(ახალი თაობა) ქვეყნის მომავალზე ყველანი ვაგებთ პასუხს!

ქართველი ემიგრანტები გააქტიურებას გეგმავენ

თესალონიკიასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე ლუკმა პურის საშოვნელად საზღვარგარეთ არის გადახვეწილ. საქართველოს სოფლები და ქალაქები ხალხისაგან დაცლილია. ძველი ხელისუფლება პირობას დებდა, რომ ქვეყნიდან გადახვეწილები სამშობლოში დააბრუნებდა. სამწუხაროდ მოხდა. პირიქით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა დატოვა საქართველო.

მათი დაბრუნების აუცილებლობაზე  ახალი ხელსიუფლება ბევრს საუბრობს. ჯერჯერობით ემიგრანტების დასაბრუბევბლად სათანადო გარემო ვერც მათ შექმნეს. ამ პროცესს ემიგრანტები შეძლებისდაგვარად გაგებით ეკიდებიან. ამასთან გადაწყვიტეს საქართველოში მიმდინარე პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთონ. ასეთი გადაწყვეტილება საბერძნეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტებმა მიიღეს. მათ სათანადო დოკუმენტიც კი შეიმუშავეს. ისინი იმედოვნებენ,რ ომ მათ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტებიც შეუერთდებიან.

პარტია “თეთრების” ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ამჟამად იმყოფება საბერძნეთში, სადაც გამართა შეხვედრები ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებთან და საბერზნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.

პირველი ასეთი შეხვედრა თესალონიკის ქართული საზოგადოება „საქართველოსთან” და მის თავმჯდომარე ელგუჯა მინდაძესთან  ერთად  შედგება 1 ივნისს, თესალონიკის  მერიის საკონფერენციო დარბაზში, სადაც „თეთრების“ ლიდერსა და  საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს შორის  გაიმართება პოლიტიკური დისკუსიები საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ასეთივე ორი შეხვედრა შედგება ათენში, 2 ივნისს, 14 და 17 საათზე,  ”კავკასიის კულტურული ცენტრისა” და მისი თავმჯდომარის, პროფესორ ავთანდილ მიქაბერიძის მხარდაჭერით.

ერთობლივად მიღებულ განცხადებაში ემიგრანტები სინანულს გამოთქვამენ იმ უფლებების წართმევის გამო, რასაც ქვეყნის მართვაში მონაწილეობის მიღება ჰქვია. გაკეთებულ საქმეებსაც ამჩნევენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.

– ჩვენ გვესმის, რომ 5-6 თვეში შეუძლებელია ყველაფრის რადიკალური შეცვლა. მით უფრო, როცა განუზომელია მასშტაბები პრობლემებისა, რომელიც ახალ ხელისუფლებას დახვდა. მაგრამ, მოგეხსენებათ, რაც უფრო დიდია მხატვრული ტილო ან ნაქანდაკები, მით უფრო შორიდან უნდა უცქირო. ჩვენ, სამშობლოში მარად დარჩენილ შორიდან მოცქერალთ გვეჩვენება: – მეტის გაკეთება შეიძლებოდა.

ჩვენი ხელისუფლებისაგან ათწლეულის მანძილზე ბედის ანაბარად მიტოვებულთ, სხვამ რა პატივი უნდა გვცეს. მითუმეტეს, კარგად ვხედავთ, თუ ჩვენივ ბედში აღმოჩენილ სხვა ტომის ადამიანებზე როგორ მზუნველობას იჩენენ დროებით სიდუხჭირეში აღმოჩენილი მათი მთავრობები. ამასვე ხედავენ მასპინძელი ქვეყნების ადგილობრივი მმართველებიც. ალბათ, ამითაც არის განპირობებული, რომ სამართლებრივად სრულიად დაუცველნი, ბევრ სიმწარეს ვაწყდებით. არაუშავს, ყველაფერს გავუძლებთ,მაგრამ სად გავამხილოთ, რომ ჩვენივ ხელისუფლებამ წაგვართვა მოქალაქის უპირველესი უფლება – მონაწილეობა ქვეყნის მმართველობაში, მისი სამომავლო ბედის გადაწყვეტაში.

ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის პარლამენტში არჩეული ჰყავთ დეპუტატები საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა სათვისტომოებიდან. ჩვენ კი ხმის მიცემის უფლებაც კი შეგვიზღუდეს აბსურდული მოთხოვნებით, რაც პრაქტიკულად მოქალაქის ამ უპირველესი უფლების ჩამორთმევად გარდაისახა ჩვენს რეალობაში. და ეს მაშინ, როცა ძალიან კარგად ვიცით, ვის ყულაბაში აღმოჩნდა ჩვენი მიუცემელი ხმები. ისიც კარგად ვიცით, დღესაც რატომ რჩება ეს საკითხი უცვლელად, ვინ და რატომ ლობირებს ახალ ხელისუფლებაში პრობლემის ძველებურად დატოვებას.

ამის უფლებას კი უკვე ვერავის მივცემთ.

ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ პირველი ოქტომბერი 7 ნოემბრით, 26 მაისით… ყველამ ერთად, რამეთუ ჩვენი მეუღლეები, შვილები, ოჯახის წევრები იდგნენ იმ ბარიკადებზე, რომელსაც არბევდნენ, წამლავდნენ, ესროდნენ. როცა ვამბობთ – ჩვენ, ვგულისხმობთ არა მხოლოდ მიგრანტ ქართველებს; ვგულისხმობთ ბერძნებს, იტალიელებს, ესპანელებს, სრულიად ევროპელებს. დაუჯერებელია, მაგრამ ისინი ჩვენთან ერთად მღეროდნენ „ბელა ჩაოს“ და „ბანდერა როსას“ . გვიმღეროდნენ ჩვენ, უმღეროდნენ ჩვენი ოჯახის წევრებს ტელეფონითა და სკაიპით.

გვიმღეროდა უცხოტომელი მაშინ, როცა ჩვენი ოჯახის წევრებს ჩვენივ სამშობლოში ცემდნენ, პატივს ყრიდნენ, კლავდნენ, გვამებს (!!) უდიერად ექცეოდნენ…

ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ დღევანდელი საქართველო, ამიტომაც ყველა ერთად ვაგებთ პასუხს მის მომავალზე, – ნათქვამია დოკუმენტში.

ისინი მზად არიან დაბრუნდნენ საქართველოში, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამ დაბრუნებით შესაძლოა ქვეყანაში გარკვეული პრობლემები შეიქმნას.

ერის სულიერ მამამ და ბრძენმა მოძღვარმა სრულიად ქართველთა ამ დღეებში ერთხელ კიდევ მოგვიწოდა სამშობლოში დაბრუნებისაკენ. ყოველი ქართველის ისტორიული მოვალეობა და საზრუნავიც ეს არის. მაგრამ დაბრუნება უნდა მოხდეს ღირსეულად, ისე, რომ სიძნელეები არ შევუქმნათ სამშობლოს. ამისათვის, ჩვენი აზრით საჭიროა დიდი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარება:

პირველი – მიგრანტებს უნდა დაგვიბრუნდეს სამოქალაქო უფლებები, სრულფასოვანი მოქალაქის შეგრძნება, შელახული ღირსება. ჩვენ არა მხოლოდ იმ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც კონსტიტუციით თითქოს გარანტირებული გვქონდა, არამედ ევროპული ქვეყნების დარად უნდა მოგვეცეს უფლება მაჟორიტარი დეპუტატები ავირჩიოთ იგივე წესით, რა წესითაც ისინი აირჩევიან სამშობლოში. თუმც ამის იმედი ნაკლებად გვექნება, ვიდრე თავად ქვეყანაში არ აღდგენილა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტართა ქვოტები – ამ მიწებიდან დროებით იძულებით გადაადგილებული ადამიანებიც და იქ დარჩენილებიც ხომ ჩვენი ქვეყნის შვილები არიან, მხოლოდ, ჩვენივ სამშობლოსგან დროებით მოკვეთილი ტერიტორიებიდან;

მეორე – საჭიროა საქართველოს მთავრობამ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მის მოქალაქეებს იგივე უფლებები ჰქონდეს უცხოეთში,რა უფლებებიც გააჩნიათ უცხოელებს საქართველოში. ჩვენ კი ძალიან კარგად ვიცით, რა პირობებია შექმნილი საქართველოში უცხოელთათვის, მათ შორის, ზოგჯერ საკმაოდ საეჭვო პირებისთვისაც. უცხოეთში ადგილობრივი მთავრობებისაგან და მოქალაქეებისაგან ჩვენ ვნახეთ ბევრი სითბო, თანადგომა, ყურადღება… და ეს მაშინ, როდესაც თავად ამ ქვეყნებში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია. ჩვენ აქ ვეზიარეთ ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, ნამდვილ ადამიანურ უფლებებს და არა პოლიტიკოსთაგან თავსმოხვეულ ყალბ იდეალებს. გავიცანით კაცობრიობის ცივილიზაციის სათავეებთან მყოფი ბერძნების, იტალიელების, ესპანელების და მთლიანად ევროპის კულტურა, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები.

მესამე – ჩვენ უცხოეთმა გადაგვარჩინა;
ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები;
ჩვენ დაგროვილი გამოცდილებით, ცოდნით, ადამიანური ურთიერთობებით შეგვიძლია გადავარჩინოთ სხვები, თუ ამის რეალური სურვილი და პოლიტიკური ნება ექნება საქართველოს ხელმძღვანელობას. ამისათვის კი, უპირველესად საჭიროა სამუშო ადგილები. სამუშაოს გარეშე, ყოველგვარ დემოკრატიაზე, კეთილდღეობაზე, წინსვლაზე ლაპარაკი სულ ფუჭი საქმე და თვალებში ნაცრის შეყრაა. ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ უცხოელ მეგობრებთან ერთად საქართველოსა და უცხოეთში შექმნან ქართველთა დასაქმებისა და საქართველოსათვის სიკეთის მომტანი ერთობლივი ობიექტები. ყველა ახალ საქმეს კი თავდაპირველად დაფინანსება სჭირდება. საჭიროა დასაწყისისათვის თუნდაც 300 -400 მლნ ევროს გამოყოფა, რაც ქვეყანას არათუ მძიმე ტვირთად დააწვება. ერთი-ასად დაუბრუნდება კიდეც. სასურველია, ამ ფონდის შექმნისას გათვალისწინებული იქნას მიგრანტების, მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს ეკლესიის მოსაზრებები დასაქმიანობაში ჩაბმის სურვილები.

ხაზგასმით ვამბობთ, ეს იქნება სამშობლოში თანამემამულეთა დაბრუნებისათვის შექმნილი ფონდი, რომელიც მოხმარდება არა ერთეულთა პირობების გაუმჯობესებას, როგორც ეს ათწლეულის მანძილზე ხდებოდა, არამედ უმუშევართა დასაქმებას, ქართულ ეკონომიკაში დასავლური გამოცდილების შემოტანას ისევ ქართველთა მიერ, უცხოელი მეგობრების გონებისა და მატერიალური სახსრების გამოყენებას საქართველოს საკეთილდღეოდ, ქართველ ერსა და ევროპელთა შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ნამდვილი სახალხო დიპლომატიის განვითარებას, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ტრადიციული ურთიერთობების აღდგენასთან. – აცხადებენ ქართველი ემიგრანტები.

 

შორენა მარსაგიშვილი

Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *