(ახალი თაობა) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია!

მეცნიერთა ჯგუფი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

 

20130513164141shashსაქართველოში დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების  ჩატარება. განცხადება რამდენიმე პარტიამ გააკეთე, ამ იდეას მხარს მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი და პარტია „თეთრების“ უჭერენ.

–  1  ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეიცვალა მდგომარეობა, მიუხედავად ამისა კრიზისული ვითარება კვლავ ძალაში რჩება და გარკვეულ პერიოდებში ღრმავდება კიდეც. კრიზისიდან გამოსვლის მცდელობა აქვთ სხვადასხვა ჯგუფებს, ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა არის პარტია „თეთრების“ მიერ შემუშავებული განცხადება. რამდენიმე დღის განმავლობაში, პარტია „თეთრების“ მოწვევით 50-მდე ქართველმა მეცნიერმა, ცნობილმა ადამიანმა  მონაწილეობა მიიღო მის განხილვაში.  ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, რადგან ეს არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისათვის აუცილებელი ინიციატივა, არამედ ეს არის ხალხის გამოძახილი. მიგვაჩნია, რომ  „თეთრების“ ინიციატივა  საზოგადოების ფართო ფენებისთვის უნდა იყოს ცნობილი, და ამ საკითხებზე საჭიროა საერთო-სახალხო დისკუსიის დაწყება.

საკითხი ეხება საქართველოში ვადამდელ საპარალმენტო არჩევნების ჩატარებას. paata cnobiladzeჩვენ ვთვლით, დღეს არსებული კონსტიტუცია, აგრეთვე დღევანდელი პოლიტიკური განლაგება  არ იძლევა საშუალებას რომ ქვეყანაში   კრიზისი იყოს დაძლეული.  რომ ცივილიზებული ფორმით წარიმართოს პოლიტიკური პროცესები  და საზოგადოებამ იგრძნოს ის პროგრესი რასაც  „ქართული ოცნება მას პირდებოდა. ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, თუმცა ძალიან ბევრია ხელოვნული პრობლემები, რის გამოც ბევრი რამის განხორციელება შეუძლებელია, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტმა, –   პაატა ცნობილაძემ

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელია იმისთვის, რომ დღეს წარმოდგენილი ორპოლუსიანი პოლიტიკური სპექტრი, არის მიუღებელი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ოქტომბრის  საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ.   ამუშავდება კონსტიტუციის ახალი მოდელი, რომლის მიხედვითაც  შემოღებული იქნება ქვეყნის საპარლამენტო მოდელი. საპარლამენტო მოდელისთვის კი უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრების საკითხი. თუ კონკურენტუნარიანი გარემო არ შეიქმნა საპარლამენტო რესპუბლიკა ვერ შედგება, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკის მთავარი დედააზრი არის პოლიტიკური პლურალიზმი. ორპოლუსიანი პოლიტიკა რაც შესაძლოა დასაშვები იყოს საპრეზიდენტო მმართველობის დროს, აბსოლუტურად მიუღებელია საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაში.

მეორე ფაქტორი – დღეს საზგადოების უპირველესი მოთხოვნაა რეჟიმის გასამართლება.  რეჟიმის რომელმაც შექმნა ტერორის ეპოქა. სახეზეა მტკიცებულებები უამრავი დანაშაულებებისა. მაგრამ რეალურად პროკურატურას უჭირს ამ პროცესის წარმართვა. და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზიც.   ეს პროცესი ვერ წავა ჩქარა, ინდივიდუალურად ძალიან ჭირს ამ საქმეების გახსნა, რადგან  ჩვენ საქმე გვქონდა  სისტემურ დანაშაულთან, როცა ყველა საქმე მიდის ერთ თავამდე. საქმე გვაქვს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და ძნელდება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებზე საუბარი.

ქვეყანაში არსებობდა დანაშაულებრივი, დიქტატორული რეჟიმი. ლოგიკური კითხვა, როგორ უნდა გააგრძელონ მათმა წარმომადგენლებმა მოღვაწეობა პარლამენტში, ან მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ მიმართულებითაც სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს იგივეა, რომ ომის შემდგომ გერმანიაში „ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას“ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.

ჩვენ ვაპირებთ კონსულტაციებს სხვა მეცნიერებთან და პარტიებთან, რათა დაიწყოს მსჯელობა ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ვსვამთ ამ საკიხთის მიზანშეწონილობას. ხომ არ სჯობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართოს კონსულტაციები, 26 მაისისთვის უნდა გაიმართოს დიდი თავყრილობა მაქსიმალურად ყველას მონაწილეობით, რომ წარმოდგენილი იყოს არგუმენტები, რომ ქვეყანაში შეიცვალოს სიტუაცია და ხელისუფლებას შევუმსუბუქოთ უმძიმესი ტვირთი. ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ  თანდათანობით, მიუხედავად ახალი ხელისუფლების განწყობისა, იწყება გაუცხოება ხალხსა და ხელისუფლებას შორის. გავიხსენოთ, 1 ოქტომბრის არცევნების დროს ხალხის მოთხოვნა არ იყო მხოლოდ პური და საკვები, ხალხი ითხოვდა სამართლიანობის აღდგენას და თუ ეს არ მოხდა კრიზისი გაღრმავდება,  –  აღნიშნა პაატა ცნობილაძემ.

პარტია „თეთრების“ ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა მიმართვის ტექსტი წარმოადგინა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს გაეგზავნა.

ქვეყანაში სისტემური კრიზისი გრძელდება და კოჰაბიტაციის, ორხელისუფლებიანობის პირობებში იგი კიდევ უფრო ღრმავდება….

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ჩვენი წინადადება მიუღებელი იქნება პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკოსთა მეტი ნაწილისათვის, მაგრამ ასევე ანალიზის და დიდი კონსულტაციების გათვალისწინებით ვფიქრობთ, ქვეყნისა და ხალხისათვის ის განსაკუთრებული შეიძლება გახდეს.

ამ მოსაზრებას გვიძლიერებს პოლიტიკური აზროვნების ისტორია და მსოფლიო პოლიტიკური პრაქტიკის გამოცდილება.

ჩვენთვის მთავარია რამდენიმე პროგრესული კაცი გვიჭერდეს მხარს, ვიდრე  ათასები ბრმად გვიკრავდეს ტაშს.

ბრმად ტაშის კვრამ და ბრმად ტაშის დამკვრელებმა, რაც ლიდერთა გაფეტიშებას ემსახურებოდა  სისტემურ კრიზისში შეიყვანეს და დაღუპეს ქვეყანა . სწორედ,  ამის მსხვერპლი გახდა ზვიად გამსახურდიას ძლიერი ეროვნული პოზიცია. არარაობად აქცია ედუარდ შევარდნაძის  საგარეო პოლიტიკა, დამანგრეველი მიმართულება მისცა სააკაშვილის ენერგიას. რეალური საშიშროება ემუქრება ბიძინა ივანიშვილის მამულიშვილურ განწყობას და დიდ პროგრამას.  – ნათქვამია განცხადებაში.

საინიციატივო ჯგუფის წვრთა  განცხადებით ჩვენ უარვყოფთ ემოციის პრიმატს პოლიტიკაში და ვდგავართ იმ პოლიტიკოსებთან, პოლიტიკურ ძალებთან და მოაზროვნე ადამიანებთან ერთად, რომლებიც თვლიან, რომ ქართულ პოლიტიკაში გონება უნდა დაბრუნდეს. ეს განცხადება ჩვენი შემოძახილია დაფიქრებისათვის, დასკვნებისათვის და გაბედული მოქმედებებისათვის.

დღეს, გაბოროტებულ „ნაცმოძრაობას“ უფრო მეტის გაფუჭება შეუძლია ქვეყნისა და ხალხისათვის, ვიდრე საქმის კეთებაზე ორიენტირებულ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას შეუძლია ჩასაფრებული „ნაცების“ პირობებში გააკეთოს ხალხისა და ქვეყნისათვის.

სამწუხარო ფაქტის წინაშე ვდგავართ:  ქვეყანაში გაცილებით მეტი ფუჭდება, ვიდრე კეთდება,  უფრო ზუსტად, ქვეყანაში კეთდება გაცილებით ნაკლები, ვიდრე ეს შესაძლებელია, ვიდრე პოტენციალი არსებობს.  ხალხის მოლოდინი კი იყო ხელისუფლება, რომელიც იმუშავებდა ქვეყნის პოტენციალის შესაძლებლობის მაქსიმუმზე. დღეს ნამდვილად არსებობს სასიკეთო და   საოცრად დიდი საქმეების კეთების რეალური შესაძლებლობა.

 – ვაღიაროთ, ჯერჯერობით გამფუჭებელს უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე გამკეთებელს. თითქოსდა ლოგიკურიცაა – საქმის კეთება ყოველთვის ძნელია, ჩასაფრებულის პირობებში – თითქმის შეუძლებელი და ამავე დროს, როგორი ადვილია საქმის გაფუჭება. მით უფრო, როცა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მთავარი ჩასაფრებული თვით პრეზიდენტია, გუბერნატორები და მთელი საპრეზიდენტო ვერტიკალი – სოფლის რწმუნებულთა უმრავლესობის ჩათვლით. როცა ჩასაფრებულია კონტროლის პალატა სრულად და სასამართლო ხელისუფლების დიდი ნაწილი. შედეგი?  – პერმანენტული  სისტემური კრიზისი.

გამფუჭებელს რომ უკეთესი შედეგი  აქვს, ვიდრე გამკეთებელს, ლოგიკურია: სახელისუფლებო ვერტიკალის უდიდეს ნაწილს ხომ  კარგად გამოწრთობილი დემაგოგები შეადგენენ: კარგად ლაპარაკობენ ხალხის ენაზე, კარგად იციან არა მხოლოდ ხალხის დაბეჩავების მეთოდები, არამედ ამ მშიერი და დაუძლურებული ხალხის მართვაც.  შეუძლიათ ხალხის სახელით ხალხისვე წინააღმდეგ ბრძოლა. ყოველივე  ეს უადვილდებათ, რადგან ჯერ კიდევ ფლობენ მედიის დიდ ნაწილს,  გააჩნიათ საკუთარი ტელევიზიები.

და ინგრევა ქვეყანა. ინგრევა ყალბი ეროვნული პათოსით, სოციალური დემაგოგიით, მოჩვენებითი დემოკრატიით და „ნაცების“ მიერ  ხელისუფლებაში ყოფნის დროს დამკვიდრებული ელიტური კორუფციის შედეგად მოხვეჭილი ფულით და რაც ყველაზე მეტად შემაძრწუნებელია, ხალხი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ცხოვრების ნგრევის თანამონაწილე ხდება.

რომელ ეკონომიკაზე, სოციალურ პოლიტიკაზე, საყოფაცხოვრებო და კომუნალური პრობლემების მოგვარებაზე შეიძლება ასეთ დროს საუბარი. მით უფრო მაშინ, როცა „ნაცმოძრაობამ“  9 წლის დამანგრეველი მმართველობის პერიოდში სრულად გადაიფორმა მთელი ბიზნესი, პოლიტიკური ნიშნით დააკომპლექტა მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი, როცა მთელი ადგილობრივი ხელისუფლება ხალხზე კი არა, იმაზე ფიქრობს, საქმის გაფუჭებით როგორ ავნოს გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ავტორიტეტს.

ქვეყანა კარგავს მნიშვნელოვან ერთ წელს.  თუ ხალხის უდიდესმა ნაწილმა არ, ან ვერ გააცნობიერა „ნაცმოძრაობის“ დამანგრეველი  სტრატეგია, ეს წელი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ხალხისა და ქვეყნისათვის და იმავდროულად წარმატებული  – ჩასაფრებული პოლიტიკური ძალის, მოღალატე,  მედროვე და სკამის პოლიტიკოსებისათვის.

 

 – ჩვენ ვინანებთ, მწარედ  ვინანებთ, რომ 2013 წლის 20 იანვარს არ დავამთავრეთ სააკაშვილის პრეზიდენტობა. ვხედავთ, როგორ მტრობს პრემიერ-მინისტრს სააკაშვილი  ქვეყნის შიგნით და როგორ დასდევს  მას ფეხდაფეხ უცხოეთში . ის მუშაობს იმაზე, თუ როგორ მოშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყნის შიგნით, როგორ დაძაბოს ქვეყნის გარე ძალების დამოკიდებულება ახალი მთავრობისადმი. დღეს უკვე აშკარაა, ის ებრძვის  არა ერთ კაცს – ივანიშვილს, არამედ  სახელმწიფოს, ხალხს,ქვეყანას.

გამოსავალი არსებობს. ეჭვი არ გვეპარება, ამ  საკითხებზე ფიქრობს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი,  ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ვფიქრობთ ჩვენც და რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, გამოსავალი პოლიტიკური სექტისაგან  – „ნაცმოძრაობისაგან“ ქვეყნის განთავისუფლებაშია.

ჩვენი აზრით, ქვეყნის სწორი განვითარება უკავშირდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს და დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური სივრცის დამაბინძურებელი პოლიტიკური ძალებისა და ხელისუფალთა გასამართლებას.

მცდარია, პირდაპირ ვიტყვით, ქართული ბუნებისათვის მიუღებელია  ქვეყნის გარედან შემოგდებული ე.წ. „კოჰაბიტაციის“ მთელი იდეოლოგია. იგი ემსახურება არა საქართველოს, არამედ ქვეყნის დამანგრეველი პოლიტიკური ძალის პოლიტიკურ ასპარეზზე შენარჩუნებას. ემსახურება იმას, რომ პოლიტიკური სივრცე საქართველოში ორპარტიული გახდეს და ერთ-ერთი  – „ნაცმოძრაობა“ იყოს. ამაზე დიდი მტრობა საქართველოსათვის ვერც კი წარმოგვიდგენია. შემცდარია ყოველი, ვინც „ნაცმოძრაობას“ მთავარ ოპოზიციურ ძალად და მეორე პოლიტიკურ ცენტრად მოიაზრებს.  „ნაცმოძრაობაზე“ მეტად მტრობს ხალხს და ქვეყანას ის პოლიტიკოსი, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამას შეგნებულად აკეთებს, ან მომავალში გააკეთებს.

გარედან თავსმოხვეულ, შეუთავსებელთა შეთავსების დამანგრეველ პოლიტიკურ კურსს ხალხმა არჩევნებით უნდა გამოუტანოს განაჩენი , – მიაჩნიათ მეცნიერებს

დრო არ ითმენს რამდენიმე მარტივი რამის გამო:

პირველი –გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის პოლიტიკურ განწყობას: ერთის მხრივ, არჩევნები გაყალბდა „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ და, მეორეს მხრივ, მაჟორიტარი დეპუტატებისათვის 30-პროცენტიანი ბარიერის შემოღებამ, ნაცვლად 50 პროცენტიანისა, როგორც მინიმუმ, ღირსეულთა უდიდეს ნაწილს არ მისცა საშუალება გამხდარიყო პარლამენტის წევრი.

მეორე – არ შეიძლება ქვეყანამ მოითმინოს დამნაშავე პარტია ოპოზიციის როლში – ეს პრაქტიკულად ნიშნავს 1 ოქტომბრის მონაპოვრის განადგურებას, ხალხში გაჩენილი უდიდესი იმედის ჩაკვლას;

მესამე თუ დამნაშავე პარტიას არ გავასამართლებთ და მას მივცემთ დროს და საშუალებას, იქცეს ამ ეტაპზე მეორე პოლიტიკურ ცენტრად, ეს ნიშნავს, რომ ვეთანხმებით გარკვეული პერიოდის შემდგომ მის ხელისუფლებაში მობრუნებას… ვეთანხმებით ქვეყანაში არასამართლიანი პოლიტიკური სივრცის შექმნას… ვეთანხმებით სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე არსებულ მწვავე კრიზისს.
ამაზე დიდი ბოროტება არ შეიძლება გავუკეთოთ საკუთარ ხალხს და ქვეყანას.

მეოთხე– საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ დღეს ხელისუფლება ყველა დონეზე ხელთ უპყრია კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მაშინ, როდესაც მთელი საპრეზიდენტო ვერტიკალი: სამხარეო, საქალაქო, რაიონული, სასოფლო ადმინისტრაციები, სასამართლო და კონტროლის პალატის სისტემები ძველი ხელისუფლებისადმი მორჩილი ერთგულებით ებრძვის ხალხს. ეს ერთხელ კიდევ ასაბუთებს ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას;

მეხუთე, და განსაკუთრებული – დანიშნული დეპუტატების სამარცხვინო ეპოქა უნდა დასრულდეს… დამოუკიდებელ საქართველოში ვირჩევთ არა ძლიერ პოლიტიკოსთა პარლამენტს, არამედ ერთი კაცის პოლიტიკური გემოვნებით შერჩეულ პარლამენტს… ზვიად გამსახურდიასადმი ნდობის გამო აირჩიეს მისი ბლოკის დეპუტატთა 90 პროცენტი…შევარდნაძის გამო,შემდეგ სააკაშვილის და ბოლოს ივანიშვილის გამოა არჩეული დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომ პარლამენტთა წევრები…ეს კატასტროფაა… კატასტროფაა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში „ბელადების ხათრით“  არჩეულ დეპუტატთა 50-60 პროცენტმა ისე დაამთავრა სადეპუტატო საქმიანობა, რომ ხალხს საკუთარი თავიც კი ვერ გააცნო… კატასტროფაა, რომ ეს გრძელდება: ახალი პარლამენტის 80 პროცენტს არც ეხლა იცნობს ხალხი“.

ისინი თვლიან, რომ ამ, თემაზე დისკუსია უნდა გაიმართოს. ამ დისკუსიამ კი უნდა გააერთიანოს საქართველო.

„ჩვენ გვინდა, რომ ამ დისკუსიამ გააერთიანოს საქართველო. გააერთიანოს ყველა ქვეყნის შიგნითა და გარეთ, გააერთიანოს, რათა განხორციელდეს პრინციპი: ქვეყანას ყველა დონეზე  მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ხელისუფლებას მართავს საზოგადოება, საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა და ყველაფერი ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლების წყარო არის ხალხი.

ასეთია  პოზიცია. ჩვენ ვდგავართ იმ ხალხთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომელთაც მსგავსი ხედვა აქვთ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები შევთანხმდით, რომ 26 მაისს მოვიწვიოთ დიდი შეკრება და დავაფუძნოთ დარბაზი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს სახალხო დისკუსიას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. სიმბოლურია, რომ ეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოხდება, რადგან საქართველოს მომავალი რეალურ არჩევნებთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ქვეყნის გარედან არ იმართებიან,“ – ვკითხულობთ განცხადებაში

 

“ახალი თაობა”

შორენა მარსაგიშვილი

17.05.2013

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *