ამაღელვებელი შეხვედრა – საინტერესო საუბრით, დიდი გეგმებითა და მომავლის იმედით.

ღირსებით მომავლის საქართველოსათვის

dsc_1301_ამაზე დიდი საჩუქარი ხელოვანისთვის არ არსებობს“ – ასეთი შეფასება მისცა ბატონმა რეზო ჩხეიძემ იმ შეხვედრას, რომელიც გუშინ  მოსკოვის სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ „ალექსანდრეს დარბაზში“ მოუწყო დიდ ხელოვანს  „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ პრეზიდენტმა, ბატონმა გოჩა ძასოხოვმა.

ეს შეხვედრა მართლაც ბევრი რამით იყო გამორჩეული. გაკეთდა ოთხი წლის ანალიზი,   რაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის,  ილია მეორის ლოცვა -კურთხევით დაფუძნდა „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“. მაშინ,  ქალაქ სოჭში, ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით შეკრებილ დარბაზში პირველი სიტყვა სწორედ ბატონმა რეზო ჩხეიძემ წარმოთქვა. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. განსაკუთრებული მსჯელობა შედგა „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ სამომავლო გეგმებთან და ყოველთა ქართველთა კონგრესთან დაკავშირებით, რომლის მოწვევის ინიციატივა ჯერ კიდევ 1994 წელს ეკუთვნოდა ბატონი რეზო ჩხეიძეს და ამჟამად უკვე მიმდინარეობს დიდი მუშაობა ახალი კონგრესის მოწვევისათვის.

საუბარი შეეხო ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და იმ ჩიხურ მდგომარეობას, რომელშიც ეს ურთიერთობები უკვე დიდი ხანია იმყოფება, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოდან მიუხედავად ზოგიერთი პოზიტიური მომენტისა, გვირაბის ბოლოს სინათლე მაინც არ ჩანს.

ამ და ბევრ სხვა საკითხზე იყო საუბარი, მაგრამ , როგორც გოჩა ძასოხოვმა წარმოთქვა  ბატონ რეზო ჩხეიძისადმი მიმართვაში: „ეს შეხვედრა გეძღვნებათ თქვენ, თქვენს შემოქმედებას, ხელოვნებას, პატრიოტულ განწყობასა და ზოგადსაკაცობრიო იდეალებს“ . მან  დიდ ხელოვანს  „ქართული სახელმწიფოს ბერმუხა“ უწოდა და მთელს საქართველოს მიულოცა იუნესკოს გადაწყვეტილება, იუნესკოს ეგიდით „ჯარისკაცის მამის“ შექმნიდან 50 წლისთავის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშვნის თაობაზე.

ბატონმა გოჩა ძასოხოვმა, რომელსაც ამ რამდენიმე ხნის წინ ფილა-ს (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია) სენატორთა კლუბის თავმჯდომარედ ყოფნის ვადა გაუხანგრძლივდა,  უდიდესი მადლობა გადაუხადა პირადად ბატონ რეზო ჩხეიძეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტისადმი, ჟაკ როგესადმი გაგზავნილი მიმართვის ტექსტზე ხელმოწერისათვის, მან აღნიშნა, რომ წერილობით პირადად გაუგზავნის მადლობას  მიმართვაზე  ხელმომწერ ცნობილ მოღვაწეებს:   ბატონ რეზო ამაშუკელ , ბატონ ჭაბუა ამირეჯიბ ,  ბატონ მერაბ ბერძენიშვილს, ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილს,  ბატონ ლევან თედიაშვილ , ბატონ  რომან რურუა ს , ბატონ ედუარდ შევარდნაძე , ბატონ დიმიტრი ჯაიანს,  ბატონ ჯემალ ჭკუასელ  .

 სწორედ საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც პირველი გამოესარჩლა სპორტის უძველეს სახეობას, ჭიდაობას  გაჭირვების ჟამს,  როცა გაჩნდა აზრი მისი ოლიმპიური თამაშებიდან ამოღების შესახებ. – განაცხადა ბატონმა ძასოხოვმა, –   ეს არც იყო გასაკვირი, ისეთი დიდი ტრადიციების მქონე ქვეყნისათვის, როგორც საქართველოა. მადლობა საქართველოს ამისათვის, და თუ რამდენიმე დღის წინ ჭიდაობამ დაიბრუნა თავისი პოზიცია, ეს სწორედ საქართველოს დიდი დამსახურებაცაა,  ერთ-ერთი პირველი დაგვიდგა გვერდში. პირველი გამარჯვება მოპოვებულია და ამ საკითხის საბოლოო განხილვა წელს მოხდება ბუენოს აირესში“

შეხვედრაზე  გოჩა ძასოხოვმა აღნიშნა, რომ იგი იმედით უყურებს ახალი ხელისუფლების საქმიანობას და ელოდება საქართველოში დაბრუნებას. „ მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა გამოსვლა ადვილი არ არის.  ადამიანურად მესმის იმ ხალხისა, რომლებსაც  მყისიერად სურთ სურს სამართლიანობის აღდგენა, რადგან  ერთ-ერთი მათგანი ვარ,  ვინც საკუთარი თვალით ნახა და  საკუთარ მხრებზე იწვნია თუ რა უბედურებას სჩადიოდა  სააკაშვილის  რეჟიმი. დღეს უკვე იმედიანად ვარ და ვდგავარ იმ ადამიანთა რიგებში, ვინც მომავლის საქართველოზე ფიქრობს. მომავლის საქართველო და მშვიდობიანი კავკასია ჩემთვის იდენტური მცნებებია. მშვიდობიანი კავკასიის გარეშე არ არსებობს დიდი მომავლის საქართველო, ისევე,  როგორც მშვიდობიანი კავკასია არ იარსებებს ძლიერი საქართველოს დიდი პოლიტიკის გარეშე.“ – განაცხადა საქართველოს ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტმა

ამ შეხვედრამ, რომელსაც ქართველებთან ერთად აზერბაიჯანის,სომხეთის და ჩრდილო კავკასიის ხალხთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სწორედ მშვიდობიან კავკასიასა და მომავლის საქართველოზე განწყობით ჩაიარა. შეთანხმდნენ, რომ სოჭის 2009 წლის 15 მაისის დიდ შეხვედრას გაგრძელება  მიეცემა და შესაძლებელია იგი საბერძნეთში ელინური კულტურის აკვანში , ოლიმპოს ქვეყანაში გაგრძელდეს.  მომდევნო წელს კი დიდი კონგრესით დაგვირგვინდეს საქართველოში.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ მთავარი ოფისი შვეიცარიიდან და მოსკოვიდან გადმოვიდეს საქართველოში, ხოლო შვეიცარიასა და მოსკოვში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში იქნება საქართველოს ხალხთა ასამბლეის წარმომადგენლობები და ფილიალები.

დღეს საქართველოში არის „ასამბლეის“ წარმომადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობს ღირსეული ქართველი, ბატონი ფერდინანდ ლორთქიფანიძე, ის მეტად სასარგებლო საქმიანობას ეწევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, როცა ცენტრალური წარმომადგენლობა გადმოვა საქართველოში, მას ბევრი ადამიანი შემოუერთდება, მათ შორის ისინიც იქნებიან, ვინც ესწრებოდა ქალაქ სოჭში „საქართველოს ხალხთა ასამბლეის“ დაფუძნებას.  დღეს მრავალი მათგანი ხელისუფლებასა და პარლამენტშია. დარწმუნებული ვარ ისინი აქტიურად ჩაერთვებიან ასამბლეის საქმიანობაში და  ცენტრალური ოფისის საქართველოში გადმოტანით „საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ კიდევ უფრო მეტად გადაიქცევა სახელმწიფოებრივი განწყობის ორგანიზაციად“ – განაცხადა გოჩა ძასოხოვმა.

შეხვედრაზე ითქვა, რომ მოზდოკის ბრძოლის 70 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, რომელსაც კავკასიისათვის  განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, შესაძლოა ფილმის  „ჯარისკაცის მამა“ ჩვენება მთელს ჩრდილოეთ კავკასიაში  მოეწყოს, ისევე, როგორც განსაკუთრებულად  გაესვა ხაზი  ამ ფილმის სოხუმში, ცხინვალსა და ვლადიკავკაზში ჩვენების აუცილებლობას.

შეხვედრაზე ითქვა  რომ  რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს  უწმიდესისა  და უნეტარესის    სააღდგომო ეპისტოლეში გაჟღერებულ ჭეშმარიტებას:  „ჩვენ ქართველები, აფხაზები და ოსები ძმები ვართ“,  ძმებს კი ერთმანეთის გარეშე დიდი მომავალი არ გვაქვს. სწორედ ძმობისა და ტრადიციული მეგობრობის ურთიერთობების აღდგენის  ოპტიმისტურ ნოტით წარიმართა მთელი შეხვედრა.

„ქართველებს აფხაზებს და ოსებს ერთმანეთის გარეშე მომავალი არ გვაქვს და დღეს ამას აცნობიერებს ყველა მოაზროვნე ადამიანი – როგორც   ქართველი, ასევე  აფხაზი ოსი.  ეს კი კარგი საფუძველია, რათა  სწორი პოლიტიკის პირობებში მოვლენები სასიკეთოდ  განვითარდეს. მშვიდობიანი კავკასია მსოფლიოსთვის დიდი სიმდიდრეა და ამ სიმდიდრეს პირველ რიგში ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ, არავის ფეხქვეშ არ გავეგოთ – ღირსებით უნდა ვიბრძოლოთ ღირსეული საქართველოსათვის!“

როგორც ბატონმა გოჩა ძასოხოვმა თქვა თავის სიტყვის დასასრულს:

„ძნელი იყო 2009 წელს, ჩემთვის იმის თქმა, რაც თითქმის მთელი მსოფლიო პრესის წარმომადგენლებს განვუცხადე, რის ხაზგასმაც საქართველოს ხალხთა ასამბლეის დამფუძნებელ სხდომაზე გავაკეთე სოჭში: გვაცადეთ ამერიკამ და რუსეთმა ქართევლებს, აფხაზებს და ოსებს, ჩვენ შევქმნით ისეთ სახელმწიფოს, რომლითაც იამაყებს ყოველი ქართველი, ყოველი აფხაზი, ყოველი ოსი და იამაყებს მთელი მსოფლიო!“

ბატონმა რეზო ჩხეიძემ ამაღელვებელი უწოდა ამ შეხვედრას, ხოლო ბატონ გოჩა ძასოხოვს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ვაჟკაცი კაცი უწოდა.

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ღირსეული კაცი უდგას სათავეში, მე მჯერა მისი, მჯერა საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის და ოდნავაც არ ვეჭვობ, რომ თქვენ მალე ღირსეულად დაბრუნდებით საქართველოში.“ , –  განაცხადა დიდმა ხელოვანმა.

ასე დამთავრდა ეს  ძალიან ლამაზი, მართლაც ძალიან ამაღელვებელი შეხვედრა, საინტერესო საუბრებით, დიდი გეგმებითა და მომავლის იმედით.

 

„საქართველოს ხალხთა ასამბლეის“

წარმომადგენლობა საქართველოში

13.06.2013

 

ფოტოგალერეა: “საქართველოს ხალხთა ასამბლეის” დაფუძნება (ქ.სოჭი 2009 წლის მაისი)

[wppa]cover=29[/wppa]
Facebook Comments
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *