცხადებაში.

უფრო ადრე შაშიაშვილმა ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გაავრცელა 509განცხადება.
– ქვეყანაში 1 ოქტომბრიდან განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, განსაკუთრებით 19 აპრილის პოლიტიკურმა თავხედობამ, პარტია „თეთრები“, ისევე, როგორც არაერთი პოლიტიკური ძალა და სერიოზული პოლიტიკოსი, მიიყვანა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლად ჩატარების დასკვნამდე. სასიცოცხლოდ მიგვაჩნია ვადამდელი ადგლობრივი არჩევნებიც.

ჩვენის აზრით, ეს არის გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის სისტემური პოლიტიკური კრიზისის დაძლევას, რომელშიც წლებია ჩათრეულია ქვეყანა, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაცმოძრაობის“ აქციამ.

დრო არ ითმენს სამი მარტივი რამის გამო:
პირველი – არ შეიძლება ქვეყანამ მოითმინოს დამნაშავე პარტია ჩასაფრებულის როლში – ეს პრაქტიკულად ნიშნავს 1 ოქტომბრის მონაპოვარის განადგურებას, ხალხში გაჩენილი იმედის ჩაკვლას;
მეორე – თუ დამნაშავე პარტიას არ გავასამართლებთ და მას მივცემთ დროს და საშუალებას, იქცეს ამ ეტაპზე მეორე პოლიტიკურ ცენტრად, ეს ნიშნავს, რომ ვეთანხმებით გარკვეული პერიოდის შემდგომ მის ხელისუფლებაში მობრუნებას… ვეთანხმებით ქვეყანაში არასამართლიანი პოლიტიკური სივრცის შექმნას… ვეთანხმებით სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე არსებულ მწვავე კრიზისს.
ამაზე დიდი ბოროტება არ შეიძლება გავუკეთოთ საკუთარ ხალხს და ქვეყანას.

მესამე, და განსაკუთრებული – საზოგადოებაში არის აზრი, რომ დღეს ხელისუფლება ყველა დონეზე ხელთ უპყრია კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როდსაც მთელი საპრეზიდენტო ვერტიკალი: სამხარეო, საქალაქო, რაიონული, სასოფლო ადმინისტრაციები, სასამართლო და კომტროლის პალატის სისტემები ძველი ხელისუფლებისადმი მორჩილი ერთგულებით ებრძვის ხალხს. ეს ერთხელ კიდევ ასაბუთებს ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. სამ თვეზე მეტია, მოქალაქეთა გამოხმაურებებიდან და პოლიტიკური დიალოგებიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ასე ფიქრობს არა მხოლოდ პარლამენტის გარე, არამედ საპარლამენტო არაერთი პოლიტიკური ძალა. ეს მოსაზრება ძლიერდება არასამთავრობო სექტორში, ექსპერტთა წრეებში და ხალხში. – აცხადებს პარტია “თეთრების” ლიდერი თემურ შაშიაშვილი

მისი თქმით დღის წესრიგში დგება კონსულტაციების აუცილებლობა. ჩვენ ღია ვართ ყველასთან.

– მიგვაჩნია, რომ დათათბირების პროცესი უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და სასურველია, პირველი სერიოზული ერთობლივი განცხადება გაკეთდეს 26 მაისს., – აცხადებს პარტია “თეთრების” ლიდერი

შორენა გონგლაძე

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *