(თაიმერი) თემურ შაშიაშვილი: პაატა ბურჭულაძე იმდენად დიდია, რომ პრეზიდენტობა დააპატარავებს

პარტია “თეთრების” ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, აშკარაა, რომ პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტობის კანდიდატად პოლიტიკოსის დასახელება არ სურს.
შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში პრემიერ პოლიტიკოსი არ არის და დეპუტატთა უმრავლესობა აპოლიტიკურია, აუცილებელია პრეზიდენტი კარგი პოლიტიკოსი იყოს.
“ბატონ ბიძინას ვატყობ, რომ ნაკლებად აწყობს, პრეზიდენტი პოლიტიკოსი იყოს. არა მგონია, ეს სწორია, მაგრამ მე ამას არ განვსჯი, ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტად სერიოზული პოლიტიკოსი სჭირდება. ვიცი, რომ პაატა ბურჭულაძეზეც არის საუბარი, იგი ჩემი მეგობარია, პაატა ბურჭულაძე იმდენად დიდია, რომ პრეზიდენტობა დააპატარავებს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ იგი პოლიტიკოსი არ არის, პარლამენტში 80 პროცენტი პოლიტიკოსი არ არის, პრეზიდენტიც თუ არ იქნება პოლიტიკოსი ასე ქვეყანა არ აშენდება. მით უფრო, რომ მთელი მსოფლიო პოლიტიკოსებს უჭირავთ ხელში და ისინი განაგებენ”. – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა და დასძინა, რომ ის ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტობისთვის ილტვიან, მასში გაოცებას იწვევენ.
“სახალხო კრების” ერთ-ერთი წევრი განმარტავს, რომ სადღეისოდ აუცილებელია პოლიტიკური ვითარების დაბალანსება და ამისთვის საუკეთესო საშუალება საპრეზიდენტო არჩევნებში მესამე ძალის კანდიდატის გამარჯვება იქნება.
“ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი “ნაცმოძრაობიდან” და “ქართული ოცნებიდან” არ გახდეს და საქართველო პოლიტიკურად დაბალანსდეს. ისეთი პრეზიდენტი უნდა მოვიდეს, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს, რადგან წარმოუდგენელი პარტია, რომელმაც ამდენი უბედურება მოუტანა ქვეყანას, 4 წელი მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩეს. ივანიშვილი უწოდებს მას ასე, თუმცა მე მეუხერხულება საქართველოს მოსახლეობის გენოციდის მომწყობ პარტიას მთავარ ოპოზიციურ ძალას ვუწოდებდეთ. ბატონი ბიძინასთვის უმჯობესია კანდიდატი კოალიციის გარეთ დასახელდეს, ეს მას, როგორც მოღვაწეს უფრო დიდ სიმტკიცეს მისცემს. ასეთ შემთხვევაში ვთვლი, რომ ნინო ბურჯანაძე ყველაზე ღირსეულია. თუ უკეთესი კანდიდატი დასახელდება ჩვენ მას მხარს დავუჭერთ”. – განუცხადა “თაიმერს” თემურ შაშიაშვილმა.
სახალხო კრების წევრი ირაკლი ბათიაშვილი ყველაზე ღირსეულ პრეზიდენტობის კანდიდატად “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მიიჩნევს.
“საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა იყოს ისეთი ფიგურა, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლების შტოთა დაბალანსებას, დღევანდელ ხელისუფლებას მთელი რიგი საგარეო და საშინაო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში დაეხმარება და მე ასეთ კანდიდატად ნინო ბურჯანაძე მიმაჩნია”. – განუცხადა “თაიმერს” ირაკლი ბათიაშვილმა.



